Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ლარის ვარდნას დროებით მოვლენად აფასებს


ეროვნული ვალუტის კუპიურები ყვარლის ფულის მუზეუმში
ეროვნული ვალუტის კუპიურები ყვარლის ფულის მუზეუმში

ერთი ამერიკული დოლარი – 2.4802 ლარი. ასეთი იყო 7 სექტემბერს ოფიციალური კურსი,რომელიც დღის ბოლოს შეიცვალა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4630 ლარი გახდა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 10 პუნქტით დაეცა – ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის განსხვავებულ მიზეზებზე საუბრობენ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში. მმართველი ძალა ამ მოვლენას ერთჯერადსა და „სეზონურს“ უწოდებს, ოპოზიცია კი პასუხს ხელისუფლებას სთხოვს და უმოქმედობაში ადანაშაულებს.

გადმოწერა

„ლარის გაუფასურება ერთჯერი, „სეზონურ მოვლენაა“ – ასე გამოეხმაურა 7 სექტემბერს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის 10 პუნქტით გაუფასურების ფაქტს. ქუმსიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის მოსაზრებასაც უპასუხა, რომლის თანახმად, ლარის გაუფასურების მიზეზი ფინანსთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის ნაშთების – ნახევარი მილიარდი ლარის კომერციულ ბანკებზე გასესხება გახდა.

„დღეს ფულადი ბაზარი ისეა მოწყობილი, როგორც ზიარჭურჭელი და იმდენივე თანხებით, რამდენიც ხაზინის მხრიდან განთავსდა კომერციულ ბანკებში, პრაქტიკულად, შემცირდა რეფინანსირება ეროვნული ბანკიდან. შესაბამისად, ამას არ ჰქონია ზეგავლენა ფულის მთლიან მიწოდებაზე. პირველი რვა თვის განმავლობაში, საგადასახდელო ბალანსში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს, ტურიზმი, ექსპორტი და ფულადი ჩარიცხვები იზრდება. ჯამურად, 700 მილიონი დოლარით არის გაუმჯობესებული აღნიშნული, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს კურსის სტაბილურობაზე. რაც შეეხება ლარის სტაბილურობას, ჩემი დაკვირვებით, ეს არის სეზონური მოვლენა, რომელმაც უკვე გადაიარა“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ორი თვის განმავლობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს მიაწოდა სამთვიანი საკრედიტო რესურსი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ლარის მთელი მასის 9%-ს. თქვენ ყველამ იცით, რომ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებიდან აქეთ იღებს სესხს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. ვის მოუვიდა აზრად, რომ ბიუჯეტის ნაშთებით დაიწყოს მევახშეობა, ფულის გაპროცენტება? ...
რომან გოცირიძე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ლარის გაუფასურებას ფსიქოლოგიური ფაქტორით ხსნის. ლარის კურსის დევალვაციას კოვზანაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დევალვაციის ფუნდამენტური მაკროეკონომიკური საფუძვლები ქვეყანაში არ არსებობს. მისივე განმარტებით, აგვისტოს ბოლოს, სავალუტო ბაზრის მონაწილეებმა, დაბალი კურსის პირობებში, დამატებითი შესყიდვები განახორციელეს, რამაც ლარის კურსზე ზედმეტი გავლენა მოახდინა:

„ჩვენს ქვეყანაში ლარის მკვეთრი დევალვაციის არანაირი მაკრო-ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოძრაობა იყოს ორივე მიმართულებით, როგორც გამყარების, ისე დევალვაციის კუთხით. მთელი ზაფხულის განმავლობაში, მოსახლეობა ხედავდა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება ხდებოდა. ეროვნულმა ბანკმა 110 მილიონი დოლარის შესყიდვა განახორციელა. ამით ხელი შეუწყო ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას. რაც ხდებოდა აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში, ეს იყო ფაქტორი, როდესაც, საერთო მოლოდინიდან გამომდინარე, სავალუტი ბაზრის მონაწილეობამ, ლარის ასეთი კურსის პირობებში, განახორციელა დამატებითი დოლარების შესყიდვა, რომელმაც მოახდინა გავლენა ლარის კურსზე. ეს არის დროებითი მოვლენა“.

თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს და ლარის კურსის ვარდნაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ, ლარის კურსის ვარდნის თვალსაზრისით, არავითარი ფუნდამენტური საფუძველი, არც საშინაო და არც საგარეო ფაქტორი, არ არსებობს. დოლარი დასუსტდა თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებით, საშინაო ფაქტორს რაც შეეხება, ამბობს გოცირიძე, სავალუტო ნაკადების ცვლილება ქვეყანაში დადებითია. მაშინ რა ხდება? რატომ გაუფასურდა ლარი ასე მოულოდნელად? გოცირიძე აცხადებს, რომ ძაღლის თავი ფინანსთა სამინისტროს ეზოშია დამარხული.

„ფინანსთა სამინისტრომ შემოიღო ახალი ინსტრუმენტი – 5 ივლისს დაიწყო ბიუჯეტში წლობით ნაგროვი ნაშთების გასესხება კომერციულ ბანკებზე და თქვენ იცით, რა რაოდენობის ფული მისცა სესხად, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ხაზინამ ე.წ. ახლად შემოღებული სახაზინო აუქციონების მეშვეობით?! – ნახევარი მილიარდი ლარი. ორი თვის განმავლობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომერციულ ბანკებს მიაწოდა სამთვიანი საკრედიტო რესურსი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ლარის მთელი მასის 9%-ს. თქვენ ყველამ იცით, რომ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებიდან აქეთ იღებს სესხს ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად. ვის მოუვიდა აზრად, რომ ბიუჯეტის ნაშთებით დაიწყოს მევახშეობა, ფულის გაპროცენტება? ფინანსთა სამინისტრომ, მთავრობამ უნდა აგოს ამაზე პასუხი და თქვას, ვის თავში დაიბადა ეს მავნე მექანიზმი“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი არ ფიქრობს, რომ ლარის კურსი დოლარის მიმართ რადიკალურად გაუარესდა. რადიო „თავისუფლების“ დილის ეთერში სტუმრობისას მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საამისო არც საგარეო და არც საშინაო სერიოზული მიზეზები არ არსებობს. გარემოებებს შორის, რასაც შეეძლო ლარი გაეუფასურებინა, ჯანიაშვილი ასახელებს მიმოქცევაში ფულადი მასის ზრდას და იმ მოლოდინებს, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება და რომელსაც ჯეროვნად ვერ მართავს ქვეყნის ცენტრალური ბანკი.

ჯანიაშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ კვირაში ქართული ლარი 10 პუნქტით გაუფასურდა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ეს, მისი შეფასებით, მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების საშინაო პოლიტიკაზე.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG