Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოს შესახებ


მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესა საქართველოს შესახებ წერილების სიუხვით არ გამოირჩეოდა, თუმცა რამდენიმე საყურადღებო ტექსტი გამოქვეყნდა. გთავაზობთ მათ მოკლე მიმოხილვას.

დავიწყოთ მოკლე ცნობით, რომელიც 20 დეკემბერს დაიბეჭდა „ნიუ-იორკ ტაიმსში“, სახელმწოდებით „საქართველო: სტალინური განახლება“. ცნობაში ვკითხულობთ, რომ ხუთშაბათს გორის საქალაქო საკრებულომ კენჭი უყარა სტალინის ძეგლის აღდგენას და რომ ეს ნაბიჯი, იმავდროულად, წარმოადგენდა მწვავე კრიტიკას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით, რომელმაც სცადა საქართველო საბჭოთა სიმბოლიკისგან სრულიად გაეწმინდა. ცნობაში მოტანილია გორის საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის სიტყვები, რომ სტალინის ძეგლს იმ სახლის სიახლოვეს დადგამენ, სადაც ის დაიბადა და რომ ამ საქმისთვის 15 ათასი ამერიკული დოლარი გამოიყოფა.

18 დეკემბერს „ნეიშენალ ინტერესტში“ გამოქვეყნდა ფრანგი ჟურნალისტის რეჟი ჟენტის სტატია, სახელწოდებით „სამართალი და შურისძიება საქართველოში“. სტატია ასე იწყება: „ანალიტიკოსები ბოლო პერიოდში სვამენ შეკითხვას, საქართველოს ახალი მთავრობის მიერ ყოფილი პოლიტიკური მეტოქეების დაპატიმრების ტალღა სამართლიანობას ემსახურება თუ შურისძიებას. ვითარება ორივე ასპექტს ითავსებს. ამავე დროს, ეს შეკითხვა, სავარაუდოდ, არასწორია. მთავარი პრობლემა არ არის სააკაშვილის ყოფილი მინისტრების მიერ ჩადენილი უკანონობა, რომლის შეფასებაც მხოლოდ დამოუკიდებელ გამოძიებას შეუძლია. ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს დემოკრატიის კონსოლიდაცია და პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერების ამოცანა“, - წერს ჟურნალისტი და განაგრძობს: „გარდამავალი პერიოდის სამართლიანობის საკითხთან დაკავშირებით ბევრი ცდილობს, ისევე როგორც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, სააკაშვილი და მისი გუნდი უმწიკვლოდ წარმოაჩინოს. არადა, სააკაშვილის ამ უპირობო მომხრეებს ის აქამდე უნდა გაეკრიტიკებინათ და ბიძგი მიეცათ საიმისოდ, რომ ის მართლა დემოკრატივით მოქცეულიყო“. ჟენტი წერს, სააკაშვილის მომხრეები და ყოფილი მინისტრები ახლა მოითხოვენ სამართალს, ოპოზიციის დაცულობას და დაბალანსებულ მედიას, თუმცა მათი მოთხოვნები უფრო დამაჯერებლად გაიჟღერებდა, ბოლო 8 წლის განმავლობაშიც ამ ტერმინოლოგიით რომ ელაპარაკათო. „სააკაშვილი შექებას იმსახურებს ძალიან რთული - და ხშირად წარმატებული - რეფორმებისთვის, რომელიც მან რამდენიმე სფეროში წამოიწყო. ყოველდღიური ცხოვრებიდან გაქრა კორუფცია. მოსამართლეები და პოლიცია ქრთამს აღარ იღებენ. მნიშვნელოვნად შემცირდა კრიმინალი. მოდერნიზაცია განიცადა საჯარო მომსახურებამ. თუმცა არის მეორე მხარეც, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებამდე გავრცელებულ ვიდეოებში აისახა“. ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ამ ვიდეოებით პირველად ნახეს რა მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები. სკანდალმა, რომელიც შემთხვევით არ დაემთხვა არჩევნების წინა პერიოდს, სავარაუდოდ, განაპირობა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი „ქართული ოცნების“ გამარჯვებაო, ვკითხულობთ წერილში.

ჟენტის შეფასებით, სააკაშვილმა ორ სფეროში დაუშვა შეცდომა. „პირველი - მას სწამდა, რომ სახელმწიფოს მშენებლობა უნდა დაეყენებინა დემოკრატიზაციაზე წინ. მისი აზრით, კრიმინალთან ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანი იყო, - თუნდაც უხეში მეთოდებით, - ვიდრე კანონის უზენაესობის ძლიერი სისტემის დამყარება. მეორე - მას და მის გუნდს ლიბერალური რევოლუციის მოხდენისას არ უარუყვიათ არალიბერალური საბჭოთა მემკვიდრეობა. კრიტიკულ ხმებს ისინი „ვარდების რევოლუციის“ მტრებს ან პრორუსულ ძალებს უწოდებდნენ. ამაში სიმართლის გარკვეული წილი რომც ყოფილიყო, ფაქტია, რომ მათ ვერ შეძლეს ქვეყანაში ჭეშმარიტად ლიბერალური ატმოსფეროს დამყარება“. შემდეგ ჟურნალისტი აღწერს საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებს, მოაქვს იუსტიციის ახალი მინისტრის, თეა წულუკიანის სიტყვები, რომ გამინისტრების შემდეგ 5 000-ზე მეტი საჩივარი აქვს მიღებული მოქალაქეებისგან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ წინა მთავრობამ მათი უფლებები თუ ინტერესები შელახა, ასევე მისი განცხადება, რომ საფრანგეთიდან საქართველოში ერთ-ერთი მთავარი მიზნის, „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების, მისაღწევად დაბრუნდა. წერილი ასე მთავრდება: „ყველაზე დიდი შეცდომა უკრაინის სცენარის გამეორება იქნება, უკრაინის, სადაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა თავისი ყველაზე ძლიერი ოპონენტი - იულია ტიმოშენკო - დააპატიმრა. უმწიკვლო არც ის არის, მაგრამ იანუკოვიჩის პოლიტიკური მოტივაცია იმდენად აშკარა იყო, რომ ამან კიევის იზოლაცია გამოიწვია, განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან. საქართველოს ახალი მთავრობის ყველა ნაბიჯი პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერებისკენ უნდა იყოს მიმართული. ნამდვილი ოპოზიციის გარეშე დემოკრატია არ იარსებებს. ლამის პირველად ხდება, რომ ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ჰყავს ძლიერი ოპოზიცია, მკაფიო (პროდასავლური და ეკონომიკაში ლიბერალური) იდეოლოგიით, ძალიან გამოცდილი ხალხი, ტელევიზიებში ძლიერი წარმომადგენლობით და გარკვეული თანხებით. ამის ჩაკვლა იმ ისტორიული შანსის ჩაკვლის ტოლფასი იქნება, რომელმაც საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია უნდა მოიტანოს“.

21 დეკემბერს „ეკონომისტმა“ გამოაქვეყნა წერილი, სახელწოდებით „საქართველოს დემოკრატიის მზარდი სატკივრები“. სტატია ძირითადად საქართველოში პოლიტიკური კოჰაბიტაციის პერსპექტივას თუ სირთულეებს ეძღვნება. „’ქართულ ოცნებასა’ და ‘ნაციონალურ მოძრაობას’ შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმედებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა 19 დეკემბერს ორი შემთხვევის გამო. პირველი იყო კორუფციის ბრალდებით ექვსი პირის დაპატიმრება - მათ შორის, ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის და ნიკა გვარამიასი, რომელიც ახლახან დაინიშნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელად. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამას საქართველოს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მცდელობა უწოდა; ახალმა მთავრობამ კი საპასუხოდ განაცხადა, რომ გამოძიება მანამდე დაიწყო, სანამ ნიკა გვარამია ახალ ადგილას დაინიშნებოდა. მეორე შემთხვევა კი აგრესიული დემონსტრაცია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ოფისის წინ მაშინ, როცა იქ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდა. პოლიციამ ხალხის გაკონტროლება ვერ შეძლო. ამ მოვლენების გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ექვსი კვირის მანძილზე უკვე მეორედ დატოვა პარლამენტი“. ცოტა ქვემოთ ვკითხულობთ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება საქართველოს მოქალაქეებს არ უკვირთ - ივანიშვილი ამის შესახებ დაპირებებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს იძლეოდა. „ამასთან, ეს შედარებით იოლი ნაბიჯია. კანონდარღვევაში დადანაშაულებული პირების დაპატიმრება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე საქართველოს იმ ღრმა სოციო-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, რომელთა გამოც მისცა ბევრმა მოქალაქემ ხმა ‘ქართულ ოცნებას’“, - წერს ავტორი და დასძენს: „თუმცა ეს დაპატიმრებები უცხოეთში ნეგატიურად იქნა აღქმული. უცხოელმა პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა და ექსპერტებმა დაიწყეს გამოსვლა განცხადებებით, რომლებიც ვითარების ნიუანსების გათვალისწინების და სამართლიანად წარმოჩენის სხვადასხვა ხარისხს შეიცავდა. მთავრობა ამას გარკვეული ფორმით გამოეხმაურა - განაცხადა, რომ სამართლიან სასამართლო პროცესებს ჩაატარებდა, და სწრაფად შეიმუშავა რეფორმების პროექტები, რომლებიც მოსამართლეების დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემსახურება. შემცირდა დაპატიმრებების სიხშირეც“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრს ესმის, რომ მომავალშიც ამ სტანდარტებს უნდა დაემორჩილოს, თუმცა ეს ყველაზე არ ითქმის. „ეს მესიჯი ფართოდ უნდა გავრცელდეს. იგივე ითქმის იმის უფრო ღრმად წვდომაზე, თუ რას წარმოადგენს კანონის უზენაესობა. მაგალითად, როცა 30 ნოემბერს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ვაშინგტონში განაცხადა, დაკავებული პირები „კრიმინალები და დამნაშავეები არიანო“, მან უდანაშაულობის პრეზუმფციის ფუნდამენტურ პრინციპს გამოუთხარა ძირი“.

შემდეგ სტატიაში ნახსენებია ქვეყნის დასავლეთში, ადგილობრივ თვითმმართველობებში, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებზე ზეწოლა და აღნიშნულია, რომ ივანიშვილი ამის წინააღმდეგ განცხადებით არ გამოდის. წერილში ასევე ლაპარაკია უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე და გურიაში რელიგიურ ნიადაგზე ახლახან წარმოქმნილ კონფლიქტზე.

ავტორები წერენ, რომ მიმდინარე სირთულეებში ბრალი „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მიუძღვის - ბატონ სააკაშვილს ბრალდება უცხოეთში ახალი მთავრობის დისკრედიტაციის მცდელობა, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით დაძაბულობის გაღრმავება. ორივე მხარემ უკეთესად უნდა იმოქმედოსო, წერენ ავტორები.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG