Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტპატიმრები სრულ რეაბილიტაციას მოითხოვენ


სახალხო დამცველთან გამართული შეხვედრა
სახალხო დამცველთან გამართული შეხვედრა
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები დახმარებისათვის ომბუდსმენის ოფისს მიმართავენ. სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრაზე მათ განაცხადეს, რომ სრული რეაბილიტაციისათვის საჭიროა ნასამართლობის გაუქმება, სამსახურში აღდგენა და მთელი რიგი სხვა შეზღუდვებისგან გათავისუფლება. გარდა ამისა, ისინი ასევე მოითხოვენ მთელ რიგ საქმეებზე "გრიფით საიდუმლოს" მოხსნას. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებს მიაჩნიათ, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დევნილი, მაგრამ ამნისტიამდე გათავისუფლებული პირების საქმეებს შეისწავლის.

სახალხო დამცველთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე მისულ რამდენიმე ათეულ ყოფილ პატიმარს შორის იყო თემურ ჟორჟოლიანი - საქართველოს მონარქისტულ-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, რომელიც 2006 წელს ხელისუფლების დამხობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს, თუმცა, როგორც, თავად ჟორჟოლიანი ამბობს, პოლიტიკური საქმიანობისთვის მანამდეც არაერთხელ დაუჭერიათ:

თემურ ჟორჟოლიანი
თემურ ჟორჟოლიანი
"გამსახურდიამაც დამიჭირა თავიდან, 1995 წელსაც დამიჭირეს და სააკაშვილმაც დამიჭირა 2006-ში. არ მეკუთვნის კომპენსაცია? 6 წელი ვიჯექი!"

კომპენსაციების გარდა, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ადამიანები სამართლებრივ რეაბილიტაციასაც ითხოვენ. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ის და მის ბედში მყოფი ბევრი მოქალაქე ნასამართლობის გამო ვერ ახერხებს სამსახურის დაწყებას.

"ნასამართლობის მოხსნა გვაძლევს ძალიან ბევრ შეღავათს. ელემენტარულად არიან ადამიანები, რომლებიც ამის გამო ვერ ახერხებენ დასაქმებას. პირადად ჩემთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ ვარ სპეციალობით იურისტი, მაგრამ ნასამართლობის გამო ვეღარ ვახერხებ ადვოკატის ლიცენზიის აღებას. შესაბამისად, ეს გარემოება არის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი", - უთხრა ლევან გოგიჩაიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ლევან გოგიჩაიშვილი
ლევან გოგიჩაიშვილი
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა წუხილის გაზიარება, რომლებმაც ვერ მიიღეს პოლიტპატიმრის სტატუსი, თუმცა მათი საქმეები, ხშირ შემთხვევაში, ამნისტიით გათავისუფლებულ პირთა საქმეებზე უფრო მძიმეა. სახალხო დანცველი უჩა ნანუაშვილიც მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმართა გათავისუფლებით მხოლოდ საქმის ნაწილი გაკეთდა:

"კვლავ არის ბევრი საკითხი, რომელიც ღიად არის დარჩენილი - მათ შორის, ნასამართლობის თემა. პარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ნასამართლობის სტატუსის მოხსნა, ისევე როგორც უნდა მოხსნოდათ შეზღუდვები საჯარო სამსახურში მუშაობასა და მართვის მოწმობასთან დაკავშირებით. ასევე ძალიან ბევრ საქმეს ადევს გრიფი "საიდუმლო", რაც ასევე ბადებს კითხვის ნიშნებს. თუ ადამიანი აღიარებულია პოლიტპატიმრად, მაშინ საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება გაიგოს რა მოხდა რეალურად და ამის გამო ჩაიხედოს საქმეში".

საქმეში ჩახედვას დაჟინებით მოითხოვენ თავად ყოფილი პატიმრები. გენერალი ტრისტან წითელაშვილი, რომელსაც 2008 წლის 26 აგვისტოს სახელწიფო გადატრიალების ბრალდებით 8 წელი მიესაჯა, ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში საქმეები შეთითხნილია და საიდუმლოების გრიფიც ამის შესანიღბად არის დადებული:
ტრისტან წითელაშვილი
ტრისტან წითელაშვილი

"არც ერთი საქმე არ არის გადასინჯული. არადა, ეს საქმეები შეითითხნა სააკაშვილის ხელისუფლების დროს - წაგვიყენეს ფალსიფიცირებული ბრალი. ამიტომ მივმართავთ სახალხო დამცველს, რომ პროკურატურამ (რომელსაც მივმართეთ განცხადებებით) დაიწყოს დაუყოვნებლივ ჩვენი საქმეების გადასინჯვა. უნდა დაისაჯონ ის პირები, ვინც ჩვენი საქმეები შეთითხნა".

თუმცა პასუხად მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყოფილ პატიმრებს ვერაფრით დაეხმარებიან. პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ხათუნა პაიჭაძის თქმით, ლაპარაკია იმ საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც განაჩენები შესულია კანონიერ ძალაში:

"კანონი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ან განაჩენი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს განაჩენით ან გადაწყვეტილებით. ვინაიდან პროკურატურას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ბერკეტი, ბუნებრივია, ასეთი საქმეების განხილვას პროკურატურა ვერ მოახერხებს. ამიტომაც არის, რომ მიმდინარეობს მუშაობა ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე და ეს ადამიანები უნდა დაელოდონ ამ კომისიას".
სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირის რეაბილიტაციას, რასაც თავისი პროცედურა სჭირდება. ამიტომ პარლამენტს მოუწევს პასუხისმგებლობის ბოლომდე აღება და გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება...
ოთო კახიძე

როგორც ჩანს, კომისიის გარდა, ეს ადამიანები ასევე დაელოდებიან პარლამენტის გადაწყვეტილებასაც. არასამთავრობო ორგანიზაცია "პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" მკვლევარის ოთო კახიძის თქმით, დეპუტატებს მოუწევთ შეავსონ გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღებით გამოწვეული ხარვეზები.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები პარლამენტმა პოლიტპატიმრებად ცნო, გარკვეული იურიდიული კონტექსტიდან ეს საკითხი ამოვარდნილია. სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირის რეაბილიტაციას, რასაც თავისი პროცედურა სჭირდება. ამიტომ პარლამენტს მოუწევს პასუხისმგებლობის ბოლომდე აღება და გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, თუკი მათ უნდათ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ამ ადამიანების სხვადასხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად", - უთხრა რადიო თავისუფლებას ოთო კახიძემ.

კახიძე, როგორც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დარწმუნებულია, რომ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირთა დიდი ნაწილი არ ყოფილა პოლიტპატიმარი. მისი თქმით, ამ ადამიანებთან მიმართებით პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ხშირ შემთხვევაში დაბალი იყო მტკიცების სტანდარტი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG