Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტს სამეგრელოში კვლავ საპროტესტო აქციით დახვდნენ


მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში
მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში
ანაკლიაში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს დღეს ორი სხვადასხვა შინაარსის აქციით დახვდნენ. სახალხო მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ და ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ წევრები პრეზიდენტის ჩასვლას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ მას სამეგრელოში საიდუმლო სამალავების აღმოჩენის შემდეგ იქ ჩასვლის მორალური უფლება არ აქვს. თავის მხრივ, საპროტესტო აქცია დაგმო პრეზიდენტის მხარდამჭერთა ნაწილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ანაკლია 15 წუთში, ჟურნალისტებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გასაუბრების შემდეგ, დატოვა:

„აბა, გამოიცანით, ამ 100-ლარიან გულთმისანმა ნათელმხილველებმა საიდან გაიგეს ამ დილაუთენია, რომ ჩამოვდიოდი? ხომ გასაგებია, ვინ უთხრა და რა უთხრა. დაბრუნდა სამეგრელოში შევარდნაძის კადრები და ეპოქა. სამეგრელოში შევარდნაძის დროს იყო ასეთი დამოკიდებულება. მაშინ სამეგრელოს თავზე მოახვიეს ანთია და ბადრი ზარანდია. შემდეგ ზარანდია გარდაიცვალა. ახლა ცდილობენ, რომ სამეგრელოს თავზე დაასვან ეს ხალხი.... სამეგრელო არავის არ დაისვამს თავზე. მე ამის სათქმელად ჩამოვედი. აბა, თქვენ იცით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
რატომ უშლიან პრეზიდენტს ანაკლიაში ჩამოსვლას?! ერთი თვეც არ დარჩენია ამ კაცს და მიეცით უფლება მოესიყვარულოს თავის ნაშენებ ანაკლიას. მერე მიდის ეს კაცი...
ჟანა ცხადაია

პრეზიდენტის ჩამოსვლამდე ორი აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის განმუხტვაც საპატრულო პოლიციამ რამდენიმე წუთში შეძლო. მათი დაპირისპირების მიზეზი პრეზიდენტის ვიზიტი გახდა:

„რატომ უშლიან პრეზიდენტს ანაკლიაში ჩამოსვლას?! ერთი თვეც არ დარჩენია ამ კაცს და მიეცით უფლება მოესიყვარულოს თავის ნაშენებ ანაკლიას. მერე მიდის ეს კაცი“, - ამბობს ანაკლიის მკვიდრი ჟანა ცხადაია.

პრეზიდენტის და მისი მხარდამჭერების საპასუხოდ „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამეგრელოში ჩამოსვლას ყოველ ჯერზე ასე გააპროტესტებს:

„ის არის საქართველოს ეროვნული ინტერესების მოღალატე, ის არის ვადაგასული პრეზიდენტი. რაც მთავარია, მას მორალური უფლება არ აქვს ჩამოვიდეს სამეგრელოში, ის მამაკაცების გამაუპატიურებელი პრეზიდენტია“.

ანაკლიაში დღეს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ სამეგრელოში შევარდნაძის ეპოქა დაბრუნდა, არაერთგვაროვნად აფასებენ ზუგდიდის ქუჩებში რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული მოქალაქეები:

„საერთოდ, სააკაშვილს არ უნდა უსმინო, მისი სიტყვები ნორმალურ ფსიქიკაში არ ჯდება. სამეგრელოში შევარდნაძის ეპოქა არ დაბრუნებულა. პირიქით, აქ უკეთესობისკენ მიდის საქმეები“, - გვითხრა ზაზა სამუშიამ.
რას ნიშნავს შევარდნაძის დრო დაბრუნდაო, საერთოდ ვერ გავიგე რას გულისხმობს, ვერ ჩავწვდი. ვიღაცებს სხვადასხვა აზრი რომ აქვთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქალაქში არეულობაა. არაფერი არ ხდება, არანაირი არეულობა აქ არ არის...
მანანა შეროზია

მას ეთანხმება ზუგდიდის მკვიდრი გოგი გამსახურდია. მისი თქმით, „სამეგრელოში ძალიან კარგი ვითარებაა, ვემზადებით არჩევნებისათვის“.

განსხვავებულია რინოს შენგელიას აზრი: „ჩვენ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, პრეზიდენტის არ ვიცი, მაგრამ ყველას ველაპარაკები, ფრთხილად იყავით, არ დაგვიბრუნდეს ის დრო-მეთქი. ე.ი. ცალ-ცალკე ერთნაირად გვიფიქრია ჩვენ“.

ზუგდიდის მკვიდრმა მანანა შეროზიამ გვითხრა, რომ პრეზიდენტის დღევანდელი განცხადების აზრი საერთოდ ვერ გაიგო:

„რას ნიშნავს შევარდნაძის დრო დაბრუნდაო, საერთოდ ვერ გავიგე რას გულისხმობს, ვერ ჩავწვდი. ვიღაცებს სხვადასხვა აზრი რომ აქვთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქალაქში არეულობაა. არაფერი არ ხდება, არანაირი არეულობა აქ არ არის“.

რაც შეეხება პრეზიდენტის სამეგრელოში ჩამოსვლის წინააღმდეგ მიმართულ აქციებს, რესპონდენტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, როგორიც არ უნდა იყოს პრეზიდენტი და რა სახის განცხადებასაც არ უნდა აკეთებდეს, მას აქვს უფლება ჩავიდეს ნებისმიერ რეგიონში, მათ შორის, სამეგრელოში. მოქალაქეთა ნაწილი კი აცხადებს, რომ საპროტესტო აქციის გამართვის უფლება აქვს ყველას, თუმცა ის უნდა ჯდებოდეს ეთიკის ნორმებში.
XS
SM
MD
LG