არასაპარლამენტო ოპოზიცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, კონსულტაცია გამართოს პრემიერ-მინისტრთან და მხოლოდ ვითარებაში სათანადოდ გარკვევის შემდგომ წარუდგინოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა. რა არგუმენტებით ამაგრებს ოპოზიცია თავის მოთხოვნას და აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება ცვლილება შეიტანოს მთავრობის შემადგენლობაში?
საქართველოს პრეზიდენტისათვის გაგზავნილ მიმართვას ხელს აწერს სამი არასაპარლამენტო პარტია: „მემარცხენე ალიანსი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული დასი“:
„ბატონო პრეზიდენტო, გაცნობებთ, რომ ქართულ საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების პროცესში, მინისტრების კანდიდატურების შერჩევის დროს, პრემიერ-მინისტრზე განხორციელდა ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა არაუფლებამოსილი, კონსტიტუციური სტატუსის არმქონე მხარის მიერ, რითაც დაირღვა კონსტიტუცია“.
ეს არის კონსტიტუციის უხეშად დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა! შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა...ჯონდი ბაღათურია
როგორც მიმართვის ერთ-ერთმა ავტორმა, პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ, უთხრა რადიო თავისუფლებას, მისთვის აშკარაა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა შეარჩია არა პრემიერ-მინისტრმა, არამედ ბიძინა ივანიშვილმა:
„ეს არის კონსტიტუციის უხეშად დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა! შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და არ უნდა წარადგინოს კონსტიტუციის დარღვევით ფორმირებული მთავრობა მანამ, ვიდრე არ დარწმუნდება კანონიერებაში. ასე რომ, მივმართავთ პრეზიდენტს, შეხვდეს პრემიერ-მინისტრს, გამოიკვლიოს სათანადოდ რა ტიპის ზეწოლას თუ შანტაჟს ჰქონდა მის მიმართ ადგილი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, წარადგინოს თუ არ წარადგინოს მთავრობის ასეთი შემადგენლობა“.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას, პრეზიდენტი კი, არაუგვიანეს შვიდი დღისა, მიმართავს პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად. გიორგი მარგველაშვილმა გამოიყენა კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს უფლება და მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა პირველი მაისიდან რვა მაისისათვის გადადო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ეს ფუნქცია არის არალოგიკური და არაბუნებრივი:
„ვინაიდან პრეზიდენტს აქვს მხოლოდ ერთადერთი ვალდებულება, რომ ერთი კვირის ვადაში პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა. მას არ აქვს უფლება რაიმე ცვლილება შეიტანოს მთავრობის შემადგენლობაში“.
თავისუფალი უნივერსტიტეტის პროფესორი, იურისტი დავით ზედელაშვილიც ამბობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მხოლოდ მთავრობის წარდგენის პროცედურაზე:
„პროცესის შედეგთან დაკავშირებით პრეზიდენტს არავითარი გავლენა არ აქვს. მას შეუძლია მხოლოდ უზრუნველყოს ის, რომ მთავრობის ფორმირების პროცედურა წარიმართოს რაციონალურად და ამის ერთადერთი გზა არის ამ პროცესის გახანგრძლივება, რაც გააკეთა კიდეც პრეზიდენტმა“.
„მემარცხენე ალიანსის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ქართული დასის“ მიმართვას ხელს არ აწერენ სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები, თუმცა, მმართველი კოალიციის გარდა, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ მთავრობის შემადგენლობის ფორმირებასა და ქვეყნის მართვაში არაუფლებამოსილი პირი მონაწილეობს. ზურაბ ხარატიშვილი, ხელმძღვანელი პარტიისა „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, ამბობს:
„პოლიტიკურმა სპექტრმა, სამოქალაქო სექტორმა ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა მიმართოს ბატონ ივანიშვილს, რომ ან გამოვიდეს კულისებიდან და მართოს და პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რაც ხდება და როგორც ვითარდება ქვეყანა, ან წავიდეს პოლიტიკიდან მთლიანად. ასე ნახევრად წასვლა ძალიან ჰგავს ნახევრად ფეხმძიმობას, რაც კარგ შედეგს არ მოიტანს. ამიტომ ახლა, როცა ლაპარაკია მინისტრთა კაბინეტის წარდგენაზე, არის ისეთი სიტუაცია, როცა უმრავლესობამ თავისი რეალური ლიდერი უნდა წარადგინოს“.
რაც შეეხება მიმართვის ადრესატს, საქართველოს პრეზიდენტს, რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხთან დაკავშიებით კომენტარს არ გააკეთებს.