11 საათისათვის დანიშნული საარჩევნო ყრილობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჯერაც არ დაწყებულა. 35-მა დელეგატმა ხმათა უბრალო უმრავლესობით უნდა გადაწყვიტოს, ვინ უხელმძღვანელებს ქართულ ფეხბურთს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი თუ მამუკა კვარაცხელია, თუმცა დელეგატების ნაწილმა პროტესტის ნიშნად არ გაიარა რეგისტრაცია და ამის გამო ვერ მოხერხდა ყრილობის დროულად გახსნა. პროტესტი კი უკავშირდება არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ყრილობის დელეგატის გეგა გობეჯიშვილის დაკავებას, ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით. გობეჯიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დღის მეორე ნახევარში, სულ რაღაც ორი საათის წინ, 500-ლარიანი ჯარიმით გაათავისუფლა.
11 საათისათვის სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, სადაც ფეხზბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა დაწყებულიყო, ყველა დელეგატი მივიდა, ერთის გარდა: ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგის ხელმძღვანელი გეგა გობეჯიშვილი, რომელიც რევაზ არველაძეს უჭერს მხარს, პოლიციამ მის სახლთან დააკავა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას გულისხმობს. პრეზიდენტობის კანდიდატის რევაზ არველაძის ძმამ და საფეხბურთო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტმა არჩილ არველაძემ შეკითხვას, თუ რას უკავშირებს გობეჯიშვილის დაკავებას არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათი ადრე, ასე უპასუხა:
„სირიის ომთან ექნება აუცილებლად კავშირი, სხვას რას უნდა უკავშირდებოდეს“.
ყრილობის გასახსნელად დელეგატთა ნახევარზე მეტს, ანუ 18 დელეგატს, უნდა გაევლო რეგისტრაცია. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს შენობაში დელეგატთა აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა, არჩევნების დაწყება მაინც ვერ მოხერხდა, რის მიზეზადაც ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარემ ვაჟა ჟვანიამ გობეჯიშვილის პატიმრობა დაასახელა:
„პირველად ჩემ სიცოცხლეში, 55 წლის კაცი ვარ, ასეთი ვითარება არ გამიგია. იყო სახელმწიფოს ზეწოლა, სხვა რაღაცები... ნამდვილად იყო, მაგრამ ასეთი რამ არ ყოფილა. მესმის მე რეზი არველაძის, რომელიც ფიქრობს, რომ მის გამოა ეს კაცი დაკავებული და ამის გამო ნერვიულობს. პირველ რიგში, ეს ადამიანი (გეგა გობეჯიშვილი) გამოუშვან, აქ უნდა მოვიდეს და მერე ჩატარდეს არჩევნები“.
ვაჟა ჟვანიას მსგავსად, დაკავებული დელეგატის გათავისუფლება დაასახელა რეგისტრაციის გავლის აუცილებელ პირობად პრეზიდენტობის კანდიდატმა რევაზ არველაძემაც:
„გთხოვთ ყველას, რომ გამოუშვით ეს ადამიანი. გადაწვიტოს სასამართლომ, შეიძლება მისი ადამინისტრაციული სასჯელით გამოშვება თუ არა. პირადად მე მოვუწოდებ აქ მყოფ დელეგატებს, რომ შევიდნენ დარბაზში, გაიარონ რეგისტრაცია და ჩატარდეს არჩევნები. ჩემი სახელით მინდა განვაცხადო, რომ კენჭისყრის დასრულების შემდეგ არჩევნების ნებისმიერ შედეგს მივიღებ და ვცნობ“.
პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატების რევაზ არველაძისა და ლევან კობიაშვილის მხარდამჭერ დელეგატებთან მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდა უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი, თუმცა მხარეები ბოლომდე შეუვალნი დარჩნენ. დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 16 საათისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი 500 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც გობეჯიშვილის ადვოკატმა გოგა ოქროპირიძემ განაცხადა, პოლიცია არაორდინარულად მოიქცა, როცა აღნიშნულ დანაშაულზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი იზოლატორში გადაიყვანა:
„როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ხდება დაკავება, თვითონ პოლიციელებსაც კი არ ახსოვთ თავიანთი პრაქტიკიდან ასეთი რამ, რადგანაც ამ დროს ხდება ნიმუშის აღება და, როგორც წესი, შემდეგ ხელწერილით გაშვება პოტენციური სამართალდამრღვევისა, რომელიც მიდის სასამართლოში“.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ განცხადება გააკეთა თავად გეგა გობეჯიშვილმა:
„არანაირი ნარკოტიკი. ერთი კვირა ვიჯექი სახლში და არსად არ გავსულვარ, რაც ყველამ იცის, ყველა ჩემმა მეგობარმა. არც იმას ვმალავ, რომ რეზის ვუჭერ მხარს ისევე, როგორც ვუჭერდი ადრე“.
თუმცა, უეფას დელეგაციის რეკომენდაციითა და ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, გეგა გობეჯიშვილი აღარ მიიღებს ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას. მას, სავარაუდოდ, შეცვლის ქომაგთა ლიგის დამფუძნებელი ზურაბ პეტრიაშვილი. საარჩევნო ყრილობის ჩასატარებლად, სულ ცოტა, 18 დელეგატის მონაწილეობაა აუცილებელი, ისევე როგორც პირველ ტურში გამარჯვებისათვის საჭიროა დელეგატთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის, ანუ 18 დელეგატის, მხარდაჭერა. ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი იმედოვნებს, რომ არჩევნები კი არ გახლეჩს ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ქართულ ფეხბურთს, არამედ, პირიქით, გააძლიერებს:
„კარგის მოლოდინი მაქვს, რადგანაც ორი ისეთი პიროვნება იბრძვის პრეზიდენტობისთვის, რომლებსაც დიდი ფეხბურთი აქვთ ნათამაშები, კარგად ესმით ფეხბურთი და ეკუთვნით ეს ადგილები, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს ორი ძალა გაერთიანდეს და ქართულ ფეხბურთს ამით ეშველოს“.
რევაზ ძოძუაშვილმა ორ ძალაში იგულისხმა რევაზ არველაძისა და ლევან კობიაშვილის გუნდები. უნდა ითქვას, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების მიმართ გულგრილი არც საქართველოს მთავრობაა. სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, სადაც არჩევნები უნდა გაიმართოს, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და სპორტის ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თუმცა ყრილობისა და არჩევნების დაწყება ჯერჯერობით ვერ ხერხდება: დელეგატების უმეტეს ნაწილს კვლავ არ გაუვლია რეგისტრაცია.