ქვეყნისა და ქალაქის მასშტაბით გარემოსდაცვითი პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები, გარემოს დაცვა პოლიტიკურ დღის წესრიგში და მწვანე აქტივიზმის გაფართოების აუცილებლობა იყო ქუთაისის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართული საჯარო შეხვედრის ძირითადი თემები. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილებისა და გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ეკოლოგიით დაინტერესებულმა აქტივისტებმა.
სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლის, ირაკლი კუპრაძის, განცხადებით, მოძრაობამ გამოიკვლია, რომ 2008 წლიდან მწვანე პოლიტიკის საკითხები მხოლოდ რამდენჯერმე მოექცა პოლიტიკური პარტიების პროგრამებში. ირაკლი კუპრაძის თქმით, 2012 წელს გარემოსდაცვითი საკითხები მეტწილად სწორად და სრულყოფილად იყო გაწერილი „ქართული ოცნების“ სამოქმედო პროგრამაში, რომელიც მმართველმა პარტიამ პრაქტიკულად არ განახორციელა. აქტივისტის ინფორმაციით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატთა პროგრამებში გარემოს დაცვის საკითხებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, რაც, ირაკლი კუპრაძის შეფასებით, გარემოს დაბინძურებისა და ეკოლოგიის პრობლემებით სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებისა და აქტივობის შედეგია:
ხშირ შემთხვევაში, ხდება ხეების განზრახ დაზიანება დაინტერესებული პირების მიერ და წინასწარ დაჩხვლეტა, რაღაც ხსნარების და მჟავების დასხმა და შემდეგ კერძო, არარსებული კომპანიების მიერ დასკვნების მომზადება ამ დაზიანებულ ხეებზე და ნებართვების გაცემა მათი გაჩეხისთვის...ირაკლი კუპრაძე
“პოლიტიკური პარტიების პროგრამებში გარემოს დაცვის საკითხები ყოველ არჩევნებზე, დაახლოებით, 5-6 %-ით იზრდებოდა, 2017 წელს კი ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი ქალაქებში თვითმმართველობის არჩევნებში გამოდიოდა ეკოლოგიური ლოზუნგებით, მწვანე პოლიტიკით და ამ ყველაფერმა გამოიწვია საზოგადოებაში არა მხოლოდ თემისადმი, არამედ სიტყვისადმი „მწვანე“ ძალიან დიდი ინტერესი. გაჩნდა კერძო სივრცეებში „მწვანე უბანი“, „მწვანე ტერასა“ და მწვანე ფერი, ზოგადად, მისაღები გახდა საზოგადოებისთვის“.
„მწვანე მუშტის“ წარმომადგენელ ირაკლი კუპრაძისავე განცხადებით, ხელისუფლებისთვის დღემდე აქილევსის ქუსლად რჩება გარემოს დაცვის საკითხებში საჯარო და ბიზნესინტერესების შეუთავსებლობა. აქტივისტმა ილაპარაკა ბოლო დროს დამკვიდრებულ ცუდ პრაქტიკაზე, როცა კერძო მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მწვანე ნარგავებს მიზანმიმართულად ანადგურებენ:
„ხშირ შემთხვევაში, ხდება ხეების განზრახ დაზიანება დაინტერესებული პირების მიერ და წინასწარ დაჩხვლეტა, რაღაც ხსნარების და მჟავების დასხმა და შემდეგ კერძო, არარსებული კომპანიების მიერ დასკვნების მომზადება ამ დაზიანებულ ხეებზე და ნებართვების გაცემა მათი გაჩეხისთვის“.
ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ხვიჩა ვაშაყმაძის, შეფასებით, ყოველწლიურად თვალშისაცემი ხდება, თუ როგორ იკარგება ქუთაისში მწვანე სივრცეები და სკვერების ნაცვლად ჩნდება შენობა-ნაგებობები:
„ვაკვირდები ქალაქს და სკვერები უკვე თითზე ჩამოსათვლელი დარჩა. ფაქტობრივად, სკვერი ქუთაისში აღარ დაგვრჩა. ქუთაისი თანდათან კარგავს საზოგადოებრივი თავშეყრის და რეკრეაციულ ადგილებს. გადაბრალების პოლიტიკა ძალიან აქტუალური იყო, რომ სკვერში მშენებლობის ნებართვა წინა ხელისუფლებამ გასცა და ა. შ., მაგრამ ტრადიცია გრძელდება და ყველა ხელისუფლება ერთი და იგივე ხელწერით აგრძელებს მუშაობას“.
გარემოს დამცველთა საპასუხოდ, ქუთაისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ნატო ბურჯალიანი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა გეგმავს განაშენიანებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქში მშენებლობების მოწესრიგებას. ნატო ბურჯალიანის ინფორმაციით, მწვანე საფრისა და რეკრეაციული ზონის გასაზრდელად ქუთაისის მერიამ ბოლო ერთ წელიწადში რამდენიმე სკვერი მოაწყო:
„ბუხაიძის ქუჩაზე გაკეთდა ახალი სკვერი, ამოშენდა მდინარე ოღასკურას სანაპიროზე ერთი კედელი, მოწესრიგდა სანაპირო და მოეწყო სავალი ბილიკები, დასასვენებელი ადგილები, დაირგო ნერგები და მიემატა მწვანე საფარსაც. მეორე სკვერი გაკეთდა რუსთაველის ქუჩაზე, პრესის სახლის მიმდებარედ. სულხან-საბას ქუჩაზე მოეწყო ერთი სკვერი და საპატრულო პოლიციასთან გაკეთდა პატარა სკვერი, ანუ პატარ-პატარა სკვერებზეა საუბარი“.
ეკოლოგი ქეთევან ცხაკაია მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვის საკითხები კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს, მწვანე პოლიტიკა კი, თავის მხრივ, უნდა გულისხმობდეს როგორც გამწვანებისა და ბუნებრივი გარემოს მოვლას, ისე ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებას, ურბანული განაშენიანების სწორად დაგეგმვას და ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებასა და აღსრულებას. ქეთევან ცხაკაიას განცხადებით, ქუთაისში სამი მდინარიდან ყველაზე პატარა, ოთხ კილომეტრამდე სიგრძის მდინარე რუა მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული, ისევე როგორც მდინარე ოღასკურა, რომლის ჩახერგილი კალაპოტი ძლიერი წვიმის დროს წყალს ვეღარ ატარებს და ისევ მოსახლეობას აზარალებს:
„მდინარეების ერთ-ერთი ძალიან დიდი დამაბინძურებლები არის ნარჩენები და როცა ქალაქზე ვლაპარაკობთ, კომპლექსურად უნდა შევხედოთ, რა მდგომარეობაა და ურბანიზაცია, ზოგადად, ძალიან დიდ პრობლემას ქმნის გარემოსთვის“.
ქუთაისის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ მწვანე პოლიტიკაზე სასაუბროდ შეკრებილთა განცხადებით, გარემოს დაცვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სამთავრობო სტრუქტურებს, ასევე სამოქალაქო სექტორსა და მოსახლეობას. დისკუსიის მონაწილეთა აზრით, აუცილებელია პოლიტიკური ნება, რათა გარემოს დაცვის საკითხების გადაჭრა გააქტიურდეს და, ამასთან, აუცილებელია მწვანე აქტივიზმის გაფართოება არა მხოლოდ მრავალწლოვანი ნარგავების მოჭრის წინააღმდეგ, არამედ გარემოს დაბინძურების, ნარჩენების შეგროვებისა და სხვა ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.