29 ივნისს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა და ერთ თვეს გაგრძელდება ქართველი მოქანდაკე ქალის, ნინო წერეთლის, გამოფენა, რომელიც მისი დაბადებიდან 115 წლის იუბილეს მიეძღვნა. სულ 60-მდე ნამუშევარი გამოიფინა - ქანდაკებები, გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური კოსტიუმების ესკიზები და მოქანდაკის პირადი ნიშნები. 1920-იან წლებში საქართველოში მოქანდაკე ქალის გამოჩენა ხელოვნებათმცოდნეების ერთმა ნაწილმა რევოლუციურ მოვლენად შეაფასა. დღესაც, ნინო წერეთლის შემოქმედებაზე საუბრისას, ყველა თანხმდება, რომ მისი, როგორც ხელოვანის, გაბედულება მაშინდელი ეპოქის სტეროტიპებს არღვევდა.
სამხატვრო აკადემიის ქანდაკების კლასის არჩევა ქალის მიერ, თანაც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურობად მიიჩნიეს. მაშინ მოქანდაკეობას „ქალურ პროფესიად“ არავინ აღიქვამდა, ნინო წერეთელმა კი სწორედ ამ გზით სიარული არჩია და იაკობ ნიკოლაძის კლასში აღმოჩნდა. ნინო წერეთლის დაბადებიდან 115 წელი გავიდა და დღეს მისი მეუღლის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მისი ნამუშევრებია გამოფენილი. გამოფენის კურატორი ლელა წიწუაშვილი მოგვითხრობს, რომ აკადემიამდე იყო ცნობილი მხატვრის, მოსე თოიძის, სახელოსნოც:
„უკვე ის ფაქტი, რომ ასეთმა ნატიფმა გოგონამ აირჩია ასეთი პროფესია, რომელიც მაშინ კი არა, დიდი ხნის განმავლობაში სტერეოტიპულად ითვლებოდა, რომ ეს ქალის საქმე არ უნდა ყოფილიყო, ნინო წერეთელი იმ დროისათვის საკმაოდ რთულ ამოცანას შეეჭიდა. თუმცა ქანდაკებისადმი მისი ინტერესი გაცილებით ადრე დაიწყო, სამხატვრო აკადემიამდე. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ფერწერას გადიოდა მოსე თოიძის სახელოსნოში. სწორედ იქ გაუჩნდა პირველად ინტერესი ქანდაკებისადმი“.
ეს ის პერიოდი იყო, როცა აკადემიაში ასწავლიდნენ ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორებიც იყვნენ იოსებ შარლემანი, ეღიშე თათევოსიანი, ევგენი ლანსერე, გიგო გაბაშვილი და სხვები. როგორც ლელა წიწუაშვილი გვეუბნება, აკადემიაში იმ ეპოქის მხატვართა მთელი თანავარსკვლავედი იყო თავმოყრილი. ნინო წერეთელმა ქანდაკების კლასშიც ერთ-ერთი ყველაზე რთული ჟანრი აირჩია - პორტრეტი.
„ეს ჟანრი გამოირჩევა განსაკუთრებული ინტიმური და ლირიკული ხასიათით და, გარდა ამისა, შემოქმედის უაღრესად ფსიქოლოგიური წვდომით ადამიანის პიროვნების გახსნისადმი“.
ხელოვნებათმცოდნე გიორგი ხოშტარია ნინო წერეთლის მაიაკოვსკის ბიუსტს შეჰყურებს. ნახეთ, როგორი ტრაგიკულია! - ამბობს ხოშტარია. არადა, ნინო წერეთელს საიდან შეიძლება სცოდნოდა რა ტრაგიკულად დაასრულებდა სიცოცხლეს მაიაკოვსკი? დიდ მხატვრებს თითქოს წინასწარმეტყველების უნარი შესწევთ, გვითხრა გიორგი ხოშტარიამ.
ნინო წერეთელს იხსენებენ როგორც იმ დროისათვის ძალიან გამორჩეულ, თამამ და გაბედულ ქალს. ეს მხოლოდ მის ნამუშევრებში არ ჩანდა, მოგვითხრობს ლელა წიწუაშვილი.
„ისეთ პერიოდში ჩნდებოდა ხოლმე შარვლით, რომ მაშინ ისეთივე გაბედული ნაბიჯი იყო,როგორც ქანდაკების ჟანრის არჩევა ქალის მიერ“.
1927 წელს ქალის ტორსი გამოაქანდაკა. იმ დროისათვის ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო - ადამიანურობით და ინტიმურობით სავსე ქანდაკების გამოჩენა მონუმენტალიზმის ეპოქაში. ეს უკვე ის დროა, როცა იაკობ ნიკოლაძის დახვეწილი სკულპტურული ხედვა და სტილი, ფაქტობრივად, იკარგება და იმ დროისათვის დამახასიათებელი პროპაგანდისტული ხელოვნება ცვლის. მას მერე დგება და რამდენიმე ათეული წელი გრძელდება, გვეუბნება ლელა წიწუაშვილი, ქვასა და ბრინჯაოში ნაკვეთი უზარმაზარი კერპების პერიოდი.
გამოფენის გახსნას თბილისში ესწრებობოდა ნინო წერეთლის ვაჟი, ჯუანშერ ამირანაშვილი, რომელიც სულ 4 თვისა იყო, როდესაც დაობლდა. ნინო წერეთელი 37 წლის ასაკში სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა. როგორც მისმა ვაჟმა გვითხრა, მოქანდაკის არაერთი ნამუშევარი დღეს დაკარგულად ითვლება.
ნინო წერეთელი ერთ-ერთი პირველი მოქანდაკე ქალი იყო, რომელიც კოტე მარჯანიშვილის თეატრში დეკორატორად მიიწვიეს და სპექტაკლის გაფორმება სთხოვეს. პირველად მხატვარ პეტრე ოცხელთან ერთად შექსპირის "ოტელოზე" იმუშავა. 1931–1932 წლებში მხატვარ სოლიკო ვირსალაძესთან ერთად იმუშავა ოპერის თეატრში წარმოდგენილ ოპერა ,,ვილჰელმ ტელის’’ კოსტიუმების ესკიზებზე. გეგმა და სურვილი ბევრი იყო, დრო კი - ძალიან ცოტა. ,,დრო გარბის და მე რის გაკეთების სურვილიც მაქვს, ვერ ვახერხებო’’, – ხშირად იმეორებდა თურმე ამ სიტყვებს ნინო წერეთელი. თუმცა, ლელა წიწუაშვილის აზრით, ნინო წერეთლის დღემდე შემორჩენილი ნამუშევრები სრულად ამბობს სათქმელს და იმ ეპოქის სურათსაც ხატავს:
„ნინო წერეთლის შემოქმედება, ალბათ, გარკვეულწილად სტერეოტიპების დარღვევაა - ჯერ ერთი, იმიტომ რომ იყო ქალი მოქანდაკე, და, მეორეც, იმიტომ რომ იმ ეპოქაში ასეთ უდახვეწილეს ხელოვნებას ქმნიდა“.
პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის გამოფენა ხელოვნების მუზეუმში 29 ივლისამდე გაგრძელდება.