Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კოჰაბიტაცია სამხედრო პენსიონერების სამსახურში


ვეტერანთა საპროტესტო აქცია თბილისში 2011 წლის 3 იანვარს
ვეტერანთა საპროტესტო აქცია თბილისში 2011 წლის 3 იანვარს
17 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ბოლო ხანს საკმაოდ ბევრი პოპულისტური ინიციატივით გამოდის, საქართველოს მთავრობას სამხედრო ვეტერანთა სოციალური დაცვის გაუმჯობესების სამპუნქტიანი გეგმა შესთავაზა. ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მისი მოღვაწეობის 9 წლის მანძილზე ხშირად აკრიტიკებდნენ სამხედრო ვეტერანებისა და სამხედრო პენსიონერების მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის გამო, ბიძინა ივანიშვილის კოჰაბიტაციურ მთავრობას ვეტერანების მიმართ ხელგაშლილობის გამოჩენას სთავაზობს:

„გთავაზობთ გაორმაგდეს სამხედრო პენსიები და მინიმალური ზღვარი იყოს სახელმწიფო პენსიის მინიმალური რაოდენობის ორმაგი, ხოლო ვინაიდან 90-იან წლებში იმდენად დაბალი იყო ეს კომპენსაცია, რომ ბევრი ადამიანი გადავიდა სახელმწიფო პენსიაზე, მათ შეეძლოთ გადმოსვლა ისევ სამხედრო პენსიაზე, სამხედრო კომპენსაციაზე“.


მოწყალე პრეზიდენტის გულმავიწყობა

თუმცა მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა ეთქვა, რომ 1990-იანი წლები არაფერ შუაშია და ეს სწორედ მისი მმართველი გუნდის წყალობით ჩავარდა ათეული ათასობით სამხედრო პენსიონერი ასეთ დუხჭირ ყოფაში; სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაეკარგა ფასი სამხედრო პენსიონერის ანაზღაურებას, რომელიც სტაბილურად გაიყინა და მხოლოდ კომპენსაციის ცნებამდე დავიდა.

„ჩვენს პენსიებს, რომელიც უნდა მოგვმატებოდა, ამ პენსიებს მატება საერთოდ არა აქვს. სიტყვა „პენსია“ მოიხსნა, ამიტომ აღარ აქვს მატება. სიტყვა „კომპენსაცია“ კი არავითარ მატებას არ ითვალისწინებს, ეს არის კომპენსაცია-სტიპენდია“, ამბობს ვეტერანი აქტივისტი ნოდარ ცოტნიაშვილი.

ცოტნიაშვილი სხვა თანამოაზრესთან ერთად რამდენიმე წელი ამაოდ ცდილობდა კანონის იმ ძველი მუხლის აღდგენას, რომელიც 2005 წელს „ვარდების რევოლუციის“ გზით საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ გააუქმა. კერძოდ, 8 წლის წინ ძალადაკარგულად გამოცხადდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის 45-ე მუხლი, რომელიც, „ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებასთან“ ერთად, პენსიების გადასინჯვასაც ითვალისწინებდა. ძალიან მარტივად: რაკი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ თავის დროზე ე.წ. ძალოვან სტრუქტურებში რამდენჯერმე გაზარდა ხელფასი, პენსიების გაანგარიშებაც იმხანად მოქმედი საპენსიო კანონის შესაბამისი მუხლის თანახმად უნდა მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილს და მის თანამებრძოლებს არ სურდათ, რომ პენსიები გაზრდოდათ რეჟიმის მიმართ არალოიალურად განწყობილ ყოფილ სამხედროებსო, - თქვა ნოდარ ცოტნიაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში:

„2005 წელს დაიწყო ხელფასების ზრდა. ძალიან გაიზარდა მაშინ ხელფასები და ამის გამო, ვინც მაშინ პენსიაზე გავიდა, ის ძველი კანონი ისეთნაირად იყო გათვლილი, რომ პენსიები დაენიშნათ ძალიან დიდი. 5000 ლარი დაენიშნა ერთ-ერთს - იუკურიძე (2004 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი) იყო ასეთი. მერე - 2500-ები და 1500 ლარზე ქვემოთ პენსია არ იყო დანიშნული“.

ამ ნაბიჯმა სოციალური უთანასწორობა და ერთგვარი ფარული მტრობა წარმოშვა ძველ და ახალ, ვარდების რევოლუციამდელ და რევოლუციის შემდგომ სამხედრო მოსამსახურეებს შორის. მაგრამ საქართველოს ყოფილი ხელისუფლება მხოლოდ ამაზე არ შეჩერებულა და პენსიონერების ხარჯზე თანხების დაზოგვის ახალ ხერხს მიაგნო.


პენსიონერებზე ზრუნვა ხელკეტების მეშვეობით

პარალელურად შეიარაღებული ძალებიდან დაიწყო მასობრივი დათხოვნა იმ სამხედრო პირებისა, რომლებსაც შეიარაღებულ ძალებში ყოფნის 20 წლის ვადა 2005 წლის შემდეგ უსრულდებოდათ და შეცვლილი საპენსიო კანონით
ვეტერანთა შიმშილობის აქცია
ვეტერანთა შიმშილობის აქცია
ინარჩუნებდნენ მაღალი პენსიის მიღების შესაძლებლობას. აქცენტიც ამ შემთხვევაში კეთდებოდა რეჟიმისათვის არალოიალურ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით გაჰყავდათ კადრების განკარგულებაში და შემდეგ ითხოვდნენ სამხედრო სამსახურიდან. ამგვარი საკადრო მაქინაციებით აგვისტოს ომის შემდეგ პენსიამდე არ მიაღწევინეს რამდენიმე ასეულ ქართველ ოფიცერს, რომელთა ნაწილმა 2011 წლის იანვარში თბილისში, პროტესტის ნიშნად, შიმშილობის აქცია წამოიწყო. მოშიმშილეთა შორის იყო მაიორი მალხაზ თოფურია, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე, რომელიც 22 ლარიანი შემწეობის იმედად დარჩა და ამის გამო იძულებული გახდა 2011 წლის ახალ წელს, სხვა თანამებრძოლებთან ერთად, უკიდურესი ფორმით გამოეხატა პროტესტი ხელისუფლების უსამართლო საპენსიო პოლიტიკის წინააღმდეგ:

„თითოეული ეს ვეტერანი ბიჭი, რომელიც აქ არის, მართლა გაუსაძლის მდგომარეობაშია - შუქი ჩაჭრილი, არანაირი შემოსავალი, არანაირი დახმარება, არანაირი არსებობის საშუალება. ადამიანები არიან მართლაც გაუსაძლის მდგომარეობაში და ამის ფონზე მრავალმილიონიანი კონცერტები ეწყობა ბათუმში, ჩამოჰყავთ ძალიან ძვირად ღირებული მომღერლები“.

მომღერლების ჩამოყვანას და სხვადასხვა ძვირად ღირებული კონცერტების ორგანიზებას სახელმწიფოს ბიუჯეტიდან პირადად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ორი წლის წინ, სამ იანვარს, პოლიციას დაარბევინა მოშიმშილე ვეტერანთა აქცია.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ არჩევნებში თავისი პარტიის დამარცხების შემდეგ გაახსენდა სამხედრო ვეტერანთა სოციალური დაცვა. სააკაშვილი არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას, რომელსაც ისედაც აქვს დაგეგმილი სამხედრო ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც ზემოთ ითქვა, პოპულისტურ ინიციატივებს სთავაზობს მინიმალური სამხედრო პენსიის სახელმწიფო პენსიის გაორმაგებულ დონესთან გათანაბრების სახით. და არამხოლოდ ამას. როცა საქმე სხვების პასუხისმგებლობას ეხება, მიხელ სააკაშვილი როსტევანივით ხელგაშლილია:

„და ასევე, თუ სამხედრო პენსიონერი გავიდა პენსიაზე და მას უნდა სახელმწიფო სამსახურში სამსახური, მას მაინც უნდა შეუნარჩუნდეს სამხედრო პენსია და სახელმწიფო ან სხვა სამსახურშიც დარჩეს. ეს ერთმანეთს არ უნდა უშლიდეს ხელს. ამასაც აქვს ეკონომიკური დასაბუთება და ამის ფული დღეს ბიუჯეტში არის“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების სოციალური დაცვის ინიციატივების დაყენებით პრაქტიკულად წაუგებელ თამაშს თამაშობს.

სამოქალაქო პენსიების მინიმალური ზღვრის ორმაგი ოდენობიდან სამხედრო პენსიების გამოთვლა სერიოზული გამოწვევაა მთავრობისათვის და არა თავად მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ მხოლოდ საკუთარ სეკვესტრირებულ საპრეზიდენტო ფონდზეა პასუხისმგებელი. ცხადია, პიარის დიდოსტატმა მიხეილ სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მრავალი ათასი სამხედრო პენსიონერის პენსიის ერთბაშად გაორმაგება ქვეყანაში გააღრმავებს საფინანსო კრიზისს და კიდევ უფრო გაურთულებს საქმეს ბიძინა ივანიშვილის მთავრობას, ხოლო თუკი საქართველოს მთავრობა სააკაშვილის მიერ წარდგენილ ექსტრავაგანტურ სამპუნქტიან წინადადებას არ დაეთანხმება, გამარჯვებული კვლავ საქართველოს პრეზიდენტი გამოვა, რომელიც მთავრობას ათასობით სამხედრო ვეტერანის გამო მოსთხოვს პასუხს. გათვლა, ცხადია, იმაზეცაა, რომ ხალხს აღარ ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორცილებული 2005 წლის შოკის მომგვრელი საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც ძალოვანი სტრუქტურებიდან ასაკის გამო პენსიაში გასული ათასობით ადამიანი სოციალურად დაუცველ ფენად აქცია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG