Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მუქარა: „ევროკავშირთან შეთანხმება ძვირად დაგიჯდებათ!“


ვლადიმირ პუტინი გაზგამანაწილებელ სადგურზე
ვლადიმირ პუტინი გაზგამანაწილებელ სადგურზე

როგორც კი საქართველომ, მოლდავეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ევროკავშირთან საპარტნიორო შეთანხმებებს, რუსეთმა ჩვეული სიმკაცრით განაცხადა, რომ ხსენებული ქვეყნებისთვის ამ დოკუმენტების გაფორმებას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება. 27 ივნისიდან, ანუ ხელმოწერის დღიდან, კვირანახევარი გავიდა. ჩვენმა მიმომხილველმა დეიზი სინდელარმა სცადა გაერკვია, რა „სადამსჯელო“ ზომებს მიმართა მოსკოვმა ამ ათიოდე დღის განმავლობაში.

მოსკოვს არასოდეს დაუმალავს უკმაყოფილება იმის გამო, რომ მისი მეზობლები ევროპის კავშირთან დაახლოებას ესწრაფიან. ამიტომ ცოტა ვინმე თუ გააკვირვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებამ, რომ უკრაინა-ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით შეთანხმების გაფორმებას კიევისთვის „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება. ამავე შინაარსის განცხადებები გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოსა და მოლდავეთის გასაგონადაც, რომლებმაც 27 ივნისს, ბრიუსელში, ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებსაც. შეგახსენებთ, რომ შარშან, ნოემბერში, ბრიუსელთან ასეთივე დოკუმენტის გაფორმებას აპირებდა უკრაინაც, მაგრამ მოსკოვის უხეში ზეწოლის შედეგად, ბოლო მომენტში გადაიფიქრა და, პრაქტიკულად, ბიძგი მისცა ევრომაიდნის საპროტესტო გამოსვლებსა და, მოგვიანებით, კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მღელვარებასა და არეულობას.

მოსკოვი რომ ხშირად მიმართავს ეკონომიკურ სანქციებს ურჩი მეზობლების მოსარჯულებლად, საქართველოს სხვებზე უკეთ მოეხსენება - გავიხსენოთ ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე შემოღებული ემბარგო, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ძალაში იყო. რა სასჯელს შეიძლება ელოდეს საქართველო ახლა, ევროკავშირთან ფართო და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ?

2014 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35,4%-ით გაიზარდა (ძირითადად, საქართველოს ექსპორტის 3,5-ჯერ გაზრდის ხარჯზე) და 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა...

დღეს, 7 ივლისს, პრაღაში, ქართველი და რუსი ექსპერტები სწორედ იმ შესაძლო გავლენაზე მსჯელობენ, რაც ორმხრივ ვაჭრობაზე შეიძლება იქონიოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, შეხვედრაზე განხილულ იქნება ევროპასთან ასოცირების თანმდევი ახალი პირობები და გამოიკვეთება საკითხები, რომლებიც გასათვალისწინებელი იქნება საქართველო-რუსეთის ეკონომიკურსა და სავაჭრო ურთიერთობებში.

ექსპერტების შეხვედრიდან ორ დღეში, 9 ივლისს, ასევე პრაღაში გაიმართება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან - სწორედ იმ კარასინთან, რომელიც „სერიოზული შედეგებით“ იმუქრება.

ასე რომ, როგორც ჩანს, მალე შევიტყობთ, შეფერხდება თუ არა ზრდის ტენდენცია, რომელიც ბოლო ხანს აშკარად გამოიკვეთა საქართველო-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში; და გავხდებით თუ არა ახალი ემბარგოების მოწმენი. ჯერჯერობით კი „საქსტატის“ მონაცემები ასეთია: 2014 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35,4%-ით გაიზარდა (ძირითადად, საქართველოს ექსპორტის 3,5-ჯერ გაზრდის ხარჯზე) და 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ახლა მოლდავეთისა და უკრაინისკენაც გავიხედოთ, ვნახოთ, რა ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას აპირებს მოსკოვი ამ ქვეყნების წინააღმდეგ. 2 ივლისს, ზუსტად იმ დღეს, როცა მოლდავეთის პარლამენტმა ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა, რუსეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყებს მოლდავეთიდან ხორცის იმპორტის შეზღუდვას. შეზღუდვა ეხება როგორც გადამუშავებულ, ისე გადაუმუშავებულ ღორის, საქონლის, ცხვრისა და ცხენის ხორცს, ხოლო ამ ზომის მიზეზად რუსეთი სანიტარული ნორმების შეუსრულებლობას ასახელებს. კიშინიოვისთვის ეს შეზღუდვა საგრძნობი დარტყმა იქნება - რუსეთის ბაზარი სიდიდით მესამეა მოლდავეთის საექსპორტო ბაზრებს შორის: ევროკავშირისა და უკრაინის შემდეგ.

რუსეთმა უკვე გამოაცხადა, რომ როგორც კი ძალაში შევა ევროკავშირთან უკრაინის შეთანხმება, ის გააუქმებს კიევთან გაფორმებულ დოკუმენტს თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ...

რუსეთს ხელთ უპყრია კიდევ ერთი ბერკეტი: დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკა, სადაც მოსკოვი დღემდე ინარჩუნებს არა მარტო პოლიტიკურ გავლენას, არამედ საბჭოთა პერიოდის სამხედრო ბაზასაც. 3 ივლისს რუსეთმა სეპარატისტთა ლიდერებთან გააფორმა შეთანხმებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და მეცნიერების დარგებში. ამ შეთანხმებების ხელმოწერა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „გართულებული რეგიონული და ეკონომიკური ვითარებით“ ახსნა.

როგორც ჩანს, კიდევ უფრო მკაცრ ეკონომიკურ სასჯელს უნდა ელოდეს კიევი. რუსეთმა უკვე გამოაცხადა, რომ როგორც კი ძალაში შევა ევროკავშირთან უკრაინის შეთანხმება, ის გააუქმებს კიევთან გაფორმებულ დოკუმენტს თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ. როგორც 4 ივლისს განაცხადა რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა ტატიანა გოლენდეევამ, მოსკოვი განიხილავს უკრაინასთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმების „შეჩერებას ან გაუქმებას“.

იმავე დღეს რუსეთმა, „მიკრობიოლოგიური დაბინძურების საბაბით“, აკრძალა უკრაინაში წარმოებული რძის პროდუქტების (კერძოდ, რძის, ყველისა და კარაქის) იმპორტი. თუმცა, მოსკოვის ხელში არსებული ყველაზე მძლავრი იარაღი მაინც უკრაინისთვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის ფასია. ამ საკითხზე მოლაპარაკება ორმა ქვეყანამ ზაფხულის ბოლომდე უნდა დაასრულოს, მაგრამ მოლაპარაკების დაწყების პირობად მოსკოვი კომპანია „გაზპრომის“ წინაშე უკრაინის „ნაფტოგაზის“ ორმილიარდდოლარიანი დავალიანების გასტუმრებას ასახელებს. თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი მოითხოვს გარანტიას, რომ რუსეთმა ათასი კუბმეტრი გაზის ფასი 485-იდან 268,5 დოლარამდე შეამციროს. ამ მოთხოვნაზე „გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის პასუხი მკაფიო იყო. იაცენიუკის პოზიციას მილერმა „აბსურდული“ უწოდა და მას ურჩია, თავი შეიკავოს ულტიმატუმების ენით საუბრისგან.

XS
SM
MD
LG