Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორად გახლეჩილი „ბავშვთა სამყარო“


საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

28 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. სააქციო საზოგადოება „სავაჭრო ცენტრ ბვაშვთა სამყაროს“ აქციონერებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხანძრის შედეგად განადგურებული სავაჭრო ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის, დაკავება გააპროტესტეს, რამდენიმე მეტრის მოშორებით კი აქცია გამართეს „ბავშვთა სამყაროს“ იმ მოიჯარეებმა, რომლებიც სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემასა და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

ორად გახლეჩილი „ბავშვთა სამყარო“
please wait

No media source currently available

0:00 0:04:35 0:00
გადმოწერა

ქეთევან აბაიშვილი, სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ აქციონერი და მოიჯარე, რომელსაც 2017 წლის 30 იანვარს ღამით მომხდარმა ხანძარმა ქსოვილების მაღაზია გაუნადგურა, მთავარი პროკურატურის შენობასთან გიორგი მაჭავარიანის დაკავების გასაპროტესტებლად მივიდა. ქეთევან აბაიშვილი ფიქრობს, რომ ბავშვთა სამყაროს დირექტორის დაკავებით გარკვეული ძალები სავაჭრო ცენტრის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ცდილობენ:

„ჩვენ ყველა ვენდობით ამ ხალხს. გვგონია, რომ ნამდვილად უკანონოდ არის დაპატიმრებული. გვინდა, რომ ობიექტურად ჩატარდეს გამოძიება და მოგვხედონ ჩვენ, ჩვენს უკან ოჯახებია. არადა, ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენი საქმე უკან და უკან იწევს. შუა ქალაქში აშენებული ეს ჩვენი „ბავშვთა სამყარო“ ვიღაც მესამე პირს აინტერესებს და ხდება, ალბათ, ამ ქონების მიტაცება ან გადანაწილება“.

ბავშვთა სამყაროს ქონების, მათ შორის ტერიტორიის ხარჯზე კომპენსაციის გადახდას მოითხოვენ აქციონერებთან დაპირისპირებული მოიჯარეები, რომლებიც რამდენიმე თვეა მართავენ საპროტესტო აქციებს, მათ შორის, მართავენ მთავარ პროკურატურასთანაც. ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაცია და აქციონერები დარმწუნებული არიან, რომ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გორგი მაჭავარიანის დაკავების გადაწყვეტილება სწორედ ამ საპროტესტო აქციების ზეწოლის შედეგად მიიღო:

საპროტესტო აქციის მონაწილე
საპროტესტო აქციის მონაწილე

„ჩვენ შოთაძისგან მოვითხოვთ სამართლიან გამოძიებას და უდანაშაულო ადამიანის გამოშვებას - გიორგი მაჭავარიანი არის უდანაშაულო, ცამდე ალალ-მართალი. თან ეგ მარტო არ წყვეტდა. ჩვენ ვართ სააქციო საზოგადოება და ჩვენ კრებაზე ვწყვეტდით ყველა საკითხს. მაშინ დაგვიჭირონ ყველა და ჩაგვსვან ციხეში ყველა 187 კაცი და ეს იქნება სამართლიანი ქვეყნის აშენება“.

გიორგი მაჭავარიანი, ბავშვთა სამყაროს დირექტორი, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დააკავეს. ბავშვთა სამყროს ის მოიჯარეები კი, რომლებიც პერმანენტულად მართავენ საპროტესტო აქციებს, არ მალავენ კმაყოფილებას პროკურატურის გადაწყვეტილებით, თუმცა, როგორც ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი ამბობს, გამოძიება მხოლოდ მაჭავარიანის დაკავებას არ უნდა დასჯერდეს:

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელსაც უნდა მოჰყვეს გაგრძელება, ვინაიდან საბრალდებო სკამზე უნდა იქნეს ასევე დასმული როგორც შემკვეთები, ასევე შემსრულებლები, ანუ ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ადამიანების ქონების განადგურებაში. ასევე ყველა ის ადამიანი პასუხისგებაში უნდა მიეცეს, ვინც მფარველობდა ამ დანაშაულს. ასევე უნდა დადგეს „ბავშვთა სამყაროს“ პასუხისმგებლობა. ბავშვთა სამყარომ უნდა აგოს პასუხი ამ ადამიანების წინაშე. პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაასახელოს პასუხისმგებელ პირად „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაცია“.

ორად გახლეჩილი „ბავშვთა სამყარო“
please wait

No media source currently available

0:00 0:04:09 0:00

ბავშვთა სამყაროს მოიჯარეების ნაწილმა 3-3 ათასი ლარის კომპენსაცია უკვე მიიღო, რაც, მათი თქმით, ოდანავაც კი ვერ ანაზღაურებს ზარალს. ინგა ლაცუზბაიამ, რომელიც ხანძრის გაჩენამდე 17 წელი ვაჭრობდა ოქროთი, ეს კომპენსაციაც ვერ მიიღო, არადა, ის დარწმუნებულია, რომ ბავშვთა სამყარო შეგნებულად გადაწვეს, ხანძრის გაჩენამდე კი გაძარცვეს.

„რომ ამბობენ, არაფერი მომხდარა, არანაირი გაძარცვა არ იყოო, როგორ არ იყო! მე შევედი ჩემი უჯრის ქვეშ და იქ ეყარა მარტო რკინის გირები. გირა თუ არ დაიწვა, ოქრო სად წავიდა? ხო დადნებოდა, ხო დარჩებოდა რამე? ყველას გვაქვს ეჭვი, რომ ვიდრე დაწვავდნენ, გაგვძარცვეს“.

ვითარებაში გარკვევას მეშვიდე თვეა ცდილობს პროკურატურა, რომლის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა ბავშვთა სამყაროს დირექტორ გიორგი მაჭავარიანს ბრალი წარუდგინეს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG