Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბან ბაირამოვიჩი


შაბან ბაირამოვიჩი
შაბან ბაირამოვიჩი
შაბან ბაირამოვიჩის ცხოვრებისეული დეტალები ბურუსით გახლავთ მოცული - როგორც ნაღდ ბოშა კაცს შეეფერება, ნაირ-ნაირი ლეგენდებითაა გაჯერებული. მუსიკის ისტორიაში არც იმდენი რამ გაუკეთებია, მისი ბიოგრაფიული წიგნისთვის ვინმეს თავი გამოედო. ამ ჩემი ცოდვით სავსეს წამლად პროდიუსერებიც კი არასოდეს ჰყოლია – ამბავს მათ მაინც დაეკითხებოდა კაცი. მეტი რა ჩარაა? იმ მწირ ინფორმაციას უნდა დავჯერდე, რომელიც რამდენიმე უხეირო ფანგვერდზე ვიპოვე. თუმცა ჯობს აქ მუსაიფის ქარგა დავარღვიო და ჯერ თავად ბოშა მივუშვა.



ამბობენ, რომ 1936 წელს ქალაქ ნიშში დაიბადა, ახლანდელი სერბიის ტერიტორიაზე. სკოლაში დიდხანს ვერ გაძლო, ხელიდან მალე წავიდა, სწავლა 4 წლის თავზე მიატოვა და ქუჩის მარაქაში გაერია. არა, გამვლელებს არას ერჩოდა და მოწყალებას არ თხოულობდა. ამ მხრივ დიდ ბელგიელ ნათესავს ჯანგო რეინჰარტს ჰგავდა – პატარა შაბანიც მხოლოდ მუსიკის სიყვარულით სულდგმულობდა: ქუჩური პერფომანსებით ირჩენდა თავს. ცხრამეტი წლის რომ შეიქნა, იუგოსლავიის შეიარაღებულ ძალებში იხმეს. არადა, რა მისი საქმე იყო იარაღის ტრიალი? თანაც, იმხანად ერთი წიწკვი გოგო უყვარდა, თანდაყოლილმა ბოშურმა ტემპერამენტმაც ივარგა და ტიტოსთან პატრიოტულ არშიყობას სატრფო არჩია. დეზერტირობა კი ძვირად დაუჯდა – 5 წელი მიუსაჯეს, ადრიატიკის ზღვაში, ღვთისგან მივიწყებულ კუნძულზე, გოლი ოტოკის ციხეში უკრეს თავი. ამბობდა ხოლმე, ჯიბგირებსა და არამზადებს შორის გატარებულმა წლებმა „კაცურ კაცად“ მაქციესო. ნამდვილად არ ვიცი, განსხვავდებოდა თუ არა „კაცურკაცობის“ ქართული ვერსია შაბანისეული ვარიანტისგან, მაგრამ ციხეში რომ არ იწყენდა, ფაქტია: ჯერ ე.წ. „ზეკების“ საფეხბურთო გუნდის მეკარეობა ანდეს და მოხერხებულობის გამო „შავი პანტერა“ შეარქვეს; შემდეგ იქაურ ანსამბლშიც გაწევრიანდა, სადაც, ბოშური ფოლკლორის გარდა, არმსტრონგის, სინატრასა და ჯონ კოლტრეინის თემების შესრულებასაც არ თაკილობდა.



შაბანი საპატიმროდან ულვაშის ამარა გამოვიდა. სატრფო გათხოვილი დაუხვდა. ერთხანს კი იდარდა, მაგრამ არც ძალიან გამოუდვია თავი. ქალაქ-ქალაქ დაიწყო ხეტიალი, სიყვარულზე ხმამადლიანად ამღერდა. მამაკაცები ზოგჯერ სევდას რომ მოვიხდენთ ხოლმე და ამით მოგვაქვს თავი, იმგვარ სევდას ვგულისხმობ - არხეინ სევდას. ქალები კი ჭკუას კარგავდნენ ქარიზმატულ, ინტელიგენტ ბოშაზე. ცეცხლოვანი ტემპერამენტის გამო უარის თქმა თავადაც უჭირდა. საყვარლები, ცოლები თუ შვილები მთელ ბალკანეთში მიმოფანტა, თანაც ისე, რომ სიცოცხლის ბოლოს მათი რაოდენობის დასახელებაც კი უძნელდებოდა. 1964 წელს შაბანმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა, რომელმაც მოუტანა კიდეც პირველი საყოველთაო აღიარება. თუ მუსიკოსის ფანებს ვენდობით, ბოშურ თუ ბალკანურ თემებზე, ჯამში, სულ 650-მდე სიმღერა შექმნა, რომლებსაც მისი კოლეგები აიტაცებდნენ ხოლმე ან, უბრალოდ, ურცხვად იპარავდნენ. მენეჯერი და პროდიუსერი რომ არ ჰყოლია, უკვე ვთქვი, ჰოდა, საავტორო უფლებებითაც არც არასოდეს დაინტერესებულა. მთელი ცხოვრება საკუთარი სიამოვნებისთვის წერდა და მღეროდა, საოცარი გულწრფელობითა თუ მიამიტობით. ლაღი და ბედნიერი, საკუთარ მშობლიურ ქალაქში 72 წლის ასაკში აღესრულა. დაკრძალვაზე, სერბიის პრეზიდენტის ჩათვლით, ათი ათასმა კაცმა დაიტირა, ბოშების მეფედ შერაცხეს და სიმღერით გააცილეს - უფრო სწორად კი, ბოშათა ჰიმნით, რომელიც, მე რომ მკითხოთ, მასზე უკეთ არც არავის უმღერია.

XS
SM
MD
LG