საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში, გორში შეხვედრები გამართა. გორის უნივერსიტეტში მას სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ. დარბაზში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩანდნენ. პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების დაპირისპირების შესახებ კითხვა დარბაზიდანაც დაისვა. საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს დემოკრატიული კონსტიტუციური პროცესია და აქედან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ.
ძირითადი კითხვები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს ეხებოდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ ის დეცენტრალიზაციისა და ძლიერი თვითმმართველობის მომხრეა და ქვეყნის განვითარების მთავარ მიმართულებად ამას მიიჩნევს. მისი აზრით, მეტი არჩევითი თანამდებობა ნიშნავს მეტ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას ამომრჩევლის მიმართ.
საქართველოს პრეზიდენტმა გორიდან მოუწოდა პარლამენტის წევრებს იარონ რეგიონებში და მოისმინონ მოქალაქეების მოსაზრებები პრეზიდენტის არჩევითობასთან დაკავშირებით. მისი აზრით, საქართველოს მცხოვრებლებს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება არ უნდა წაერთვათ.
კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ საინტერესო იდეები წამოვიდა ახალგაზრდებიდან. ერთ-ერთი სტუდენტის აზრით, მაღალი ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ძალები ყოველთვის ცდილობდნენ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას. მისი აზრით, აუცილებელია პარლამენტში არა მარტო დეპუტატების უმრავლესობა, არამედ ფრაქციებისა და პარტიების დიდი ნაწილი წყვეტდეს საკონსტიტუციო საკითხებს.
დარბაზში სახელდახელო კენჭისყრაც ჩატარდა იმის გასარკვევად, სურს თუ არა საზოგადოებას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. უმრავლესობამ ხელის აწევით დადებითი პასუხი დააფიქსირა. გარდა ამისა, გორში ამ საკითხზე ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.
პრეზიდენტს გორში საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე წარმომადგენელი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებიც ახლდნენ. მათ ბოლო შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარომადგენლებთან გამართეს. „ქართული ოცნების" წევრები არც აქ გამოჩენილან.