Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაკ ბერი - ნაწილი I


18 მარტს, 90 წლის ასაკში, გარდაიცვალა ამერიკელი მომღერალი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი, როკენროლის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გავლენიანი შემსრულებელი ჩარლზ (ჩაკ) ედვარდ ანდერსონ ბერი.

ჩაკ ბერი 1926 წელს მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში დაიბადა. მისი პირველი ინსტრუმენტი ოთხსიმიანი გიტარა გახლდათ, რომელიც 15 წლის ასაკში მოიხელთა და უფროსების დახმარებით მალევე დაეუფლა ბლუზის შესრულების ტექნიკას. სამწუხაროდ, მუსიკით გატაცება დიდხანს არ გაგრძელებულა. კრავივით ბიჭი არ ეთქმოდა და 1944 წელს მეგობრებთან ერთად შეიარაღებული ძარცვისთვის დააკავეს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ კი დაოჯახდა და, როგორც იტყვიან, ჭკუაში ჩამდგარი, რომელიღაც ქარხანაში დასაქმდა. თუმცა ბლუზის სიყვარული მოსვენებას მაინც არ აძლევდა. ოთხსიმიანი ინსტრუმენტი ნამდვილი ელექტროგიტარით ჩაანაცვლა და საშემსრულებლო ოსტატობის დახვეწას შეუდგა. სწავლობდა წიგნებიდან, ფულის გადახდა არც კერძო გაკვეთილებში ენანებოდა, თუმცა, როგორც თავად იხსენებდა, ყველაზე დიდი ცოდნა სახელოვანი გიტარისტების ჩანაწერების სმენისას შეიძინა. ასეთებად კი ჯაზმენ ჩარლი კრისტიანსა და ტეხასელ თი ბოუნ უოკერს ასახელებდა.

1952 წელს სენტ-ლუისში 26 წლის ჩაკ ბერის სასცენო დებიუტი შედგა. როგორც მომღერალი და გიტარისტი, ტრიოს ლიდერად იქცა, რეპერტუარი კი მრავალფეროვანი ჰქონდა. ასრულებდა მადი უოტერსის ჩიგაკურ ბლუზებს, ნეტ კინგ კოულისეულ ბალადებს და არც ჰარი ბელაფონტეს კარიბულ მოტივებს არიდებდა თავს. მისი მიზანი სხვადასხვა გემოვნების, მათ შორის, თეთრკანიანი მსმენელის მოხელთება გახლდათ. შესაბამისად, ისეთ ჟანრებშიც იჭრებოდა, როგორებიცაა, მაგალითად, ქანთრი და ჰილ-ბილლი. არტისტის წამოწყებამ გაამართლა. ჩაკ ბერის თაყვანისმცემელთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა, რასაც, რეპერტუარის ჟანრობრივი მრავალფეროვნების გარდა, მისი სასცენო ქარიზმაც განაპირობებდა. ზემოხსენებულ მუსიკალურ მიმდინარეობებს ჟანრისთვის დამახასიათებელი დიქციითა და საშემსრულებლო მანერით წარმოადგენდა, თხზავდა სასაცილო ლექსებსა და აუდიტორიას საკუთარი გამორჩეული იუმორის გრძნობით ხიბლავდა.

სენტ-ლუისის კლუბურ სცენებზე გატარებულმა სამწლიანმა პერიოდმა ჩაკ ბერის სახელი კი გაუთქვა, მაგრამ შესაძლებლობების სრულად გამოვლენისთვის გაცილებით დიდი გასაქანი სჭირდებოდა. ამასთანავე, ჰონორარების სიმცირის გამო, ვერც ოჯახის რჩენას ახერხებდა და ქარხანაში მუშაობა მაინც უწევდა. არტისტს კარგად ესმოდა, რომ კარიერული წინსვლისა თუ ფინანსური კეთილდღეობისათვის ალბომების გამოცემა უნდა დაეწყო. ჰოდა, ერთ-ერთ შაბათ-კვირას ჩიკაგოში გაემგზავრა და იმ კლუბს მიაშურა, სადაც მადი უოტერსი ეგულებოდა. სენტ-ლუისელის ქარიზმითა და მონდომებით მოხიბლულმა უოტერსმა ბერის სახელოვანი ხმის ჩამწერი ლეიბლის, "Chess Records"-ის, ერთ-ერთ მფლობელთან, ლეონარდ ჩესთან, უშუამდგომლა. როგორც მსგავს სიტუაციებში ხდება ხოლმე, ახალგაზრდისგან საავტორო სიმღერის დემო-ჩანაწერი მოითხოვეს. ჩაკ ბერიმ დამალა ის ფაქტი, რომ აქამდე სულ ქავერებს ასრულებდა და საკუთარი არაფერი ებადა. სენტ-ლუისში დაბრუნებულმა სახელდახელოდ ტექსტები შეაკოწიწა და ტრიოსთან ერთად იაფფასიან მაგნიტოფონზე რამდენიმე სიმღერა ჩაწერა. მომდევნო კვირას ლეონარდ ჩესი უკვე 4 კომპოზიციას ისმენდა: არტისტის საავტორო თხზულებას "Wee Wee Hours"-ს და ქანთრის ელემენტებით გაჯერებულ რიტმენბლუზურ ნაწარმოებებს: "You Can't Catch Me," "Thirty Days" და "Ida Red". ეს უკანასკნელი ამერიკული ხალხური სიმღერის ჩაკ ბერისეული ინტერპრეტაცია გახლდათ, რომელიც "ჩეს რეკორდსის" მფლობელს ყველაზე მეტად მოეწონა, ტექსტის გარკვეული რედაქტირება მოახდინა, რიტმის სექცია გააძლიერა და სიმღერას "Maybellene" დაარქვა.

იმაზე, თუ როგორი გამოდგა ჩაკ ბერის დებიუტი ხმის ჩამწერ ინდუსტრიაში და როგორ წარიმართა არტისტის შემოქმედება, მომდევნო სიუჟეტში ვისაუბრებ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG