„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგებს, რომლის ძალითაც მოსამართლეობის 50 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით უვადო გამწესებაზე უარი მხოლოდ 6 მოსამართლეს ეთქვა.
თავის განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა კონკრეტულად გამოყო სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლე, მანუჩარ კაპანაძე, და მისი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებით გამოწვეული უკმაყოფილება გამოხატა. პრემიერ-მინისტრის პასუხად, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორში აღნიშნავენ, რომ არაერთია უვადოდ დანიშნული იმ მოსამართლეების რაოდენობა, რომელთა რეპუტაცია და პროფესიული კეთილსინდისიერებაც ეჭვს იწვევს.
სამოქალაქო სექტორის მიერ დაგვიანებით შეფასებულ განცხადებაში კი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საზოგადოების აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და აუცილებელი და მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს დასაბუთებული, საჯარო პასუხი გაეცეს. განცხადებაში გიორგი კვირიკაშვილი, იმავდროულად, იმასაც შენიშნავს, რომ ინსტიტუციური გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში ვერ იქნება საჯარო აღქმებთან, თუმცა არსებობს ღირებულებებთან დაკავშირებული განსაკუთრებული შემთხვევები. თავის მხრივ, სამართლიანობის აღდგენისათვის ბრძოლის მნიშვნელობასა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებაზე ლაპარაკობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე. კიდევ უფრო კონკრეტულია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. იგი ამბობს, რომ კითხვები ჩნდება მაშინ, როცა იუსტიციის საბჭო უვადო მოსამართლეებად ირჩევს იმ საქმეების მოსამართლეებს, რომლებიც პარლამენტის მიერ შეფასებული იყო როგორც პოლიტიკურად მოტივირებული:
“კითხვები გუნდის შიგნითაც არის და ეს კითხვები გაჩნდა განსაკუთრებით ისეთ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეებს, რომელზედაც მათ შორის პარლამენტმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საქმეები იყო პოლიტიკური ნიშნით გამოტანილი გადაწყვეტილებები. ასეთ დროს, ბუნებრივია, უფრო მაღალი სტანდარტი არსებობს და უფრო მაღალი ინტერესი არსებობს“.
საბჭოს გადაწყვეტილებები, საქმიანობა, თუნდაც ის სხდომები როგორ მიმდინარეობს, იწვევს ბევრ ეჭვს და ბადებს კითხვებს საზოგადოებაში...ნაზი ჯანეზაშვილი
ეკა ბესელია განმარტავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია, თუმცა, ამავდროულად, ანგარიშვალდებულია საზოგადოების მიმართ. საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებასა და იუსტიციის საბჭოში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციური სპექტრისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მმართველ პარტიაზეც ანაწილებენ. მათი კრიტიკა და პრეტენზიები ხელისუფლების მისამართით ძირითადად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანური მმართველობის სისტემის შენარჩუნებასა და სასამართლო რეფორმის არასათანადოდ წარმართვას შეეხება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი, ეკა ციმაკურიძე, ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პირადად აკვირდებოდა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესებს:
“წლებია უკვე, ჩვენ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, რომელიც არის პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე, ვეუბნებით როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არის არაერთი რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა გასწორდეს მოქალაქეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი ისე, რომ ის იყოს ობიექტური და არა ისეთი, როგორიც ახლა არის: აბსოლუტურად სუბიექტურ შეხედულებებზე დაფუძნებით, საბჭოს წევრთა ერთი ჯგუფი, უმრავლესობა, ყოველგვარი კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე, სუბიექტური შეხედულებებით, ირჩევს მოსამართლეებს თანამდებობაზე, ამჯერად უვადოდ“.
პრემიერ-მინისტრი საკუთარი განცხადებებით, უბრალოდ, ცდილობს, რომ ჩვენ შეგვიქმნას განცდა, თითქოს ქვეყანაში რეალურად არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება...სალომე სამადაშვილი
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრი, ეკა ციმაკურიძე, იმედოვნებს, რომ პრემიერის განცხადებას რეფორმების კონკრეტული მიმართულებით დაჩქარება მოჰყვება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კი, სალომე სამადაშვილი, პრემიერის განცხადებას საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრად მიიჩნევს:
“თითქოს ხელისუფლება არ მონაწილეობს იმ პროცესში, რომლის შედეგადაც ჩვენს სასამართლო სისტემაში რჩებიან ის მოსამართლეები, რომლებთან დაკავშირებითაც საზოგადოებას აქვს ყველაზე მეტი შეკითხვა და რომელთა მიმართ ნდობა საზოგადოებაში სწორედაც რომ არ არსებობს, იმიტომ რომ ესენი არიან მარტივად მართული მოსამართლეები, მათი დატოვება შესაბამის სისტემაში შედის ხელისუფლების ინტერესებში და პრემიერ-მინისტრი საკუთარი განცხადებებით, უბრალოდ, ცდილობს, რომ ჩვენ შეგვიქმნას განცდა, თითქოს ქვეყანაში რეალურად არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება“.
თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესში არსებულ სერიოზულ ხარვეზებზე აკეთებს კიდევ ერთხელ აქცენტს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი:
“საბჭოს გადაწყვეტილებები, საქმიანობა, თუნდაც ის სხდომები როგორ მიმდინარეობს, იწვევს ბევრ ეჭვს და ბადებს კითხვებს საზოგადოებაში. თუმცა მხოლოდ რეგულაციები ამას ვერ უშველის და აუცილებელია, რომ თვითონ იმ წევრებმა, რომლებიც საბჭოში არიან, გააცნობიერონ საკითხის მნიშვნელობა და სიმწვავე, რომ ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილებები, კეთილსინდისიერად და არა სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე“.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ ამ განცხადების შემდეგ მაინც უნდა მიხვდეს იუსტიციის საბჭოს წარმმართველი გავლენიანი ჯგუფი, რომ სამუშაო პრაქტიკა შესაცვლელია.