Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოქროზე გაცვლილი კულტურული მემკვიდრეობა?


საპროტესტო აქცია საყდრისის ნგრევის შეჩერების მოთხოვნით
საპროტესტო აქცია საყდრისის ნგრევის შეჩერების მოთხოვნით
კვლავ ბუნდოვანია ბოლნისში, საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე მდებარე პრეისტორიული ხანის მაღაროს მომავალი, რომელიც სათუო გახადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანებამ. სწორედ ამ ბრძანების საფუძველზე მოეხსნა საყდრისის მაღაროს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელი გახადა საუბარი ძეგლის მოშლასა და საყდრისის საბადოს დამუშავებაზე. არადა, ქართველი და უცხოელი მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ საყდრისის მაღარო დღემდე გამოვლენილ ოქროს მაღაროთა შორის უძველესია და ძველი წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულებს განეკუთვნება. რა ბედი ელის საყდრისის მაღაროს და როგორ იქცევა მთავრობა, როცა ერთმანეთს ეკონომიკური და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესები უპირისპირდება?

საყდრისის მაღაროს გარშემო ნამდვილი ოქროს ციებ-ცხელება მას შემდეგ დაიწყო, რაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, კომპანია RMG-ის განცხადების საფუძველზე, საყდრისის პასპორტის რევიზია გადაწყვიტა. მინისტრ გურამ ოდიშარიას თქმით, საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ ვერ მოიძია დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც მაღაროს 2006 წლის 30 მარტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა:

„დოკუმენტაცია არ აღმოჩნდა არც ერთ ჟურნალში, არც მეორეში, არც არქივში. კომისიის წევრები, რომლებიც მაშინ მუშაობდნენ, ვერ იხსენებენ, ვინმემ შემოიტანა თუ არა შესაბამისი ქაღალდები. ამიტომ კომისიამ ბათილად ცნო ის უკანონო აქტი“.

აქტის უკანონოდ ცნობის შემდეგ საყდრისის მაღარომ უძრავი ძეგლის სტატუსი დაკარგა, მოგვიანებით კი შეუძლებელი აღმოჩნდა მისთვის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება, რასაც მინისტრის ბრძანებულება ითვალისწინებდა. შესაბამისად, საყდრისის საბადო დღეისათვის მხოლოდ რიგითი არქეოლოგიური ობიექტია, თუმცა კომპანია RMG-ს ეს გარემოებაც არ აკმაყოფილებს, რაც, კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ზურაბ ქუთელიას მიერ 2013 წლის 26 აპრილს კულტურის მინისტრისათვის გაგზავნილი წერილის შინაარსიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის. წერილის მიხედვით, მაღაროსათვის ძეგლის სტატუსის მინიჭებამ კომპანიის ინტერესები დააზარალა:

„იგნორირებულ იქნა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ობიექტი მდებარეობდა უკვე ლიცენზირებულ საბადოზე. ზემოაღნიშნული გარემოება შეუძლებელს ხდის საყდრისის საბადოს უდიდესი ნაწილის დამუშავებას, რაც მინიმუმამდე ამცირებს საბადოს ეკონომიკურ მნიშვნელობას და სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფოს, ასევე ინვესტორის ინტერესს“.

გაცილებით ლოგიკური და უკეთესი მიდგომა იქნებოდა, თუკი სახელმწიფო შექმნიდა საერთაშორისო კომისიას, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდნენ განსხვავებული პროფილის მეცნიერები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ისინი იმსჯელებდნენ, თუ რა სტატუსს იმსახურებს საბადო...
სულხან სალაძე
კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობის მტკიცებით, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად შენარჩუნების პირობებში, კომპანია ვერ შეასრულებს ლიცენზიით გათვალისწინებულ პირობებს, რაც, თავის მხრივ, დააზარალებს ქვეყნის ბიუჯეტსა და კომპანიაში დასაქმებულ 3 ათას ადამიანს. საკითხის ამგვარად დაყენება არასწორად მიაჩნია იურისტ სულხან სალაძეს, რომლის თქმითაც, არც ერთ კანონში არ წერია, რომ ეკონომიკური ინტერესები რამენაირად უფრო აღმატებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესებზე. სულხან სალაძის თქმით, სამინისტრომ ასევე არ გასწია ჯეროვანი ძალისხმევა ვითარებაში გასარკვევად და გადაწყვეტილება მიიღო საყდრისში მომუშავე გერმანელ და ქართველ არქეოლოგებთან კონსულტაციის გარეშე.

„გაცილებით ლოგიკური და უკეთესი მიდგომა იქნებოდა, თუკი სახელმწიფო შექმნიდა საერთაშორისო კომისიას, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდნენ განსხვავებული პროფილის მეცნიერები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ისინი იმსჯელებდნენ, თუ რა სტატუსს იმსახურებს საბადო. ასეთ შემთხვევაში კანონი იძლევა არსებული სტატუსის ექვსი თვით შენარჩუნების საშუალებას. შესაბამისად, დაცული იქნებოდა ობიექტი სავარაუდო განადგურებისგან, მაგრამ სამინისტრომ ამგვარი პრევენცია ვერ უზრუნველყო“, უთხრა სულხან სალაძემ რადიო თავისუფლებას.

საყდრისი
საყდრისი
იმ ფაქტს, რომ კულტურის სამინისტროსთან შექმნილმა კომისიამ ახლოს არ გაიკარა საყდრისში მომუშავე არქეოლოგთა ჯგუფი, ადასტურებს ირინე ღამბაშიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი:
„ეს კომისია საერთოდ არ გასცნობია ჩვენს კვლევებს. ერთი დოკუმენტი არ არსებობს იმის დამადასტურებელი, რომ რამე მოითხოვეს. კულტურის სამინისტრომ ჩვენ მოგვნათლა როგორც მხარე და გამოგვისტუმრა. მხარე, რა, ძეგლი ჩემი იყო?“

და, მართლაც, კვლევების წარმოების ათი წლის განმავლობაში არც ერთ ქართველ არქეოლოგს არ გამოუქვეყნებია ნეგატიური რეცენზია საყდრისის მაღაროს მნიშვნელობასთან დაკავშირებით, არქეოლოგთა ნაწილი კი აღნიშნული საკითხით მხოლოდ კომპანია RMG-ის გააქტიურების შემდეგ დაინტერესდა. არადა, ირინე ღამბაშიძის თქმით, ქართველი, გერმანელი, ფრანგი და ინგლისელი არქეოლოგების მტკიცებით, საყდრისის სახით საქმე გვაქვს უძველეს ოქროს მაღაროსთან, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

ექსპერიმენტზე მიწვეულნი იყვნენ ისინი, ვისაც სჯეროდა და ვისაც არ სჯეროდა. ჩვენ თვალწინ გერმანელმა და ინგლისელმა მეცნიერებმა თავიანთი ხელით, ისე როგორც რამდენიმე ათასი წლის წინ შეიძლება ყოფილიყო მადნის მოპოვება და ოქროს გამოყოფა, მოიპოვეს ქანი ცეცხლის დანთებით, წყლის მისხმით, შემდეგ მოთხრით ამ ქანისა...
ომარ ქუცნაშვილი
„საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა, თორემ ეს არის სამხრეთკავკასიური კულტურის ნაწილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია: მე-4-მე-3 ათასწლეულში კავკასიელი საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს უძველესი ცივილიზაციების ფორმირებაში. ლითონები აქვთ და ლითონებით ვაჭრობენ“, უთხრა ირინე ღამბაშიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა ქართველ მეცნიერთა ნაწილი იზიარებს კომპანია RMG-ის აზრს და მიიჩნევს, რომ საყდრისში ოქროს პრეისტორიული მოპოვება ფიქციაა. ამას ამტკიცებს გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორი ომარ ქუცნაშვილი:
„რა თქმა უნდა, იმ დროს არ მოიპოვებოდა ოქრო, რადგანაც მაშინ კი არა, სულ რაღაც ორი საუკუნეა, რაც კვარციტებიდან ოქროს მოპოვება დაიწყო სპეციალური მეთოდებით - გამოტუტვით. ცხადია, 5 ათასი წლის წინ ამ ტექნოლოგიას არავინ ფლობდა. ამიტომ არც გეოლოგიური კუთხით დასტურდება და არც მეტალურგიული კუთხით. კვარციტებში მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება დაინახო და ასე თვითნაბადი სახით არც არავის უნახავს, არც ყოფილა და არც არის“.

ომარ ქუცნაშვილის პასუხად, მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე დავით სახვაძე ამბობს, რომ საყდრისის მაღაროში ოქროს მოპოვება ექსპერიმენტულად დაადასტურეს გერმანელმა, ინგლისელმა და ქართველმა სამთო არქეოლოგებმა 2013 წლის 23 აგვისტოს, როცა საველე პირობებში ექსპერიმენტი ჩაატარეს:

„ექსპერიმენტზე მიწვეულნი იყვნენ ისინი, ვისაც სჯეროდა და ვისაც არ სჯეროდა. ჩვენ თვალწინ გერმანელმა და ინგლისელმა მეცნიერებმა თავიანთი ხელით, ისე როგორც რამდენიმე ათასი წლის წინ შეიძლება ყოფილიყო მადნის მოპოვება და ოქროს გამოყოფა, მოიპოვეს ქანი ცეცხლის დანთებით, წყლის მისხმით, შემდეგ მოთხრით ამ ქანისა, დაფქვით, გასრესითა და გარეცხვით. ეს ყველაფერი მოხდა იმ დღეს და გარეცხვის შემდეგ გამოჩნდა ოქრო, რომელიც გამოილექა ჭურჭლის ნაპირებზე. ორი აზრი არ არსებობს, რომ იქ ოქროს მოპოვება შეიძლება. რაც შეეხება იმას, ოქროსია ეს საბადო თუ სპილენძის, ამაზე დავაც გამორიცხულია. არც ერთი - არც საბჭოთა, არც თანამედროვე - გეოლოგიური კვლევა, ძიებები და თუნდაც მარაგები, რაც იმ რეგიონში დაზვერილია, არ ადასტურებს იმას, რომ იმ ადგილებში - ყაჩაღიანის უბანზე - შესაძლებელი იქნებოდა სპილენძის მოპოვება იმ დროისათვის, რადგანაც სპილენძის შემცველობა იმდენად მცირეა, რომ გამორიცხულია ადამიანს იქ სპილენძისთვის ემუშავა“.

საყდრისის მაღაროს მეცნიერულ მნიშვნელობაში ეჭვი არ ეპარებათ გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებს, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად 2004 წლიდან მუშაობენ საყდრისში. რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა გერმანელ მეცნიერს, ბოხუმის სამთო საქმის მუზეუმში კვლევითი სამუშაოების ხელმძღვანელს, ადრეული ისტორიის პროფესორს ბოხუმის რურის უნივერსიტეტში, თომას შტიოლნერს, რომელიც საყდრისის თემაზე უკვე ათი წელია მუშაობს:

„საყდრისი, რამდენადაც ჩვენ ვიცით, მსოფლიოში უძველესი ოქროს საბადოა. ნახშირბადის რადიოლოგიური ანალიზისა და კერამიკის კვლევის თანახმად, ობიექტი თარიღდება ქრისტემდე მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრით. საბადოში იქ ოქროს დიდ რაოდენობას მოიპოვებდნენ მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 30 მეტრზე. ოქროს მოპოვება გრძელდებოდა საბჭოთა პერიოდშიც. იქ არის განუმეორებელი შესაძლებლობა გვიანდელი მეოთხე ათასწლეულის პერიოდის საბადო დღესაც ვიხილოთ, შევისწავლოთ და საზოგადოებრიობას ვუჩვენოთ. რომ განგიმარტოთ: მთელი საბადოს არეალში მეათე ათასწლეულის პერიოდის ოქროს წარმოება დადგინდა. იქ იყო მთელი დასახლება, საბადო, ოქროს მიღების რამდენიმე საფეხური. ეს ძალიან უჩვეულოა და, ამდენად, ოქროს სამთო მოპოვების მსოფლიოში უძველესი დასტური. ის 500-დან ათას წლამდე უფრო ძველია, ვიდრე ეგვიპტეში მიკვლეული საბადო, ეგრეთ წოდებული ‘ფარაონის ოქრო’“.

თომას შტიოლნერის თქმით, საყდრისი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არ უნდა შეეწიროს ხანმოკლე ეკონომიკურ ინტერესს. ბოხუმელი პროფესორი იცნობს არეალს და ამბობს, საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვი შეიცავს, სავარაუდოდ, სამ-ნახევარ ტონა ოქროს, ხოლო მთლიანად არეალი - 21 ტონასო. ამდენად, ცოტა ოქრო დაიკარგება, თუ ბორცვზე მის მოპოვებაზე უარს იტყვიან, მაგრამ საბადოს შენარჩუნებით გაჩნდება ტურიზმის განვითარების პერსპექტივა, რაც სამომავლოდ აუცილებლად მოიტანს მოგებას მთელი საზოგადოებისთვის. საყდრისის მაღაროს გადარჩენისათვის იბრძვის საქართველოში მოქმედი გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის 03/108 ბრძანება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საყდრისის მაღარო დაიბრუნებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს და, შესაბამისად, განადგურებასაც გადაურჩება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG