Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს 21 თებერვალს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააცნო. კერძოდ, მან პარლამენტის წევრებს კიდევ ერთხელ განუმარტა ის საფრთხე, რომელიც ვეტოს დაძლევის შემთხვევაში შეექმნებოდათ როგორც კერძო მაუწყებლებს, ისე თავად „საზოგადოებრივ მაუწყებელს“.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

“თუ ეს კანონპროექტი გახდება კანონი, ის დააწესებს უსამართლო პირობებს მედიაბაზარზე, რაც სერიოზულ ფონანსურ პრობლემებს შეუქმნის კომერციულ მედიასაშუალებებს და ეს ფინანსური პრობლემები პირდაპირპროპორციულად აისახება კომერციული მედიასაშუალებების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობაზე. შედეგად დაზარალდება არა მხოლოდ მედიაგარემო საქართველოში და არა მხოლოდ მედიასაშუალებები, შედეგად დაზარალდებიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და დაკნინდება დემოკრატიის ხარისხი“.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილებების პაკეტი გასული წლის მიწურულს დაამტკიცა, რასაც პრეზიდენტის ვეტო მიმდინარე წლის 15 იანვარს მოჰყვა - მათ შორის სამოქალაქო სექტორისა და საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენელთა რეკომენდაციების საფუძველზე. მთლიანობაში, კრიტიკის საგანი იყო საკითხები, რომლებიც“ საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებამოსილების გაფართოებას განაპირობებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მაუწყებლის „სახელმწიფო შესყიდვების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებებისაგან გათავისუფლება, მისთვის კომერციული რეკლამის განთავსების დროის ხანგრძლივობის გაზრდა, საბიუჯეტო სახსრების სტარტაპების დაფინანსებაზე მიმართვის უფლების მინიჭება, სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვა და სხვა. საბოლოოდ, პრეზიდენტი თავის ვეტოში ორ პრობლემურ საკითხზე შეჯერდა. ესენია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარეკლამო ბაზარზე შესვლის არამიზანშეწონილობა და მისთვის შესყიდვების გამარტივების უფლების მინიჭება, რის საფუძველზეც მაუწყებელს მედიაპროდუქტის შესაძენად ან დასამზადებლად საჯარო ტენდერების გამოცხადება აღარ მოუწევს.

არასოდეს არ ყოფილა ჩემი და ჩემი კოლეგების თვითმიზანი ვეტოს დაძლევა, მაგრამ ასეთი არგუმენტების ფონზე მიმაჩნია, რომ დღეს ვეტო უნდა დაიძლიოს და მაუწყებელს უნდა მიეცეს ახალი შანსი...
ბექა ოდიშარია

მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილებებით მოსალოდნელ საფრთხეებზე კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარემ მედიაორგანიზაციებთან ორჯერ გამართა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ვეტოს დაძლევის განზრახვა წინასწარ იყო ცნობილი. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვაზე, შესაბამისად, უმრავლესობა იმის დეკლარირებას ცდილობდა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესწორებები არ გააუარესებს მედიაგარემოს საქართველოში და მხოლოდ პოზიტიურად წაადგება თავად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეიტინგსა და ხარისხს. დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა:

“ჩემთვის გაუგებარია ის პოლიტიკური განცხადებები და გრძნობებით სავსე რაღაც ლოზუნგები, როდესაც ამ შემოთავაზებული კონკრეტული წინადადებების საპირისპიროდ ჩვენ ვიძახით, რომ ადგილებზე დემოკრატია ჩავარდება საფრთხეში. იქამდეც კი მივედით, რომ ვთქვით, რომ ფული საერთოდ არ არის საჭირო ხარისხის მისაღწევად ტელე-მედიასივრცეში. არასოდეს არ ყოფილა ჩემი და ჩემი კოლეგების თვითმიზანი ვეტოს დაძლევა, მაგრამ ასეთი არგუმენტების ფონზე მიმაჩნია, რომ დღეს ვეტო უნდა დაიძლიოს და მაუწყებელს უნდა მიეცეს ახალი შანსი“.

დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და საპარლამენტო უმრავლესობის უმეტესი ნაწილის მოსაზრებებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით არ იზიარებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი. კომიტეტმა ცვლილებებს არც ერთ ეტაპზე არ დაუჭირა მხარი. სადავო იყო კომერციული რეკლამისა და სპონსორობის, სტარტაპებისა და სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებული საკითხები.

პარლამენტში ეს კანონი არ შექმნილა. ტყუილად იბრალებთ ავტორობას. ეს კანონი შეიქმნა სადღაც „ჯიდიესის“ ფარდულებში თუ სარდაფებში და ეს კანონი შემოგაჩეჩეს ხელში. აი, ეს არის რეალობა...
რომან გოცირიძე

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის კონტექსტში კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს, თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. ისინი მიიჩნევენ, რომ 50 მილიონი ლარის გარანტირებული საბიუჯეტო შემოსავლის მქონე ტელევიზიისთვის კომერციული შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობა სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის არა მარტო სხვა მედიასაშუალებებს, არამედ გააჩენს კორუფციის რისკებსაც. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ კანონის ცვლილებების ინიციატორი ხელისუფლება არ ყოფილა:

“პარლამენტში ეს კანონი არ შექმნილა. ტყუილად იბრალებთ ავტორობას. ეს კანონი შეიქმნა სადღაც „ჯიდიესის“ ფარდულებში თუ სარდაფებში და ეს კანონი შემოგაჩეჩეს ხელში. აი, ეს არის რეალობა. თქვენ კანონებს გაჩეჩებდათ ხელში მთავრობა და ჯანდაბას, რაღაც ღირსების მომენტი კიდევ შეიძლება შენარჩუნებული გქონდეს, როდესაც მთავრობის კანცელარია ხარ, მაგრამ დღეს „საზმაუს“ ფილიალი თუ დამფუძნებლის, თუ ივანიშვილის მიერ შექმნილი „ჯიდიესს“ მიერთებული ტელევიზიის ფილიალი გახდით“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, თანახმად კი, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცვლილება დღის წესრიგში დააყენა მოცემულობამ, როდესაც ტელევიზიას, მსხვილი ფინანსური დანახარჯის მიუხედავად, აქვს ნულოვანი სოციალური გავლენა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სოციალური გავლენის გაზრდას სჭირდება ის სიახლეებიც, რომლებიც პრეზიდენტმა ვეტოს საგნად მიიჩნია.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 83 ხმით დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხოლოდ 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

XS
SM
MD
LG