Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიის დამოუკიდებლობა და თამბაქოზე დამოკიდებულება


ცდილობს თუ არა ხელისუფლება თავისუფალი მედიის შეზღუდვას? საუბარია ტელეკომპანიების „ტვ პირველისა“ და „იბერიის“ დამფუძნებლებისათვის ფინანსური პრობლემების შექმნაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამორიცხავს მედიაზე როგორც პირდაპირ, ასევე ირიბ ზეწოლას და აცხადებს, რომ ასეთი ტიპის ყველა ბრალდება უსაფუძვლოა.

გადმოწერა

ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებლები და თანამშრომლები ხელისუფლებას „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებების აღკვეთისაკენ მოუწოდებენ. ტელეკომპანიის დამფუძნებლის, დეპუტატ ნატო ჩხეიძის, თქმით, ზეწოლა ხორციელდება „იბერიის“ მთავარ დამფინანსებელ „ომეგა ჯგუფზე“, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემას უქმნის ტელეკომპანია „იბერიას“:

მინდა ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე...
გიორგი კვირიკაშვილი

„ის, რაც 2004 წელს მოხდა, იარაღით და ნიღბებით შემოცვენა ტელევიზიაში, ასეთი რამ არ ყოფილა, მაგრამ რაც ახლა ხდება, ისიც საგანგაშოა: ქვეყანაში არის უკანონო ბიზნესსაქმიანობა როგორც მულტინაციონალური, ასევე ადგილობრივი კომპანიების მხრიდან“.

ნატო ჩხეიძის თქმით, სწორედ ეს საქმიანობა აზარალებს „ომეგა ჯგუფს“, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესი მოუგო ერთ-ერთ მსხვილ დისტრიბუტორ კომპანიას, „ბრიტიშ-ამერიკან ტობაკოს“, რომელსაც დემპინგურ ფასებში შემოჰქონდა სიგარეტი, თუმცა, როგორც „ომეგა ჯგუფში“ აცხადებენ, გამტყუნებულ კომპანიას არ მოუწია მილიონობით ლარის კომპენსაციის გადახდა: მეორე ინსტანციის სასამართლოში დავა საპირისპირო შედეგით დასრულდა, თუმცა სასამართლო პროცესს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული ბიზნესმენის წილის გაზრდა თამბაქოს დისტრიბუტორ კომპანიაში. British American Tobacco-ს კორპორაციული დირექტორის, ზვიად სხვიტარიძის, განცხადებით, „ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა თანახმად, „ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ 100-მილიონიანი ზარალი მიადგა, დაუსაბუთებელი და აბსურდულია. როგორც სხვიტარიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, British American Tobacco-ს „ომეგასთვის“ არანაირი ზარალი არ მიუყენებია, რაც სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადასტურდა. ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლების განცხადებას აბსურდსა და შანტაჟს უწოდებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც:

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

“მინდა აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ძალიან არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელიც მედიასაშუალებებზე ე.წ. ზეწოლას ეხება. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მთელი გუშინდელი საღამო მიეძღვნა ამ თემატიკას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის გამორიცხული”.

თუმცა „იბერიაში“ მომუშავე ჟურნალისტები დაჟინებით მოუწოდებენ მთავრობის მეთაურს მიიღოს სათანადო ზომები და დაიცვას ტელევიზია ზეწოლისაგან. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუმზიაშვილის, თქმით, შეურაცხმყოფელია პრემიერ-მინისტრის ლაპარაკი შანტაჟზე:

ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრი იმეორებს 14 წლის წინანდელ განცხადებებს. არავინ არავის არ იფარებს. გვაქვს საკმაო ინტელექტი მისთვის, რომ გავარკვიოთ, რა ხდება...
ვახო ხუმზიაშვილი

„პრემიერ-მინისტრის დღევანდელმა განცხადებამ გამახსენა 2004 წელს ტელევიზიაში შემოჭრა. მაშინაც ამბობდნენ, რომ ჟურნალისტები ჰყავთ ამოფარებული ბიზნესსო. ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრი იმეორებს 14 წლის წინანდელ განცხადებებს. არავინ არავის არ იფარებს. გვაქვს საკმაო ინტელექტი მისთვის, რომ გავარკვიოთ, რა ხდება“.

ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლების ამ განცხადებას წინ უძღოდა „ტე-ვე პირველთან“ დაკავშირებული პრობლემები, რომლის შესახებაც ტელევიზიის თანამშრომლებმა მესამე სექტორისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს უამბეს. ამ ორი ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენები საპარლამენტო ოპოზიციასაც აფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს მედიის მიმართ არაჯანსაღი ინტერესი, თუმცა დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ვითარებაში გასარკვევად საქმეების დეტალური შესწავლა და გამოძიებაა საჭირო:

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

„უნდა მოვუსმინოთ ტელევიზიის თანამშრომლებს და გამოვარკვიოთ ნეიტრალურად და ობიექტურად, ხდება თუ არა რამე სახის ზეწოლა ბიზნესზე, რას ისახავს ეს მიზნად - გავლენას მედიის თავისუფლებაზე თუ სხვა რამეს. ისეც არ უნდა იყოს საქმე, რომ ვინმემ თქვას, სიგარეტი ვერ გავყიდე და ამით მედიაზე ზეწოლა ხდებაო. არც ეს იქნება სწორი. ამიტომ საჭიროა ობიექტური შესწავლა“.

„იბერიის“, „ტე-ვე პირველისა“ და სხვა ტელევიზიების პრობლემებს აკვირდებიან და სწავლობენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის, თქმით, ბევრი რამე მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მედიაგარემო დამძიმდა.

ნატა ძველიშვილი
ნატა ძველიშვილი

„2017 წელს ჩვენ უკვე გვქონდა „რუსთავი ორის“ დასრულებული სასამართლო პროცესი და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, აფგან მუხთარლის საქმე და ნელ-ნელა ეს საქმეები, რაც მედიას უკავშირდებ, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს მედიაგარემოს შეფასებაზე. თუ შევადარებთ წინა ხელისუფლების პერიოდს, ისაა, რომ უხეში, ბრუტალური გზებით არ ხდება მედიაზე გავლენის მოპოვება, მაგრამ სრულად ეს საქმე ვერ დავივიწყეთ, ანუ მცდელობები, რომ მედია იყოს გაკონტროლებული, კვლავ სახეზეა“, უთხრა ნატა ძველიშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG