Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიახლეები მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით საქართველოში


მყარი ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშნელოვანი ვალდებულებაა. ეს ვალდებულება მარტივად იმას ნიშნავს, რომ საქართველოში აღარ უნდა არსებობდეს ისეთი ტიპის ნაგავსაყრელები, როგორიც, მაგალითად, ცნობილი „გლდანის ნაგავსაყრელი“ იყო და როგორსაც საქართველოს რეგიონებში დღესაც მრავლად ნახავთ. ნაგავსაყრელების მოწესრიგების გარდა, ახალი სტანდარტები საყოფაცხოვრებო ნაგვის დახარისხებასაც გულისხმობს, რათა გარემომაც ნაკლები ზიანი მიიღოს და საზოგადოებამაც, რომელსაც ამ გარემოში უწევს არსებობა.

რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს 2014 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველოში კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 19 პრიორიტეტული ნაგავსაყრელი, ჯამური ღირებულებით - 7.3 მლნ. ლარი.

შემუშავდა ასევე იმერეთის რეგიონის ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტი. იგეგმება ქვემო ქართლში აშენდეს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონალური სანიტარული ნაგავსაყრელი, რომელიც მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება.

ე.წ. ნაგავსაყრელების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობის პარალელურად, ამ ვალდებულებების ნაწილი თანამედროვე სტანდარტის არასახიფათო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაცაა.

საინტერესოა, რომ მსგავსი ქარხნების აშენების იდეა საქართველოში სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად არსებობდა, თუმცა მისი განხორციელება ვერა და ვერ მოხერხდა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, არასახიფათო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მართვის უზრუნველსაყოფად ახალი სამთავრობო კომისია შეიქმნა. კომისიის ძირითადი ამოცანებია: არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა-მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების შემუშავება; შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; წარდგენილ განაცხადთა განხილვა და, შეფასების შედეგად, საუკეთესო კანდიდატის გამოვლენა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამართლებრივი აქტი წლის ბოლომდე შემუშავდება.

სანამ მთავრობა კომისიას ქმნის და ქარხნებისთვის პირობების შემუშავებას გეგმავს, თბილისის მერიაში უკვე აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის მარტიდან მერია იწყებს ინვესტორთა ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის გამოქვეყნებას, რაც მიზნად ისახავს მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის ინვესტორების მოზიდვას.
კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მისი სამსახურისა და "თბილსერვისის" ჯგუფის მიერ მომზადდა დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებულ ინვესტორებს თბილისში ნარჩენების მოცულობისა და სხვა საჭირო საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდის. დოკუმენტი ეკონომიკურმა საბჭომ დაამტკიცა. მერიის წარმომადგენლები თურმე უკვე 30-მდე კომპანიას შეხვდნენ ამ თემაზე. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს სპეციალური კომისია, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები შევლენ.

კომპანიასთან გაფორმდება მემორანდუმი, რის შემდგომაც იგი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას დაიწყებს. ამ მიზნით, 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიციის განხორციელებაა გათვალისწინებული. მერიაში ვარაუდობენ, რომ ქარხანა დიდი იქნება და აშენდება იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის პროდუქტი უნდა გამოუშვას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების შემდეგ. მათივე ინფორმაციით, გამარჯვებული ინვესტორი ქარხნის მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მომავალი წლიდან დაიწყებს.

შესაბამისად, რეალურად მოჰყვება თუ არა მთავრობისა და თბილისის მერიის განცხადებებს მნიშვნელოვანი ცვლილება მყარი ნარჩენების მართვის საკმაოდ მძიმე საქმეში, ეს უკვე მომავალმა წელმა უნდა გვაჩვენოს.

XS
SM
MD
LG