Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NCDC: იტალიიდან დაბრუნებული ყველა პირი თვითიზოლაციაში ან კარანტინში უნდა გადავიდეს


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იტალიიდან დაბრუნებულთათვის კონკრეტულ რეკომენდაციებს იძლევა.

ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ან კარანტინში უნდა გადავიდნენ:

„თუ მგზავრს საზღვარზე უფიქსირდება ტემპერატურა, ხველა, ქოშინი, სხვა რესპირაციული სიმპტომები, ის გადაყვანილი იქნება ინფექციურ საავადმყოფოში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი პირს საზღვარზე არ უფიქსირდება სიმპტომები, ის ორი კვირის განმავლობაში უნდა დარჩეს თვითიზოლაციაში. თუ, პირს არ აქვს თვითიზოლაციის საშუალება, მაშინ ის გადადის კარანტინში“, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით არ იძლევა იტალიაში ფრენების შეჩერების რეკომენდაციას.

5 მარტს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაადასტურა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა, სხვა სამ პაციენტთან შედარებით „უფრო მძიმეა“:

„დაავადება გამოუვლინდა ტემპერატურის მატებით - 38,5-ზე მეტია ტემპერატურა. დაწყებულია მკურნალობა. გუშინდელი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია. დაავადება არ პროგრესირებს და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ტემპერატურა გუშინ მერყეობდა 38.5-სა 39.5 შორის“, - ამბობს მარინა ეზუგბაია.

44 წლის კაცი იტალიიდან საქართველოში კვირას ჩამოფრინდა. ინფექციურ საავადმყოფოს ვირუსის ნიშნებით 4 მარტს, დილით მიაკითხა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ დღეების განმავლობაში ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა:

„ის საქართველოში ჩამოფრინდა კვირას. თითქოს სიმპტომების გარეშე. შემდგომ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და ამის გამო მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან ე.წ. კონტაქტში მყოფი 20 პირი, მათ შორის 15 პირი თვითმფრინავიდან:

„გაფართოებული ეპიდკვლევის მიზნით, ანუ კონტაქტების დადგენის მიზნით, 4 მარტის საღამოდანვე ჩაერთო პროცესში ეპიდემიოლოგიური სამსახური. 5 მარტის დილისთვის მოძიებულია 20 კონტაქტი და მიმდინარეობს მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა“.

ცენტრის ინფორმაციით, ახლო კონტაქტად განისაზღვრება ყველა ის პირი, რომელსაც ერთი მეტრის დისტანციაზე, 15 წუთზე ხანგრძლივი დროით ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი:

„ჩვენ სწორედ ამ კრიტერიუმით ვხელმძღვანელობთ და შესაბამისად, მეოთხე ინფიცირებულის შემთხვევაში, ძალიან სწრაფად მოხდა ყველა კონტაქტის იდენტიფიცირება. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ამოვწუროთ ეს საკითხი, რადგან ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა კონტაქტი დროულად იქნას იდენტიფიცირებული და გატარებულ იქნას ყველა შესაბამისი ღონისძიება“.

COVID 19-ის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

5 მარტის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით კარანტინში იმყოფება 162 ადამიანი.

31 ადამიანი მკურნალობას განაგრძობს ინფექციურ საავადმყოფოებში.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯამში, საქართველოს მასშტაბით, საკარანტინე სივრცეებში გამოყოფილია 500-მდე საწოლი. მისივე თქმით, იგეგმება დამატებითი საკარანტინე სივრცეების გამოყოფა ყველა რეგიონში.

XS
SM
MD
LG