Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარე: პრეზიდენტი „ღრმა უპატივცემულობას“ ავლენს


გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი კობახიძე. 2016 წლის 18 ნოემბერი
გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი კობახიძე. 2016 წლის 18 ნოემბერი

პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის გამწვავდა ბოლო ხანებში გამოვლენილი დაპირისპირება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხს უკავშირდება. ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩარევასა და „ღრმა უპატივცემულობაში“ დასდო ბრალი. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 9 მარტს გამოქვეყნებული განცხადების შინაარსი მორიგ მუქარად აღიქვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. აქვს თუ არა უფლება საქართველოს პრეზიდენტს უზრუნველყოს საკონსტიტუციო ცვლილებების ფართოდ განხილვის კამპანია, ვინ იზიარებს პრეზიდენტის პოზიციას და რა სუბიექტური ფაქტორები იკვეთება მიმდინარე პროცესებში?

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 34 წევრი, რომლებიც კომისიაში საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენენ, 10 მარტს პლენარულ სხდომაში უნდა მონაწილეობდნენ და არა პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კამპანიის დაწყებას უკავშირდება. პარასკევს ამ კამპანიის პრეზენტაციაზე მიწვეულია საზოგადოების ფართო სპექტრი: კონსტიტუციონალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წევრები, პოლიტიკოსები თუ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 9 მარტს გამოქვეყნებულ სამპუნქტიან წერილობით განცხადებაში, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ პლენარული სხდომის დროს დეპუტატების თავისთან დაპატიჟებით გიორგი მარგველაშვილმა „გამოავლინა ღრმა უპატივცემულობა საქართველოს პარლამენტის მიმართ“.

თარიღის არასწორად შერჩევის გარდა, ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს ბრალს სდებს ასევე პარლამენტის უფლებამოსილების მითვისებაშიც და განმარტავს, რომ, „კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა“. სამპუნქტიანი წერილობითი განცხადების მესამე პუნქტი სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის ხელის შეშლის ბრალდებას უკავშირდება:

რაც შეეხება საკითხს, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტისადმი აქამდე არსებული მუქარების დანამატს, კერძოდ, დაემატა მუქარა-აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს პრეზიდენტი საკუთარ ხალხს, რომლის გარანტიც თავად პრეზიდენტია. ეს საკითხი, უბრალოდ, არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს...
გიორგი აბაშიშვილი

„როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე რაციონალური ლოგიკის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე 2 თვით ადრე პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის განცხადება მოკლებულია რაციონალურ საფუძველს და მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნას შეიძლება ისახავდეს მიზნად“.

კონსტიტუცია ყველას კუთვნილებაა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვა ექსკლუზიურ უფლებას არ წარმოადგენს და რაც უფრო მეტი ფორმატი მოემსახურება ამ პროცესს, მით უკეთესი იქნება - ამ პოზიციით გამოეხმაურა მესამე სექტორი პარლამენტის თავმჯდომარის 9 მარტის წერილობით განცხადებას, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, თავის მოკლე კომენტარით გვამცნო, რომ პარლამენტის სპიკერის წერილის შინაარსი მორიგ მუქარად იქნა აღქმული:

„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ უზრუნველვყოფდით ძალიან ფართოდ დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკითხს, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტისადმი აქამდე არსებული მუქარების დანამატს, კერძოდ, დაემატა მუქარა-აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს პრეზიდენტი საკუთარ ხალხს, რომლის გარანტიც თავად პრეზიდენტია. ეს საკითხი, უბრალოდ, არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“.

მწვავე დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის, რამაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი, ძირითადად პრეზიდენტის არჩევის წესს უკავშირდება. მარტის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ, გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აშორების მიზნით და გიორგი მარგველაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, ისევ პირდაპირი წესით ჩატარდება, ხოლო შემდეგ უკვე, საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. 3 მარტს მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილება გამოხატა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა. მისი სიტყვებით: „ნათლად დაფიქსირდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში საქმე გვაქვს არა კონსტიტუციის შინაარსობრივ და სიღრმისეულ გადახედვასთან, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე“. არ დააყოვნა ირაკლი კობახიძის საპასუხო განცხადებამაც - 4 მარტს მან თქვა, რომ თუკი არ შეწყდება არაკორექტული განცხადებები პრეზიდენტის მხრიდან, საკონსტიტუციო კომისია არანაირ კომპრომისზე არ წავა და პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს 2018 წელსვე.

„ქართული ოცნების“ ლიდერებსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის წინა წლების დაპირისპირების გათვალისწინებით და ასევე ბოლო პერიოდის მოვლენების მიხედვით, ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე რადიო თავისუფლებასთან სუბიექტური ფაქტორების არსებობაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ სურათი არასახარბიელოდ გამოიყურება:

„ორივე მხრიდან გვაქვს როგორც სახელმწიფო ინტერესებით აპელირების მცდელობა, ასევე აშკარად იკვეთება სუბიექტური ფაქტორიც ორივე მხრიდან. არ ვემხრობოდი იმას, რომ პრეზიდენტმა, თავის დროზე, უარი განაცხადა ამ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობაზე და როცა მე სუბიექტურ ფაქტორზე ვსაუბრობ, სწორედ ამას ვუსვამ ხაზს, რომ, მაგალითად, ამაში გამოჩნდა მისი სუბიექტური განაწყენება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან კი ამ სუბიექტურ ფაქტორს ერთი გვარი და სახელი აქვს - გიორგი მარგველაშვილი“.

ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

სუბიექტურ ფაქტორებს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრზე, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეზე, როცა მან გადაწყვიტა მიიღოს მოწვევა და დაესწროს 10 მარტს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას. როგორც კონსტიტუციონალისტი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ეს მას თავის მოვალეობადაც კი მიაჩნია:

„ვფიქრობ, რომ, როგორც კომისიის წევრი, უნდა ვიყო მზად საკითხების განხილვისთვის ნებისმიერ ფორმატში. მნიშვნელობა არა აქვს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ფორმატი იქნება ეს თუ რომელიმე რიგითი ადამიანის ან ორგანიზაციის... უპრიანია, რომ სწორედ ახალი კონსტიტუციის პროექტის შექმნამდე შევხვდეთ დაინტერესებულ პირებს და წინასწარ განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები“.

საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, თავად ვახუშტი მენაბდე მხარს უჭერს პრეზიდენტის არჩევის პირდაპირ წესს, თუმცა რადგანაც საკონსტიტუციო კომისიის წევრთა უმრავლესობა პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის მომხრეა, ვახუშტი მენაბდე თვლის, რომ ღია კარის მტვრევას აზრი არა აქვს და ირიბი წესით არჩევის შემთხვევაშიც შეიძლება მოხერხდეს ისეთ რაციონალურ გადაწყვეტილებამდე მისვლა, რომელიც უზრუნველყოფს ძალთა მისაღებ ბალანსს. „ამ მიმართულებით ჯერ ისევ გვმართებს მუშაობა“, აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

ხათუნა ლაგაზიძის აზრით, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუკი საკონსტიტუციო კომისია შეძლებს იმგვარ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რომელიც მრავალპარტიული პარლამენტის შექმნის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. თუმცა ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება, რომ მოქმედი კომისია ამას შეძლებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG