Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწის დამუშავება პოლიციის მეთვალყურეობით


საოკუპაციო გამყოფი ხაზი
საოკუპაციო გამყოფი ხაზი

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს. საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ერთ მხარეს ქართველი პოლიციელები პატრულირებენ, მეორე მხარეს კი რუსეთის მესაზღვრეები. პოლიციელები ადგილობრივი გლეხების უსაფრთხოებას იცავენ და გამყოფ ხაზთან მათ გადაადგილებას აკონტროლებენ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ სოფელ წითელუბანთან ინციდენტი მაინც მოხდა. ნიკოლოზ თვაური საკუთარ მიწის ნაკვეთს ხნავდა, მაგრამ არ იცოდა სადამდე შეიძლებოდა სამუშაოები გაეგრძელებინა, რადგან მის ფართობში ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი არ იდგა. თვაური რუს მესაზღვრეებთან იმის საკითხავად მივიდა, თუ საიდან იწყებოდა ოკუპირებული ტერიტორია, მათ კი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. წითელუბნის მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა ჰექტრობით მიწა ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესის შემდეგ დაკარგა, ეს პროცესი კი ახლაც გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და დაკარგული მიწის სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი შავშვების თემში მანანა თვაური აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის წითელუბნელების პრობლემები ცნობილია და მთავრობა ამ საკითხზე მუშაობს. მისი თქმით, დღის წესრიგში დაკარგული მიწის მფლობელების კომპენსაციის საკითხიც დგას, მაგრამ როდის მოგვარდება ეს პრობლემა, არ იცის.

ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ახლა მთავარია, საგაზაფხული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან უსაფრთხოდ ჩატარდეს. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს სოფლებში პატრულირება გაძლიერებული აქვთ. გასულ წლებში რუსეთის მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ ნაკვეთებში სასოფლო ტექნიკასთან ერთად აკავებდნენ და ცხინვალში გადაჰყავდათ. მიწის დამუშავებისას წელს მხოლოდ ერთი ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა არავინ იცის, რა მიმართულებით გააგრძელებენ დე ფაქტო რესპუბლიკისა და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ეგრეთ წოდებული საზღვრის გავლების პროცესს და კიდევ რამდენი მოქალაქის მიწის ნაკვეთი აღმოჩნდება გამყოფი ხაზის მიღმა.

XS
SM
MD
LG