Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოქალაქეები სოფლის საგაზაფხულო პროგრამის დროულად ამოქმედებას ითხოვენ


სამეგრელოს სოფლებში მოსახლეობა გასულ წელს განხორციელებული, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობისთვის გათვლილი სახელმწიფო პროგრამის კვლავ ამოქმედების მოლოდინში არიან. მოქალაქეების თქმით, შარშან პროგრამას გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, მაგრამ გლეხისთვის, რომლის ძირითადი შემოსავალი მოსავლიდან შემოსული თანხაა, ის მაინც მეტად წამახალისებელია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოირემეში მცხოვრები ნანი აკობია ამბობს, რომ პროგრამის კვლავ ამოქმედებამდე შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაითვალისწინონ საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარების ვადები, რათა მიწის დამუშავება ამჯერადაც არ დაგვიანდეს:

„წელს მოსავალი გვიან ავიღეთ, სიმინდი სულ სველი იყო. მარტში უნდა იყოს ხვნა და აპრილში უნდა დაითესოს, ესაა კარგი“.

56 წლის ქალბატონის განმარტებით, მიუხედავად მის მიერ დასახელებული პრობლემისა, გლეხების დიდი ნაწილი სახელმწიფოსგან ხელშეწყობას მაინც დიდი იმედით ელოდება, რადგან ხშირ შემთხვევაში გლეხი უსახსრობის გამო მიწის სრულად დამუშავებას ვერ ახერხებს.

ნანი აკობიას მსგავსად ფიქრობენ სოფელ განმუხურში მცხოვრები რადიო თავისუფლების რესპონდენტები.

„გლეხებს იმის საშუალება არ აქვთ, მიწა რომ მოხნან და დათესონ. მეტი რომ იყოს დახმარება, კარგია, მაგრამ ვიცით, რომ მეტის შესაძლებლობა არ არის. კარგი იყო შარშან“, - ამბობს მირანდა კილასონია.

მისი თანასოფლელი გული აბშილავა მიიჩნევს, რომ „პირველ რიგში სალიარი უნდა დარიგდეს, რათა დროულად მოხდეს ხვნა და დათესვა, თორემ სასუქის გამოყენება უფრო გვიანაც შეიძლება“.

62 წლის ჟუჟუნა მიქავა წელს უფრო მეტს ელოდება სახელმწიფო პროგრამისგან:

„უფრო მეტი უნდა იყოს, უკეთესია, რადგან სამუშაო არ არის და ხალხს უჭირს ცხოვრება“.

მიწის დამუშავების დაგვიანებასთან ერთად, მოქალაქეთა ნაწილს პროგრამის განხორციელებისას სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა. სოფლის მცხოვრებთა ნაწილი შარშან უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ პროგრამაში არ იყო ჩართული და, შესაბამისად, სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სიებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გასულ წელს მართლაც არსებობდა და ეს მხოლოდ მოსახლეობის პროგრამისადმი უნდობლობამ გამოიწვია. გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მოქალაქეების ნაწილმა თავად არ ისურვა პროგრამაში ჩართვა, არ მიაკითხა საჭირო დოკუმენტაციით სოფლის გამგეობას და, შესაბამისად, ის ვერ ისარგებლებდა პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით. გიორგი თოდუა ასევე განმარტავს, რომ, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა ბევრად მეტია. გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ასევე გვიხნის იმ სიახლეებს, რაც წელს შევიდა პროგრამაში:

„შარშან, ვისაც ხუთამდე ჰექტარი მიწის ნაკვეთი სარგებლობაში ჰქონდა, შეეძლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ წელს ეს დახმარება გაიცემა 1, 25 მიწის ნაკვეთის მფლობელზე“.

რაც შეეხება მოქალაქეთა შენიშვნას შარშან დაგვიანებულ საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით, გიორგი თოდუამ გვითხრა:

„არ დავეთანხმები. შარშან იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა. ჩვენი ორგანიზებით მოხდა მიწების დამუშავება, ხვნა და მერე უკვე სხვადასხვა მინერალების, სასუქის და ა.შ. შეძენა. რაც მთავარია, წელს მოსავალი იყო უხვი“.

გამგეობაში აცხადებენ, რომ, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიწის მესაკუთრეთა ძირითადი სია უკვე გაგზავნილია სამინისტროში, უშუალოდ მიწის დამუშავება კი მარტის ბოლოს დაიწყება. გასული წლის მსგავსად, გლეხებს წელს კვლავ დაურიგდებათ ნომინალური ბარათები, რომლითაც შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა და მინერალები მიიღონ.
XS
SM
MD
LG