საქართველოს პარლამენტი „ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს 26 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. პლენარული სხდომის დანიშვნის თხოვნით პარლამენტმა უკვე მიმართა პრეზიდენტს.იმ საკითხებს შორის, რომლებზეც დღის წესრიგით დეპუტატები რიგგარეშე სხდომის ფორმატში იმსჯელებენ, პრეზიდენტის მიერ ზემოხსენებულ კანონებზე დადებული ვეტოები, შეიძლება ითქვას, საზოგადოების ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს. პროცესის აქტიური მონაწილეა სამოქალაქო სექტორი, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქისათვის სტატუსის გაუქმების თავიდან აცილებას სამართლებრივი გზებით ცდილობს.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და “საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებებზე 25 ივლისს საკომიტეტო განხილვის საგანი გახდება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რადგან “თვითმმართველობის კოდექსსა” და “საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებები ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს აუარესებს, პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებით პარლამენტი მხოლოდ მოიგებს. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის, თანახმად, ვინაიდან არჩევნებამდე 3 თვეა დარჩენილი, სასურველია ორივე სფეროში სტატუს-კვო დროებით უცვლელი სახით დარჩეს, პროგრესული საკანონმდებლო ცვლილებები კი მხოლოდ მოახლოებული არჩევნების შემდეგ განხორციელდეს.
“პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ძირითადად ეხება 2 საკითხს. ეს არის თვითმართველობაში, თვითმმართველობის სფეროში 7 თვითმმართველი ქალაქისათვის თვითმართველობის სტატუსის ჩამორთმევა და არჩევნების სფეროში ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილება, რომელიც უპირატესობას ანიჭებს მმართველ პარტიას. ჩვენი აზრით, ორივე ცვლილებას გასდევს ერთი მთავარი ხაზი და ეს ხაზი არის, რომ ის აუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში და წარმოადგენს უკან შემოტრიალებას თავად “ოცნების” მიღწევების, რომლებიც მან განახორციელა 2013-2014 წლებში“.
2013-2014 წლებში საქართველოში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 5-დან 12-მდე გაიზარდა და მთავრობამ დეცენტრალიზაციის პროცესის შეუქცევადობის დაპირებაც გასცა. ცვლილებამ პრაქტიკულად თვითმმართველობების ერთი ვადა გასტანა მხოლოდ. ამ ერთი თვის წინ საქართველოს პარლამენტმა ისევ ცენტრალიზებას და 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას დაუჭირა მხარი და ამის გამართლება ძირითადად ხარჯების ოპტიმიზაციისა და დაზოგვის აუცილებლობით ახსნა. თავისი გადაწყვეტილებით მმართველი “ქართული ოცნება” ამჯერადაც მარტო აღმოჩნდა პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო სექტორის პირისპირ. როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, ყველა საკითხი, რომელიც პარლამენტში იხილება, დაკავშირებულია არჩევნებთან და „ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლებისა და მართვის ბერკეტების შენარჩუნების მიზანთან.
“დაწყებული კონსტიტუციით, დამთავრებული ამ სამი კანონით, რომელთაც პრეზიდენტმა დაადო ვეტო, არის პირდაპირ კავშირში არჩევნებთან. აუარესებენ საარჩევნო კოდექსს, კრძალავენ პირდაპირი წესით ნებისმიერი თანამდებობის პირის არჩევას, გარდა დეპუტატისა - ეს იქნება პრეზიდენტი თუ ეს იქნება თვითმმართველი ქალაქის მერები. ხელისუფლება დარწმუნებულია თავის წარუმატებლობაში და სურს ისე მოირგოს საარჩევნო კოდექსი, რომელიც მას, ასე ვთქვათ, გარკვეულ შანსებს მისცემს“, ამბობს რომან გოცირიძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი აღნიშნავს, რომ „საარჩევნო კოდექსისა“ და „თვითმმართველობის კოდექსის“ ცვლილებების ის სამი კანონი, რომელთაც პრეზიდენტმა 20 ივლისს დაადო ვეტო, საარჩევნო პროცესის კარგად ადმინისტრირებისთვისაა მნიშვნელოვანი. აქვე ეკა ბესელია ლაპარაკობს პრეზიდენტის მიერ ვეტოს, როგორც პოლიტიკური და სამართლებრივი ისტრუმენტის, გაუფასურებაზე:
“უკაცრავად, ეს პარლამენტია, ეს არის საკანონმდებლო ორგანო, წარმომადგენლობითი ორგანო და პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებებს, რაც მიაჩნია, რომ არის ხალხის წარმომადგენლობითი ფუნქციიდან გამომდინარე და ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება ეს მხოლოდ აკნინებს მისი მანდატის შინაარსსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოებს იყენებს“.
ის, რომ მმართველ „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდება, ცხადია სამოქალაქო სექტორისთვის, რომელიც, თავის მხრივ, საკანონმდებლო ხარვეზების გამოსასწორებლად ბრძოლას სამართლებრივი გზით განაგრძობს. „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი კოკა კიღურაძე ამბობს, რომ ეს ბრძოლა ჯერ კიდევ პრეზიდენტის ვეტოებამდე დაიწყო - მაშინ, როდესაც საჯარო სივრცეში პირველად ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს გააუქმოს თავის მიერ დაწყებული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა და თვითმმართველ ქალაქებს სტატუსი ჩამოართვას:
“აქ ჩვენ გვრჩება სასამართლო გზა, ერთადერთი გზა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ჩვენ ასევე აქტიურად ვითანამშრომლებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საელჩოებთან და შევეცდებით მათ დარწმუნებას იმაში, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები არის ნამდვილად საწინააღმდეგო საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების, რომლებიც ცხოვრობენ სოფლებში, ქალაქებში და მათ აქვთ რეალურად არა მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ განახორციელონ თვითმმართველობა, არამედ ეს არის მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. ამიტომ ჩვენ უპირველესად ვფიქრობთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ“.
კოკა კიღურაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეთა ინტერესების წარდგენის უფლებამოსილება ამ შემთხვევაში აქვს საქართველოს პარლამენტის, დაახლოებით, 30 წევრს და სამოქალაქო სექტორი შეეცდება მათ სათანადო სამართლებრივი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ამავდროულად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის დადგენილება 7 თვითმმართველი ქალაქისთვის - ზუგდიდისთვის, ოზურგეთისვის, მცხეთისთვის, ამბროლაურისთვის, ახალციხისთვის, თელავისა და გორისთვის - თვითმმართველი სტატუსის გაუქმებისა და შესაბამის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მიიღებს.