Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციამ გორში ძალაუფლება ვერ აიღო, სხდომა ჩაიშალა


გორის საკრებულოს სხდომა
გორის საკრებულოს სხდომა

გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. საკრებულოს 15 წევრიდან სხდომაზე მხოლოდ 4 გამოცხადდა: „თავისუფალი დემოკრატების“ 2 წარმომადგენელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ერთი - დამოუკიდებელი დეპუტატი. ახალი უმრავლესობიდან დღევანდელ სხდომაზე ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ წარმომადგენლებიც არ მისულან, არადა, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის ინიციატორები თავად ისინი იყვნენ. სხდომაზე მისული საკრებულოს წევრები მხრებს იჩეჩავდნენ და „ქართული პარტიის“ წევრების მიუსვლელობის მიზეზს ვერ აკონკრეტებდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მინდია გოდერძიშვილი აცხადებს, წინასწარი შეთანხმებით, საკრებულოს უმრავლესობა დღეს უნდა შეკრებილიყოო.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თამარ თედლიაშვილმა ოქრუაშვილის „ქართული პარტიის“ 4 წარმომადგენლის ერთბაშად ავად გახდომაც არ გამორიცხა, თუმცა, როცა ამას ამბობდა, თვითონვე ეღიმებოდა. „ქართული პარტიის“ წარმომადგენლები სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ.

სხდომაზე არ მისულან არც უმცირესობაში დარჩენილი კოალიცია „ქართული ოცნების“, ლეიბორისტული პარტიისა და ბურჯანაძის „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები. საზოგადოების უპატივცემლობა - ასე შეაფასეს საკრებულოს სხდომაზე მისულმა იმედგაცრუებულმა მოქალაქეებმა პოლიტიკოსების ქცევა. „გორის დარბაზის“ დამფუძნებელი თამაზ მაყაშვილი მიიჩნევს, რომ როგორც მმართველ კოალიციას, ისე ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობა მართებს.

რა იქნება ამის შემდეგ? შევიდა თუ არა პროცესი ჩიხში? - ეს იყო ის კითხვები, რომლებიც ჟურნალისტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს გაუჩნდათ. რეგლამენტის მიხედვით, ახალ უმრავლესობას შეუძლია კიდევ ერთხელ მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა ან მარტამდე რიგით სხდომას დაელოდოს, მაგრამ, თუ კვორუმი კვლავაც არ შედგა, ამის შემდეგ რა მოხდება, ეს კანონშიც აღარ წერია, - წერია ის, რომ საკრებულო, თუ 6 თვის ვადაში ვერ მოახერხებს შეკრებას, დაშლილად გამოცხადდება, მაგრამ დაშლაც ამავე საკრებულოს დეპუტატებმა უნდა გააფორმონ. რადიო თავისუფლებისთვის კი ცნობილი გახდა, რა მოლაპარაკება მიმდინარეობდა ოპოზიციის შიგნით. კომპეტენტური წყაროს ცნობით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს დამოუკიდებელ დეპუტატს, იოსებ ფალელაშვილს, დაუჭერდნენ, მოადგილედ კი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, ილია მეტრეველი, უნდა დაესახელებინათ. მაგრამ ბოლო მომენტში თავმჯდომარის თანამდებობა მეტრეველმა მოითხოვა და აქედან დაიწყო განხეთქილება „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ქართულ პარტიას“ შორის. დღევანდელმა მოვლენებმა კულუარებში მრავალი ახალი ვერსია წამოსწია. მაგალითად, ერთი ვერსიით, ირაკლი ოქრუაშვილმა პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყო მმართველ კოალიციასთან და ოპოზიციის მიერ ძალაუფლების ხელში აღების პროცესი ჩაშალა. ჩაშლილი საკრებულოს სხდომიდან ორი საათის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ნინო ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა და „თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსსა და პოლიტიკური პროცესების ჩიხში შეყვანაში დაადანაშაულა, თუმცა ზურაბიშვილს არაფერი უთქვამს ოქრუაშვილის პარტიის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე.

ზურაბიშვილის განცხადებას სწრაფადვე გამოეხმაურა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ თედლიაშვილი, და მას თანამდებობადაკარგული, რეალობას აცდენილი პოლიტიკოსი უწოდა. თედლიაშვილის აზრით, დეპუტატის მოვალეობა სხდომაზე სიარულია, რასაც თავისუფალი დემოკრატები აკეთებენ და თუ იქ ნაციონალებიც მიდიან, ეს იდეოლოგიურ თანხვედრას და პოლიტიკურ ალიანსს არ ნიშნავს.

ვითარება გორში უკიდურესად დაძაბულია. საკრებულო ხელმძღვანელობის გარეშეა დარჩენილი, არ მიიღება არანაირი გადაწყვეტილება, გორელების ნაწილი კი, რომელიც მიიჩნევდა, რომ პროცესი აქამდე დემოკრატიულად ვითარდებოდა, ახლა უკვე ქაოსსა და პოლიტიკურ ჩიხზე ლაპარაკობს, რომელსაც კანონმდებლობაც ვერ არეგულირებს.

XS
SM
MD
LG