საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს გადაუგზავნა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების კანონებზე მოტივირებული შენიშვნები. კანონებს პრეზიდენტმა 20 ივლისს დაადო ვეტო იმ მოტივით, რომ მათი სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმს და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის ემზადება, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კი იმედოვნებენ, რომ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების კანონებზე სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების პოზიციებს ეფუძნება. კერძოდ, ერთი მხრივ, შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის - თელავისთვის, ოზურგეთისთვის, ზუგდიდისთვის, გორისთვის, ამბროლაურისთვის, მცხეთისა და ახალციხისთვის - თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას და, მეორე მხრივ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მმართველი პარტიის წევრთა რაოდენობის პოტენციურ გაზრდას მხოლოდ „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მმართველ პარტიას მოუწოდებს გაიზიაროს და გაითვალისწინოს ოპონენტების ეგრეთ წოდებული აქტიური ნეგატიური პოზიცია:
„მმართველმა პარტიამ ნელ-ნელა კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოუსმინოს და ყური დაუგდოს განსხვავებულ აზრს და თავის კანონშემოქმედებით პროცესში განსხვავებული აზრი ჩართოს, როგორც თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემადგენელი ნაწილი“.
უმრავლესობა დაძლევს ამ ვეტოს და დატოვებს ძალაში პირველ ვარიანტს, ჩემი მოსაზრებით. იმედს ვიტოვებ, რომ თვითმმართველობის კოდექსზე შეიძლება რაღაცები მაინც გაითვალისწინონ, ძალიან მცირე პროცენტი, რომ გაერთიანება არ მოხდეს ამ არჩევნებისთვის და დარჩეს ძალაში დღეს მოქმედი მუნიციპალიტეტები...კოტე კანდელაკი
საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები რიგგარეშე სხდომამდე, პროცედურულად, ჯერ ბიუროსა და კომიტეტების მსჯელობის საგანი გახდება. საპარლამენტო უმრავლესობა, შესაბამისად, ფორმალურად კვლავ მიუბრუნდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დაძლევის განზრახვას ამჯერადაც გამოხატავს, მოტივირებული შენიშვნების შინაარსიც აინტერესებს. თუმცა, როგორც პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, თუ საუბარია იმაზე, რომ კანონი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს აუარესებს, მაშინ მას მხარს ვერ დაუჭერენ. თავის მხრივ, თვითმმართველი ქალაქისათვის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილებას მართვის ეფექტურობის გაუმჯობესების აუცილებლობით ხსნის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე:
“იმისათვის, რომ ეფექტური მართვა მივიღოთ, საჭიროა მენეჯმენტის კონსოლიდაცია. ფრაგმენტული მართვა არის ძალიან არაეფექტური, არ შეიძლება ერთ შენობაში იჯდეს ორი საკრებულო, ორი მერი, ორი უფროსი და ასე შემდეგ“.
თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილების იმ დასაბუთებაში, რომელიც მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა რიგებიდან ისმის, არის ისიც, რომ მუნიციპალიტეტების გამსხვილება ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას მოემსახურება და 40 მილიონი ლარის დაზოგვას უზრუნველყოფს. ამ და ამ რიგის სხვა განმარტებების მიუხედავად, პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთათვის 14 მუნიციპალიტეტის - მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის - სტატუსის გაუქმება არის ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი და პრაქტიკული აღდგენა საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობისა. “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი, კოტე კანდელაკი, ამბობს, რომ, ზოგადად, პოლიტიკურ ელიტებს ცენტრალიზებისკენ სისტემა უბიძგებს, ანუ ოპოზიციაში ყოფნისას ადგილებზე მეტ დეცენტრალიზებას ითხოვენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ცდილობენ ცენტრალური ხელისუფლების ხელში მოახდინონ მეტი ძალაუფლების კონცენტრირება. კოტე კანდელაკი არ გამორიცხავს იმასაც, რომ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების განზრახვა ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო მიზნებით იყოს განპირობებული- როცა მას აქვს მოლოდინი, რომ ქალაქში, ზოგადად, ოპოზიციური ამომრჩევლის სიმრავლის გამო, სოფლისა და ქალაქის ელექტორატის გაერთიანება უფრო გაუადვილებს მოახლოებული არჩევნების მოგებას. შექმნილ ვითარებაში კი კოტე კანდელაკი თითქმის დარწმუნებულია, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და საკითხს პრეზიდენტისა და პარლამენტის პოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში მიუდგება:
“მოლოდინი? პარლამენტი, ალბათ, დაძლევს ვეტოს მაინც. უფრო პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს მაინც პარლამენტი და არა ამ შინაარსობრივ და პროცედურულ საკითხებს. უმრავლესობა დაძლევს ამ ვეტოს და დატოვებს ძალაში პირველ ვარიანტს, ჩემი მოსაზრებით. იმედს ვიტოვებ, რომ თვითმმართველობის კოდექსზე შეიძლება რაღაცები მაინც გაითვალისწინონ, ძალიან მცირე პროცენტი, რომ გაერთიანება არ მოხდეს ამ არჩევნებისთვის და დარჩეს ძალაში დღეს მოქმედი მუნიციპალიტეტები“.
ასეთი მცირეპროცენტიანი მოლოდინი კოტე კანდელაკს, თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებებისგან განსხვავებით, არ აქვს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების კანონზე. ეს ცვლილებები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო პროექტების კოორდინატორის, ლელა ტალიურის, შეფასებით, მხოლოდ მმართველი პარტიის ინტერესებს პასუხობს და საარჩევნო ადმინისტრაციების პოლიტიზების რისკების შემცველია:
“პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრთა დანიშვნის წესი შეიცვალა, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ დღეს ერთ პარტიას მხოლოდ ერთი წევრის ყოლის უფლება აქვს, ამ ცვლილებებით ეყოლება ერთზე მეტი და „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა იზრდება, იმიტომ რომ ეს მიბმული იქნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. რისკები საარჩევნო ადმინისტრაციების პოლიტიზების იზრდება - დომინირებული მდგომარეობის მოპოვება ხდება ერთი პარტიის მხრიდან“.
ლელა ტალიური ამბობს, რომ ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში კონკრეტულად პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა საკითხს შეეხება, არ ისახავს მიზნად საარჩევნო ადმინისტრაციების გაჯანსაღებას.
საარჩევნო კოდექსისა და თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებები, პროცესის პერსპექტივის გათვალისწინებით, თავის მხრივ, არამარტო პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთათვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე 21 ივლისს ნეგატიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში არსებითი ცვლილებები შევიდა.