ჩემს ბლოგს წელიწადია, არ დავბრუნებივარ. წერისთვის დრო აღარ მრჩება და, მართალი გითხრათ, დიდად აღარც სურვილი მაქვს. ზუსტად არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი. სხვა თუ არაფერი, საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდია, სათქმელი ახლაც ძალიან ბევრია და საფრთხეც − არანაკლები. მაგრამ უხალისო განწყობა მაინც თავისას შვრება.
ამასობაში კი ევროპული პოლიტიკისთვის სიმბოლური და მნიშვნელოვანი თარიღი დადგა − 5 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდებოდა ვაცლავ ჰაველს. გამახსენდა წერილი, რომელიც შარშან დავწერე ჰაველის პიესის, „წასვლის“ ქართული თარგმანის წინასიტყვაობის სახით. ჰოდა, გადავწყვიტე ეს წერილი ბლოგზეც გამოვაქვეყნო თითქმის უცვლელი, ბლოგპოსტისთვის ნამდვილად ზედმეტად ვრცელი ფორმით. როგორც გნებავთ, ეს პოსტი ისე მიიღეთ. ჩემი მხრიდან კი ეს არის სწორედ წინასაარჩევნო სათქმელი − მნიშვნელოვანი და ალბათ ცოტა სევდიანიც.
* * * * *
ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების ცნობა 2011 წლის 18 დეკემბერს, დილით გავრცელდა. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, მაშინ უკვე პრაღაში ვცხოვრობდი. გულმა არ მომითმინა და, რომ მოსაღამოვდა, სიცივის მიუხედავად, გარეთ გავედი. ქალაქის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე – იქ, სადაც 1989 წელს „ხავერდოვანი რევოლუციის“ ეპიცენტრი იყო – უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ჩეხეთის მოქალაქეები სანთლებით ხელში მშვიდად, თავდაჭერილად, პათეტიკის გარეშე, მაგრამ მძაფრი ემოციით და მადლიერების განცდით ემშვიდობებოდნენ საჯარო ინტელექტუალს და პოლიტიკურ ლიდერს.
სხვადასხვა პოლიტიკური და იდეოლოგიური ორიენტაციის გამოცემებმა იმავე დღეს დაიწყეს ნეკროლოგების თუ სამძიმრის წერილების ბეჭდვა. ჟურნალისტები, ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები წერდნენ ჰაველის კომპლექსური ფიგურის და მემკვიდრეობის შესახებ. წერდნენ ჰაველზე, როგორც კომუნისტურ ტოტალიტარიზმთან მებრძოლ დისიდენტზე და არაძალადობრიობის ფილოსოფიის გამორჩეულ წარმომადგენელზე; როგორც ცნობილ დრამატურგზე, რომელმაც საბჭოურობის აბსურდული განზომილების გამოაშკარავებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1968 წლის „პრაღის გაზაფხულის“ სახელით ცნობილ მოვლენებში - ხოლო ლიბერალიზაციის ამ პროცესების საბჭოთა ტანკების მიერ ჩახშობის შემდეგ აკრძალულ ავტორად და პოლიტპატიმრად იქცა. იხსენებდნენ დეტალებს მისი ბიოგრაფიიდან – რომ „ბურჟუაზიული“ წარმომავლობის გამო, კომუნისტურმა მთავრობამ მას უმაღლესი განათლების მიღების უფლება არ მისცა. ამის გამო, ჰაველმა ღამის სკოლაში ისწავლა, ქიმიურ ლაბორატორიაში იმუშავა, ეკონომიკის შესწავლა სცადა, შემდეგ ჯარში იმსახურა და ბოლოს სასცენო ასისტენტი გახდა.
ავტორები წერდნენ, რომ ჰაველი სათავეში ედგა თანამედროვე ისტორიაში პირველ „ხავერდოვან რევოლუციას“ – ფენომენს, რომლის სახელიც 1989 წლის შემდეგ არაერთ არაძალადობრივ, მასობრივ საპროტესტო ტალღას ეწოდა. აღნიშნავდნენ, რომ მან შეძლო ის, რაც დისიდენტებს, როგორც წესი, არ გამოსდით – ნონკონფორმისტიდან და პოლიტპატიმრიდან იქცა წარმატებულ და გამოცდილ პოლიტიკოსად, რომელმაც ოთხჯერ იმსახურა ქვეყნის მეთაურის რანგში. და არა მარტო იმსახურა, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ჩეხეთის რესპუბლიკას იმ სახით, რომლითაც მას დღეს ვიცნობთ.
შიგადაშიგ კრიტიკულ შეფასებებსაც შეხვდებოდით. ჰაველის პოლიტიკური კარიერა უნაკლო არ ყოფილა. სხვა თუ არაფერი, მან ჩეხოსლოვაკიის დაშლის შეჩერება ვერ შეძლო. მემარცხენე სპექტრის ავტორებმა გაიხსენეს ჰაველის მიმართ წარსულშიც არაერთხელ გამოთქმული ბრალდებები – რომ მისი პოლიტიკა ელიტისტური და ევროცენტრისტული იყო; რომ ის მხარს უჭერდა ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვას, ერაყის ომს; რომ მას, როგორც ჩეხეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და შეძლებული კლანის შთამომავალს, სიღრმისეულად არ ესმოდა სოციალური უსამართლობის პრობლემა და გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობდა სამოქალაქო უფლებების და თავისუფლებების დაცვას, ვიდრე სიმდიდრის გადანაწილების პრინციპს და სოციალისტური სისტემის მოშლის შედეგად გაღარიბებული, უამრავი ადამიანის სატკივარს. თუმცა, ჰაველს „თავისიანად“ არც მემარჯვენეები თუ კონსერვატორები მიიჩნევდნენ, დიდწილად საპირისპირო მიზეზებით: ჰაველი აკრიტიკებდა ინდუსტრიულ საზოგადოებას და მის „ავტომატიზმს“, უპირისპირდებოდა ლიბერტარიანელთა დოგმებს, სკეპტიკურად ეკიდებოდა „ბაზრის უხილავი ხელის“ ფორმულას. „მე [იდეოლოგიებით] შეპყრობილობის ყველა ფორმის ოპონენტი ვარ, ვინაიდან სწორედ ასეთ შეპყრობილობას მივიჩნევ ყველაზე საშიშად საზოგადოებრივ ფენომენებს შორის. ამდენად, საბაზრო ფუნდამენტალიზმის და დოგმატიზმის მოწინააღმდეგეც გამოვდივარ – რის გამოც ცინიკოსებმა ‘მემარცხენეც’ კი შემარქვეს. ფინანსური მოგების კანონი, თავისთავად, ღირებულს არაფერს გვპირდება” – წერდა ჰაველი თავისი მემუარების კოლაჟურ კრებულში, 2006 წელს გამოსულ წიგნში „მოკლედ, თუ შეიძლება“ (რომელსაც ინგლისურენოვან გამოცემაში „სასახლისკენ და უკან“ დაარქვეს და რომლის ქართული თარგმანიც − „გთხოვთ, მოკლედ“ − 2011 წელს გამოიცა).
მაგრამ რაოდენ მრავალფეროვანიც უნდა ყოფილიყო ჰაველის გახსენება, რომელი კუთხიდანაც უნდა განეხილათ მისი ცხოვრების გზა თუ პოლიტიკური კარიერა, თითქმის ყველგან, სხვადასხვა ფორმულირებით, შეხვდებოდით ერთ უცვლელ შეფასებას: ჰაველის სახით საქმე გვქონდა პოლიტიკოსთან, რომელიც ძალაუფლებამ ვერ გარყვნა. მსოფლიო აღიარების, უდიდესი წარმატების, ტოტალიტარულ წყობასთან ბრძოლაში გამარჯვებულად გამოსვლის და გავლენიან ლიდერად ქცევის მიუხედავად, მან ყველა ეტაპზე შეინარჩუნა თავმდაბლობა, მორალური სიმყარე, იუმორი, თვითირონია.
პოლიტიკის სამყაროში, სადაც უხვად შეხვდებით ეგოებს, ძალაუფლების დაუოკებელ სიყვარულს, ინტრიგებსა თუ მანიპულაციას, ჰაველის გულწრფელობა და სისადავე უჩვეულო კონტრასტს ქმნიდა; აშკარა გამონაკლისს არა მხოლოდ ჩეხეთის ან პოსტკომუნისტური ევროპის, არამედ მთელი გლობალური პოლიტიკის კონტექსტში.
რეფლექსიები ძალაუფლებაზე
თუმცა ამ, მართლაც გამორჩეულ და უჩვეულო მიღწევას, ჩემი აზრით, მარტივი ახსნა აქვს. კითხვას, მაინც როგორ შეძლო ჰაველმა ძალაუფლებასთან კრიტიკული დისტანციის შენარჩუნება, იოლად გავცემთ პასუხს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალაუფლებაზე, მის სტრუქტურებზე, გავლენაზე და დინამიკაზე ფიქრი ჰაველის ცხოვრებას და შემოქმედებას უწყვეტ თემად გასდევდა თან.
პირადად ჩემთვის, ჰაველი ყველაზე მეტად სწორედ ამით არის საინტერესო: ძალაუფლების ფენომენზე მუდმივი და სიღრმისეული რეფლექსიით. მით უფრო, რომ ამას ის სხვადასხვა ჭრილში და ხშირად რადიკალურად განსხვავებულ კონტექსტებში აკეთებს – ღრმა და უკომპრომისო ანალიტიკოსად რჩება როგორც გვიანდელი ტოტალიტარული რეჟიმის, ისე საპარლამენტო დემოკრატიებში მოქმედი ძალაუფლების სტრუქტურების გააზრებისას. და, რაც ალბათ კიდევ უფრო საინტერესოა, ჰაველთან პრობლემატიზაციას და დემითოლოგიზაციას ვერც ძალაუფლების ოფიციალურ წყაროებთან დაპირისპირებული, ნონკონფორმისტი ჯგუფების სტატუსი გაურბის. პირიქით, ჰაველი ერთდროულად გვევლინება „დისიდენტის“ ცნების არქეტიპად და, ამავდროულად, ამ ცნებასთან დაკავშირებული მითების და ძალაუფლების დემისტიფიკატორადაც.
ამის ყველაზე ნათელ მაგალითად ალბათ მაინც „ძალა უძალოთა“ რჩება – ჰაველის მიერ 1978 წელს დაწერილი ტექსტი, რომელიც ცივი ომის პერიოდის დისიდენტური ლიტერატურის კლასიკადაა მიჩნეული და მას შედევრსაც კი უწოდებენ ხოლმე. ბევრი გეტყვით, რომ ჰაველის ეს ესე ჯორჯ ორუელის, ართურ კესტლერის, ალექსანდრ სოლჟენიცინის ნაწარმოებების სიმაღლეებს აღწევს იმ გამჭოლი, მასშტაბური და სისტემური მიდგომით, რომლითაც ის გვიანდელი ტოტალიტარიზმის – ან, როგორც თავად ჰაველი უწოდებდა, პოსტ-ტოტალიტარიზმის – ძალაუფლების დინამიკას აღწერს. ამავე დროს, ეს ტექსტი არაძალადობრივი ბრძოლის ფილოსოფიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილიცაა – მაჰათმა განდის, მარტინ ლუთერ კინგის და სხვა ლიდერების ტრადიციის თავისებური გაგრძელება. რეპრესიული რეჟიმის ანატომიის დეტალური ანალიზით ჰაველი ოფიციალური ინსტიტუტების სუსტ მხარეებს ააშკარავებს და საუბრობს ერთი შეხედვით უძალო, უძლური, თავისუფლებაწართმეული ხალხის გაძლიერების გზებზე.
„ძალა უძალოთა“ აღწერს 1970-იანი წლების კომუნიზმს, რომელიც თვისებრივად განსხვავდება სტალინური პერიოდის მონოლითური დიქტატურისგან და წარმოადგენს სიყალბის, ფარისევლობის, შიშის, რეპრესიებისა და თვითცენზურის ნაზავს. პარტიას თავი მოაქვს, რომ ხალხს და ქვეყანას მართავს, ხალხი კი თავს აჩვენებს, რომ ამის სჯერა. ჰაველის მიერ მაგალითად შერჩეული პერსონაჟი, ხილ-ბოსტნეულის გამყიდველი, თავისი მაღაზიის წინ წარწერის – „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ – აღმართვით სახელისუფლებო კურსის მიმართ ერთგულებას კი არ გამოხატავს, არამედ საკუთარ შიშსა და მორჩილებას. და სწორედ მოქალაქეთა ამგვარ პასიურ კონფორმიზმს ეყრდნობა რეჟიმის ძალაუფლება. არადა, მოქალაქეებს თავადვე შეუძლიათ თავიანთი უძლურების გადალახვა; საამისოდ მხოლოდ სიცრუის უკუგდება, ფარისევლური თამაშის წესებისგან დისტანცირება და „სიმართლეში ცხოვრებაა“ საჭირო. თუნდაც ძალიან მცირე, ლოკალურ დონეზე: მეგობრებს შორის, ლიტერატურულ წრეებში, სპორტულ კლუბებში თუ სხვაგან. წინააღმდეგობის მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო აქტი, საბოლოო ანგარიშით, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
„ძალა უძალოთას“ გამოქვეყნება, ფაქტობრივად, ემთხვევა ჩეხოსლოვაკიის დისიდენტური მოძრაობის საკვანძო დოკუმენტის, „ქარტია 77-ის“ შექმნას, რომელიც რეჟიმისგან ადამიანის უფლებების დაცვას მოითხოვდა და რომლის ინიციატორებს შორის ჰაველიც იყო. ამის შემდეგ ის რამდენჯერმე აღმოჩნდა ციხეში. 1979 წელს მას ოთხწელიწადნახევრით მიუსაჯეს პატიმრობა ანტიკომუნისტური საქმიანობისთვის. იმ ჯერზე ჰაველმა ციხე 1983 წლის თებერვალში დატოვა, ფილტვების მწვავე ანთებით და მნიშვნელოვნად შერყეული ჯანმრთელობით.
ციხეში ყოფნისას, ჰაველს მხოლოდ კვირაში ერთი წერილის მიწერის უფლება ჰქონდა ცოლისთვის, ასევე ცნობილი დისიდენტის, ოლგა სპლიხალოვასთვის. 144 წერილი, რომელმაც ცენზურას გაუძლო და ადრესატამდე მიაღწია, შემდეგ გაერთიანდა კრებულში „წერილები ოლგას“. ეს კრებული ჰაველის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია მსოფლიო მკითხველებს შორის. თეატრზე, რელიგიაზე, ადამიანის იდენტობაზე და პირად პასუხისმგებლობაზე ჰაველის ფიქრების გარდა, წერილებში იკვეთება ორი ადამიანის დიდი სიყვარულის რთული, კომპლექსური და გულწრფელი სურათი. ღრმა სიახლოვე, რომელსაც დროდადრო დაძაბულობა და უთანხმოებაც ახლავს თან.
თუმცა, პოლიტპატიმრის კლასიკური გზის გავლის მიუხედავად, ჰაველი თავიდანვე ახდენს დისტანცირებას „დისიდენტის“ ჰეროიკული აურისგან. ცხადია, ის აღიარებს დისიდენტთა გადამწყვეტ როლსა და ფუნქციას საზოგადოების გამოღვიძების საქმეში – დისიდენტი სწორედ „სიმართლეში ცხოვრობს“, სიმართლეს ხმამაღლა ამბობს და ამით ინარჩუნებს უმნიშვნელოვანეს პროცესს – თავისუფალი აზროვნების უწყვეტობას. თუმცა, ჰაველი ამავდროულად უარყოფს რეჟიმთან შეუპოვარი, უდრეკი მებრძოლის სწორხაზოვან მითს და, შესაბამისად, კრიტიკულად იაზრებს იმ ძალაუფლებასაც, რომელსაც თავიანთი სტატუსიდან გამომდინარე, დისიდენტები ფლობენ საზოგადოებაში. „სინამდვილეში, ‘დისიდენტი’ არის ექიმი, სოციოლოგი, მუშა, პოეტი. ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ მისწრაფებას მისდევენ და, ამის შედეგად, რეჟიმთან ღია კონფლიქტში უწევთ შესვლა. ეს კონფლიქტი მათ შეგნებულად არ გამოუწვევიათ – მას მათი აზროვნების, ქცევის თუ მუშაობის ლოგიკამ გაუკეთა პროვოცირება. … მათ მიზანდასახულად არ გადაუწყვეტიათ პროფესიონალ მეამბოხეებად ქცევა – ისე, როგორც ადამიანი თერძის, ან მჭედლის პროფესიას ირჩევს ხოლმე“ – წერს ჰაველი „ძალა უძალოთაში“ და განაგრძობს: „რეალურად, იმას, რომ ‘დისიდენტია’, ეს ხალხი ასეთად ქცევიდან დიდი ხნის შემდეგ შეიტყობს ხოლმე. მოტივაცია, რომელიც ‘ამბოხებას’ აძლევს ბიძგს, მნიშვნელოვნად განსხვავდება წოდებების თუ აღიარების მოპოვების სურვილისგან.“
მორალი და ძალაუფლება
სოციალისტური ბანაკის დისიდენტთა უმრავლესობისგან ჰაველს სხვა ასპექტიც განასხვავებდა – გარემოება, რომელიც მის პოლიტიკურ სიმწიფეზე მიუთითებს და, როგორც პოლონელი სოციოლოგი სლავომირ სიერაკოვსკი ამბობს, ანგრევს ზედაპირულ წარმოდგენას მიამიტ და იდეალისტ ჰაველზე, რომელმაც „რეალობა“ მხოლოდ პოლიტიკაში მოსვლის და გაპრეზიდენტების შემდეგ აღიქვა. მაშინ, როცა დისიდენტთა დიდი ნაწილი სამომხმარებლო კულტურის ზედაპირული ბზინვარებით იყო მონუსხული და მათთვის ყველაფერი „დასავლური“ მომხიბვლელად და მიმზიდველად გამოიყურებოდა, ჰაველი დასავლეთის საპარლამენტო დემოკრატიებში შექმნილ ვითარებასაც კრიტიკულად ეკიდებოდა. მეტიც, წერდა, ტოტალიტარული საზოგადოება მთელი თანამედროვე ცივილიზაციის დამახინჯებული სარკეაო.
ცხადია, ჰაველს ზედმიწევნით კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ევროპული პროექტისა და ღირებულებების მნიშვნელობა; ისევე, როგორც ის გადამწყვეტი როლი, რომელიც შეერთებულ შტატებს ეკისრებოდა ევროპაში თავისუფლების გადარჩენის საქმეში. მაგრამ, ამის მიუხედავად – ან, იქნებ სწორედ ამიტომაც – ის ბევრს ფიქრობდა და წუხდა დასავლეთის პოლიტიკური ცხოვრებიდან მორალური განზომილების ეროზიის შესახებ.
„ძალა უძალოთა“ ამ თვალსაზრისითაც მკაფიოა. ჰაველი წერს, რომ თანამედროვე დემოკრატიებს არ ძალუძთ, „ფუნდამენტური წინააღმდეგობა გაუწიონ ტექნოლოგიური ცივილიზაციის ავტომატიზმს“, რადგან ისინი თავადაც უმწეოდ მიჰყვებიან ამ ავტომატიზმის მექანიკურ ლოგიკას. რეალური დემოკრატიისა და სრულფასოვანი მოქალაქის არსებობის შეუძლებლობას ჰაველი არაერთ გარემოებაში ხედავს: მოუქნელ, კონცეპტუალურად ბუნდოვან, პრაგმატიკოსი ტექნოკრატების მიერ მართულ პოლიტიკურ პარტიებში; კაპიტალის დაგროვებისთვის მიმდინარე მასშტაბურ და საიდუმლო მაქინაციებში; წარმოების, რეკლამის, კომერციის, სამომხმარებლო კულტურის „ყოვლისმომცველ დიქტატურაში“. ამ პირობებში, ჰაველის აზრით, ძალიან რთულად თუ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ ადამიანი შეძლებს, ხელახლა გაიაზროს თავისი მოწოდება და პასუხისმგებლობა, ჩამოყალიბდეს აქტიურ და ღირსეულ მოქალაქედ, ახლებური ინტენსივობით შეიგრძნოს შინაგანი კავშირი სხვა ადამიანებთან, ბუნებასთან, გარემოსთან, და რეალური წვლილი შეიტანოს საკუთარი ბედისწერის განსაზღვრაში.
მჯერა, რომ მორალური წესრიგი იურიდიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესრიგებზე მნიშვნელოვანია. ეს უკანასკნელები პირველიდან უნდა გამომდინარეობდეს, ნაცვლად იმისა, რომ მორალის იმპერატივებისთვის გვერდის ავლის გზებს ეძებდესო – ასე აყალიბებს ჰაველი საკუთარ ღირებულებით კრედოს წიგნში „მოკლედ, თუ შეიძლება“. და იქვე დასძენს: მწამს, რომ ამ მორალურ წესრიგს მეტაფიზიკური მხარე აქვს იმ განზომილებებში, რომლებიც მუდმივი და სამუდამოაო.
„თანამდებობის მაგიური შარავანდედი“
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ჩემთვის, როგორც ჰაველის რიგითი თაყვანისმცემლისთვის, დიდად გასაკვირი მართლაც არაფერია იმ გარემოებაში, რომ ჰაველმა ძალაუფლების მაცდურ ხიბლს გაუძლო და „არ გაირყვნა“; რომ ლიდერმა, რომელიც გამუდმებით უსვამდა ხაზს პოლიტიკაში მორალური წესრიგის არსებობის აუცილებლობას, რეალურ ცხოვრებაშიც შეძლო ძალაუფლებისგან კრიტიკული დისტანციის შენარჩუნება.
ეს კიდევ უფრო გასაგები გახდება მაშინ, თუ ჰაველის კიდევ ერთ თვისებასაც გავითვალისწინებთ: მის გამორჩეულ, მახვილ და ლაღ იუმორს, რომელიც მუდმივ თვითირონიასთან და აბსურდის მძაფრ აღქმასთანაა შერწყმული; მახასიათებელს, რომელიც მისი პორტრეტისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მორალური კრედო თუ ღირებულებითი მსოფლმხედველობა.
იუმორს, ხშირად „სიშავესთან“ მიახლოებულს, მის პოლიტიკურ ტექსტებშიც შეხვდებით, მათი მთელი სიღრმისა თუ სერიოზულობის მიუხედავად. მაგალითად, ძალიან ძნელია, არ გაგეღიმოს წიგნის „მოკლედ, თუ შეიძლება“ იმ მონაკვეთზე, სადაც ჰაველი მაღალჩინოსნების მიმართ ირაციონალური მოწიწების შესახებ ჰყვება – „საგანგებო აურასა თუ მაგიურ შარავანდედზე“, რომელიც თითქოს თავად თანამდებობას, სავარძელს ახლავს. ჰაველი აღიარებს, გულის სიღრმეში მეც რაღაცნაირ პატივისცემას ვგრძნობდი ყველაზე შტერი კომუნისტი ფუნქციონერის მიმართაც კი, რომელიც მხოლოდ სისულელეებს ლაპარაკობდაო. „თავს ვეუბნებოდი, ამ პოსტზე ასე უბრალოდ ხომ ვერ მოხვდებოდა-მეთქი. ვფიქრობდი, რომ ამ იდიოტური გამოსვლების მიღმა იყო რაღაც, რასაც მე ვერ აღვიქვამდი. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც გარედან არ ჩანდა. აბა სხვანაირად ასე როგორ დაწინაურდებოდა?!“ – წერს ჰაველი და იქვე განაგრძობს“: თვითონ რომ გავხდი პრეზიდენტი და ადამიანს რაიმე თანამდებობაზე დავნიშნავდი, მეორე დღიდან თავს ვიჭერდი, რომ მას უფრო სერიოზულად აღვიქვამო.
არადა, მეორე მხრივ, გაპრეზიდენტების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ პოლიტიკოსები არაფრით განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან. პირიქით, ზოგჯერ მათ ბევრად ჩამოუვარდებიან განათლებით და გამოცდილებითო, განაგრძობს ჰაველი. „პოლიტიკოსებმა ბევრი რამ არ იციან; როცა ისინი რაიმე საკითხზე ლაპარაკობენ, როგორც წესი, ეს სულ ცოტა ხნით ადრე აქვთ გაგებული, მათთვის მომზადებული საგანგებო კონსპექტიდან; ისინი ერთმანეთზე ეჭვიანობენ; ყოველთვის აქეთ-იქით იყურებიან იმის დასადგენად, თუ სად არიან ფოტოგრაფები – და შემდეგ შეუმჩნევლად დგებიან ფოტოკამერების ობიექტივის ველში და თავს ისე იჭერენ, თითქოს სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ. იმ ადგილებში, სადაც ბევრი პოლიტიკოსი ერთად იყრის თავს – მაგალითად, სხვადასხვა სამიტზე – ისინი, ვინც ნაკლებად ცნობილი ან ნაკლებად ძლიერია, მუჯლუგუნებით ცდილობენ ცნობილ და ძლიერ ლიდერებთან მიახლოებას. … მიღებებზე არაერთხელ მინახავს დიდი ჯგუფები ამერიკის ან რუსეთის პრეზიდენტის გარშემო; მაშინ, როცა სხვა პრეზიდენტები ეულად იდგნენ კუთხეში“.
ძალაუფლება, როგორც აბსურდი
თუმცა, ცხადია, ჰაველის იუმორი სრული, შეუზღუდავი ფორმით გამოვლინდა არა პოლიტიკურ ტექსტებში, არამედ მის დრამატურგიულ შემოქმედებაში: სატირულ, აბსურდის თეატრის პიესებში, რომლებშიც ის ხშირად ისევ და ისევ ძალაუფლების ვნებას უღრმავდება და თავს ესხმის მექანიკურ, საზრისს მოკლებულ ინსტიტუტებს.
პირველ პიესაში – 1963 წელს დაწერილ „ბაღის წვეულებაში“ – ჰაველი წერს ყალბ და ბიუროკრატიულ გარემოში წარმატების მიღწევისთვის ადამიანის ინდივიდუალობის და იდენტობის მოშლაზე. მთავარი გმირი კარიერის კიბეზე ზემოთ მიიწევს, მაგრამ საამისოდ ისეთი უაზრო, შინაარსისგან დაცლილი იდეოლოგიური კლიშეებით ალაპარაკდება, რომ ახლობლებიც კი ვეღარ ცნობენ. ჰაველის, ალბათ, ყველაზე ცნობილ პიესაში, 1965 წელს დაწერილ „მემორანდუმში“ გაუგებარ, ხელოვნურ ენას – ერთგვარ „ნიუსპიკს“ – დაუწესებენ დიდ ბიუროკრატიულ დაწესებულებას, მასობრივი კონფორმიზმის მიღწევის და ადამიანური ემოციების ჩაკვლის მიზნით. ხოლო მისი ბოლო პიესა, ტრაგიკომიკური „წასვლა“, თანამედროვე პოლიტიკის მწვავე და მახვილგონივრული კრიტიკაა – პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის პიროვნული თუ ფსიქოლოგიური სირთულეების სატირული სურათი.
„წასვლის“ მთავარი პერსონაჟი, ვილემ რიგერი, რომელიღაც დაუკონკრეტებელი ქვეყნის კანცლერია, რომელსაც ხელისუფლებაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ ეს-ესაა ამოეწურა ვადა. მას სახელმწიფოს კუთვნილი ფეშენებელური ვილიდან გამოსახლება ემუქრება, თუკი საჯაროდ არ დაუჭერს მხარს თავის მემკვიდრეს. „მთავარი პერსონაჟი ვერ უმკლავდება ცვლილებას, ის ვეღარ ფუნქციონირებს და მისი მთელი სამყარო კოლაფსს განიცდის“ – ჰყვებოდა ჰაველი 2011 წლის თებერვალში, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ბევრი ფიქრობდა, რომ პიესა დიდწილად ავტობიოგრაფიული იყო; ერთ-ერთ პერსონაჟში, რიგერის მემკვიდრის, ვლასტიკ კლაინის სახეში პოსტკომუნისტური ჩეხეთის მეორე პრეზიდენტს, ჰაველთან მწვავე იდეოლოგიურ დაპირისპირებაში მყოფ ვაცლავ კლაუსსაც ხედავდნენ. თუმცა, თავად ჰაველი უარყოფდა პიესის კონკრეტულ კავშირს რეალურ მოვლენებთან. „ჩემი ცხოვრების გარკვეული დეტალები, შესაძლოა, მოხვდა პიესაში, მაგრამ მთლიანობაში მას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკიდან ჩემს წასვლასთან. და, იმედი მაქვს, მთავარი გმირიც ძალიან განსხვავდება ჩემგანო“ – უთხრა მან აშშ-ის საზოგადოებრივ რადიოს 2010 წელს.
„წასვლა“, რომელიც ყველაზე გამოკვეთილად, ხშირად პირდაპირი და ვრცელი ციტატების ფორმით, ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღთან“ და უილიამ შექსპირის „მეფე ლირთანაა“ ინტერტექსტუალურ კავშირში (თუმცა, გამოცდილი მკითხველი აქ სემიუელ ბეკეტის ექოსაც იგრძნობს), აბსურდის განცდას პირველივე წუთებიდან მოგგვრით. მთელი მოქმედება იმ ავადსახსენებელი ვილის ბაღში ვითარდება; ძალაუფლების დაკარგვის გამო დაბნეულ და განაწყენებულ რიგერს თავს ახვევიან პარტნიორი ქალი, დედა, ქალიშვილები და ასისტენტები. დროდადრო მას ინტერვიუებისთვისაც აკითხავენ: ჟურნალისტი ჯეკი, ფოტოგრაფი ბობი და თანამედროვე, ინტერდისციპლინარული აკადემიური სამყაროს წარმომადგენელი, ბეა ვაისენმიტელჰოფი – პოლიტოლოგი, რომელიც „რამდენიმე სემესტრი სწავლობდა მულტიკულტურულ სოციოფსიქოლოგიას და ინტერმედიურ კომუნიკაციას“. რამდენჯერმე თავად მთავარი მეტოქე, ვლასტიკ კლაინიც მოვა და რიგერს მუქარანარევი დიდაქტიკით დამოძღვრავს, რომ მან „სადაც საჭიროა, როცა საჭიროა და როგორც საჭიროა“, ისე უნდა გამოავლინოს ახალი ხელმძღვანელობის მხარდაჭერა. პერიოდულად, ამ არეულ-დარეულობაში თავად დრამატურგის ხმა ერთვება და პუბლიკას რეპროდუქტორიდან გვებაასება პიესის წერის პროცესში განცდილ სირთულეებსა თუ საორჭოფო საკითხებზე.
განვლილ პოლიტიკურ გზაზე რეფლექსიისას, რიგერი უხვად აფრქვევს კლიშეებად ქცეულ, გაცვეთილ ლოზუნგებს: „სახელმწიფო მოქალაქისთვის, და არა მოქალაქე სახელმწიფოსთვის“; „ნაკლები გადასახადი და მაღალი პენსიები და შემწეობები“; „მუდამ მსურდა, ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო ადგილი ყოფილიყო. და არა მარტო ჩვენი ქვეყანა – მთელი მსოფლიო. და არა მარტო ადამიანისთვის, – მთელი ბუნებისთვის. მაგრამ, ცხადია, არამც და არამც მრეწველობის განვითარების დამუხრუჭების ხარჯზე!“. დროდადრო მას პარტნიორი ქალი, ირენა შეახსენებს ხოლმე საყვარელ მანტრას: „რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო! რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო!“.
ეს ლოზუნგები იმდენადაა შინაარსისგან დაცლილი, რომ ხშირად ურთიერთგამომრიცხავ მესიჯებს შეიცავს. მაგალითად, ლიბერტარიანულ პოსტულატებს უპრობლემოდ ერწყმის განცხადებები ფართომასშტაბური, აქტიური მთავრობის თაობაზე. გულგრილი და ზერელე ჟურნალისტის, ჯეკის შეკითხვას – „რით აპირებდით უცხოური ინვესტიციების მოზიდვას?“ – რიგერი ასე უპასუხებს: „ჯერ ერთი, იქ, სადაც პოტენციური უცხოელი ინვესტორი რაიმეს აშენებას განიზრახავდა, მაგალითად, საწყობის ან საცავისა, ჩვენ გვინდოდა რელიეფის მოსწორება, ხეების ამოძირკვა, ბუჩქნარის გადაწვა, წყლის, გაზის, დენის, ინტერნეტის გაყვანა და სამანქანო გზისა და ავტოსადგომის მოწყობა. ამით შევქმნიდით სამუშაო ადგილებს, რასაც მოჰყვებოდა უმუშევრობის შემცირება.“ სიტყვების და ლოზუნგების ეს რახარუხი თანამედროვე პოლიტიკის საზრისისგან, ღირებულებებისგან, ხედვისგან დაცლის სიმპტომია: „მორალურ წესრიგზე“ რომ აღარაფერი ვთქვათ. პოლიტიკოსები თამაშობენ ფარისევლურ თამაშებს, იკმაყოფილებენ ეგოებს, ტკბებიან ძალაუფლებით და ვერაფრის დიდებით ვერ თმობენ პრივილეგიებს.
ამ პიესაზე მუშაობა ჰაველმა ჯერ კიდევ კომუნიზმის დამხობამდე, 1988 წელს დაიწყო, მაგრამ „ხავერდოვანი რევოლუციისა“ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისთვის ვეღარ მოიცალა და თაროზე შემოდო. „წასვლა“ ჰაველმა 2007 წელს დაასრულა და ეს მისი ბოლო პიესა აღმოჩნდა. პიესის ქართული თარგმანი შარშან დაბეჭდა გამომცემლობა „სიესტამ“, შემდეგ კი მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა მაყურებელს „წასვლის“ სცენური ვერსიაც შესთავაზა.
პოლიტიკა, როგორც პერფორმანსი
ჰაველის შეხედულებები, ცხოვრების გზა, პოლიტიკური ტექსტები და პიესები ერთ მთლიან, უნიკალურ და საინტერესო სურათს ქმნიან; პორტრეტს კაცისა, რომელიც გამორჩეული სიღრმის ინტელექტს მკაფიო თვითირონიას უხამებდა, მყარ მორალურ კრედოს კი – სილაღესა და იუმორს. ამ ჭრილში გასაგები და ბუნებრივი ხდება ის, რასაც ზოგჯერ ჰაველის ექსცენტრულ გემოვნებას თუ ბოჰემურ ხასიათს მიაწერენ ხოლმე; იქნება ეს გაპრეზიდენტების შემდეგ პრაღის სასახლის გრძელ დერეფნებში თვითმგორავით სეირნობა, როკმუსიკის სიყვარული, ავანგარდისტი როკერის, ფრენკ ზაპას საპატიო კულტურულ ელჩად დანიშვნა, მიკ ჯაგერთან, კით რიჩარდსთან, ლუ რიდთან თუ სხვა არაორდინარულ, კონტრკულტურულ ხალხთანმეგობრობა. პოლიტიკურ მეინსტრიმთან მიმართებით, ჰაველი დიდწილად თავადაც კონტრკულტურულ ფიგურად დარჩა – ლიდერად, რომელიც გაპრეზიდენტებას „აბსურდს“ უწოდებდა და აცხადებდა, რომ „ხანგრძლივსა და ინტენსიურ სიახლოვეს“ გრძნობს თავისი დიდი თანაქალაქელის, ფრანც კაფკას ტექსტების აბსურდულ, მძიმე და კოშმარულ სამყაროსთან.
ვაცლავის პიროვნულ ფორმირებაზე გადამწყვეტი გავლენა მაინც დრამატურგიულმა ფესვებმა იქონია და, ამიტომ, თამაშის, თეატრალურობის და პერფორმანსის ელემენტები მისი ცხოვრების განუყოფელი, ორგანული ნაწილი იყოო – უთხრა ჰაველის უმცროსმა ძმამ, ივან ჰაველმა, ჩემს კოლეგებს, "წასვლის" მთარგმნელს, დავით კაკაბაძეს და სატელევიზიო პროგრამა „წითელი ზონის“ ავტორს, გიორგი გვახარიას, ვაცლავ ჰაველისადმი მიძღვნილი გადაცემის ჩაწერის დროს. მართლაც, 2014 წელს გამოსულ წიგნში ჰაველის ბიოგრაფი, მიხაელ ჟანტოვსკი, ერთ საოცარ ამბავს იხსენებს: გაპრეზიდენტებიდან ცოტა ხანში ჰაველი მოსკოვს სწვევია, საბჭოთა კავშირის ლიდერთან, მიხაილ გორბაჩოვთან შესახვედრად. საუბრისას ჰაველს გორბაჩოვისთვის უთხოვია ჩეხეთის ტერიტორიიდან საბჭოთა ჯარების გაყვანა და ერთობლივი განცხადების გაფორმება, რომელიც ორ ქვეყანას თანასწორუფლებიან სახელმწიფოებად აღიარებდა. გორბაჩოვი დათანხმებულა; რის შემდეგაც ჰაველს უეცრად ჯიბიდან ყალიონი ამოუღია და გორბაჩოვისთვის უთქვამს, ეს მშვიდობის ყალიონია, ამერიკელი ინდიელების ბელადმა მაჩუქა აშშ-ში ვიზიტის დროს და მაშინვე ვიფიქრე, რომ მას მოსკოვში ჩამოვიტანდი, რათა ჩვენ ორს ერთად მოგვეწიაო. გორბაჩოვმა ყალიონს ისეთი სახით შეხედა, გეგონებოდა ხელყუმბარა იყოო, იხსენებს ჟანტოვსკი, რომელიც მაშინ ჰაველის თანაშემწედ მუშაობდა. საბჭოთა ლიდერი ჰაველისკენ მიბრუნებულა და მშრალად, დაძაბულად მოუჭრია, არ ვეწევიო.
პერფორმანსული განზომილება მის ცხოვრებაში სხვა უამრავი ფორმითაც ვლინდებოდა. გაპრეზიდენტების შემდეგ მან მილოშ ფორმანის ცნობილი ფილმის, „ამადეუსის“ კოსტიუმების მხატვარს, თეოდორ პიშტეკს სთხოვა პრეზიდენტის სასახლის გუშაგებისთვის ახალი, ლურჯ ფერში გადაწყვეტილი კოსტიუმების შეკერვა, სათამაშო ხანჯლებითურთ. როგორც ჰყვებიან, უნიფორმების პირველი პარტიის მიღებისთანავე ჰაველმა ერთი ფორმა თვითონ ჩაიცვა, სათამაშო ხმალი იშიშვლა და სამზარეულოში გაიქცა ყვირილით, „წავედით, მზარეულები შევაშინოთო“. რადიო თავისუფლების თანამშრომლებს ყოველთვის გვემახსოვრება მისი კიდევ ერთი „პერფორმანსი“, რომელიც მან 2009 წლის აპრილში მოაწყო, პრაღაში რადიოს ახალი შტაბბინის გახსნისას. საზეიმო სარედაქციო თათბირზე მოწვეულმა, მან – დისიდენტობის წლებში ამ რადიოს ჩეხოსლოვაკიური სამსახურის შტატგარეშე კორესპონდენტმა – თათბირის გაძღოლის სურვილი გამოთქვა და ერთი საათის განმავლობაში ასრულებდა ჩვენი მთავარი რედაქტორის „როლს“.
დასკვნის მაგიერ
ჰაველის დაკრძალვის ცერემონიის დაწყებას მე და ჩემი კოლეგები ტელევიზიით ვადევნებდით თვალს. მასთან დასამშვიდობებლად მსოფლიოს ლიდერები და ჩეხეთის მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი პრაღის წმინდა ვიტუსის საკათედრო ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე. ცერემონია ძალიან ლამაზი და ემოციური იყო: უამრავი ხალხი ზარების რეკვის თანხლებით გამოეთხოვა დიდ პოლიტიკურ ლიდერს.
ცოტა ხანში ჯგუფური იმეილი მივიღეთ: გვატყობინებდნენ, რომ რამდენიმე წუთში სამგლოვიარო პროცესია რადიოს შტაბბინის წინ ჩაივლიდა, ჰაველის ცხედრის კრემატორიუმში მისასვენებლად. ვინც შეძლო, ქუჩაში გავიდა; ჩვენ – ქართულ რედაქციას – რამდენიმე წუთში პირდაპირი ეთერი გვეწყებოდა და იძულებული გავხდით, ფანჯრიდან გახედვას დავჯერებოდით.
ის წუთები არასოდეს დამავიწყდება. ყველანი დიდ და მასშტაბურ პროცესიას ველოდით, ქუჩების გადაკეტვით და მოძრაობის შეჩერებით. ამ დროს კი ჩვენ წინ სულ რამდენიმე მანქანამ ჩაიარა. ჰაველის კატაფალკს მოტოციკლებზე ამხედრებული პოლიციელები ერტყნენ გარს და ასე მიაცილებდნენ უკანასკნელ გზაზე. სადად და მშვიდად, პომპეზურობის და ფანფარონადის გარეშე. ზუსტად ისე, როგორც ჰაველს შეეფერებოდა.
არ ვიცი, კიდევ რა სცენას შეეძლო ასეთი ემოციური ეფექტის გამოწვევა. ვერავინ შეძლო ცრემლების შეკავება. იმ მომენტში ძალიან მკაფიოდ ვიგრძენით, რომ ამ სადა პროცესიასთან ერთად უკანასკნელ გზაზე ვაცილებდით ინტელექტის, ნიჭის, იუმორისა და თავმდაბლობის უნიკალურ ნაზავს; ურყევ პოზიციას, რომელსაც ჰაველის ენაზე მკაფიო სახელი – სიმართლეში ცხოვრება ჰქვია.