Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმში


საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ოქტომბრიდან, საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, მუშაობას შეაჩერებს და წინასაარჩევნო რეჟიმში გადავა. ამის უფლებას მას კონსტიტუცია აძლევს, გადაწყვეტილებას კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უახლოესი ბიუროს სხდომაზე, 16 სექტემბერს, გამოაცხადებს. საპრეზიდენტო არჩევნების წინა ერთი თვის უქმედ გამოცხადების შემთხვევაში, სექტემბერი საკანონმდებლო საქმიანობით განსაკუთრებულად დატვირთული იქნება - ძირითად საკითხთა შორისაა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის განხილვაც მომავალი კვირიდან დაიწყება. რა სისრულით მოხერხდება საკონსტიტუციო ცვლილებების საპრეზიდენტო არჩევნებამდე განხილვა და რა მასშტაბის აქტიურობის უფლება აქვთ წინასაარჩევნო კამპანიაში დეპუტატებს?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 13 სექტემბერს, ღამით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პირადად მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნა, რომ განხილულ საკითხებზე 16 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრებენ. ბიუროს სხდომაზე განისაზღვრება სხდომის დღის წესრიგი და განსახილველი კანონები. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის თანახმად, სწორედ ამ კანონპროექტთა კანონად ქცევისთვის საჭირო დროზეა დამოკიდებული ის, გამოიყენებს თუ არა პარლამენტი საკონსტიტუციო უფლებას, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეწყვიტოს მუშაობა:

“ერთი მხრივ, არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც უნდა მიიღოს პარლამენტმა -ორ ცვლილებაზეა საუბარი. ერთია პრემიერის უფლებამოსილების შეზღუდვა და მეორეა კონსტიტუციის გადასინჯვის კვორუმი.სამ-სამი მოსმენით ერთ კვირაში ვერ დავამთავრებთ - მოსწრებადიც რომ იყოს, გვიკრძალავს ამას რეგლამენტი, ამიტომ აუცილებლად მინიმუმ ორი კვირა გვჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. და პლუს ამას, იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს ძალიან სერიოზული ცვლილებების გაკეთება - მთელი პაკეტია წარმოდგენილი - კონსტიტუციასთან კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა“.

ირინა იმერლიშვილის თანახმად, ეს ცვლილებები ძალაში უნდა შვიდეს მანამ, სანამ ახალი პრეზიდენტი ფიცს დადებს და კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამოქმედდება. სულ ლაპარაკია 160 კანონში ცვლილებაზე, რომელთა ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა, ნაწილი კი საგნობრივ მსჯელობას მოითხოვს. ამ დრომდე ამ პაკეტიდან მხოლოდ 54 კანონშია ცვლილება შესული.

საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბრისას ირინა იმერლიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პარლამენტმა წინასაარჩევნო ტაიმ-აუტის აღება ვერ შეძლოს. სხვაგვარად ფიქრობს დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც მედიას განუცხადა, რომ გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებულია:

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სექტემბრის თვეში ვიმუშავებთ ძალიან დატვირთულ რეჟიმში იმის გამო, რომ ოქტომბრის თვეში ეს უფლება გამოვიყენოთ შესაბამისად. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც პოლიტიკოსებს, უფლება გვაქვს, რომ ჩავერთოთ ასევე საარჩევნო კამპანიაში და ეს უფლება გამოვიყენოთ“.

რაც შეეხება დეპუტატების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის კანონიერებას, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, დეპუტატები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან და, შესაბამისად, მათ აქვთ უფლება აქტიურად ჩაერთონ დასახელებული კანდიდატის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში. მათთვის დაწესებული შეზღუდვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. როგორც არჩევნების დამკვირვებელი ერთ-ერთი ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ამბობს, ამ მხრივ დარღვევები ჯერჯერობით გამოვლენილი არ არის:

“საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში სამუშაო საათებში უკანონოდ მონაწილეობის ფაქტები არსებობს. რაც შეეხება დეპუტატებს, დეპუტატების კუთხით უფრო რთულია მონიტორინგი, იმიტომ რომ დაშვებულია მათთვის აგიტაციაში მონაწილეობა, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან, და ერთადერთი, რა პრობლემაც შეიძლება იყოს, არ გამოიყენონ, ვთქვათ, პარლამენტის მანქანები და სხვადასხვა ტიპის საშუალებები პარლამენტისა და სახელმწიფოსი, ზოგადად. შესაბამისად, ეს მონიტორინგი არის ძალიან რთული და ჩვენ ეგეთი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ვინმე ამას არღვევდეს“.

პარლამენტს არ აქვს ვალდებულება გავიდეს წინასაარჩევნო შვებულებაში, პარლამენტს აქვს უფლება გავიდეს შვებულებაში, - გვითხრა საქართველოს პარლამენტის წევრმა აკაკი ბობოხიძემ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას ურჩევს, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდეს და ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელ კანონებზე იმსჯელოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუ დრო ითმენს, დეპუტატი ფიქრობს, რომ პარლამენტმა ერთი თვით მუშაობა უნდა შეწყვიტოს, დეპუტატები კი ხალხში გავიდნენ:

“ამით ყველაზე მეტად იგრძნობენ ადამიანების გულისთქმას და ამით ყველაზე მეტად დაადებენ ხალხის მაჯისცემას ხელს. მე პირადად მინდა გითხრათ, რომ 10 დღეა პრაქტიკულად ყოველდღე, დღე არ გავა, რომ 4-5 შეხვედრა არ მქონდეს და ასე ვაპირებთ ამ თვე-ნახევრის განმავლობაში. პარლამენტის სხდომაზე მივალ, ალბათ, მარტო მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანის განხილვა იქნება“.

აკაკი ბობოხიძის აზრით, ხალხთან ურთიერთობა უნდა იყოს პარლამენტის შესაძლო ტაიმ-აუტის მთავარი მიზანი, უმრავლესობაში არსებული კიდევ ერთი არგუმენტის თანახმად კი, საკანონმდებლო ორგანოს მიერ არჩევნების წინ მუშაობის შეჩერება პარლამენტის ტრიბუნის პოლიტიკური აგიტაციის საშუალებად გამოყენების პრევენციაც იქნებოდა.
XS
SM
MD
LG