Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნამდვილი წიგნები მუსიკაზე – ზაპა და ჯაკო


დღეს Altervision Design-ის მიერ გამოცემულ კიდევ ორ წიგნზე ვისაუბრებთ, რომლებიც ადრეც ვახსენეთ, მაილს დევისზე მომზადებულ სიუჟეტში. დადგა ფრენკ ზაპასა და ჯაკო პასტორიუსის ჯერიც. ზაპაზე წიგნი თავად ზაპასა და მისი თანაავტორის, პიტერ ოკიოგროსოს დაწერილია და 1989 წელს გამოვიდა, ჯაკოზე კი წიგნი ცნობილმა ჯაზ რაითერმა, ბილ მილკოვსკიმ დაწერა 1995 წელს. ერთს ჰქვია „ფრენკ ზაპას ნამდვილი წიგნი“ თუ „ნამდვილი ფრენკ ზაპას წიგნი“, მეორეს კი - „ჯაკო პასტორიუსის საოცარი და ტრაგიკული ცხოვრება – მსოფლიოს უდიდესი ბას გიტარისტი“. ამ წიგნებთან დაკავშირებით დღეისათვის გამომცემელი და მუსიკოსი ვახო ბაბუნაშვილი მოვიწვიე. საუბარი ზაპათი დავიწყეთ:

„როცა წავიკითხე, მივხვდი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფორმა საერთოდ ავტობიოგრაფიული თხრობისა და არც გამკვირვებია, იმიტომ რომ ზაპას მუსიკაშიც ჩანს ეს და ბევრი ვიცოდი ამის შესახებ ინტერვიუებიდან და ა.შ., თუ რა ტიპი იყო თავისი ღადაობებით და ენამოსწრებულობით და ინტელექტით და ა.შ. და ა.შ. წიგნიც ასეთია, ძალიან საინტერესო. მათთვის ვამბობ, ვისაც არა აქვს წაკითხული ეს წიგნი. ეს არის არა მხოლოდ ფრენკ ზაპას, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, პროდუქტიული, დიდი მუსიკოსის ავტობიოგრაფია, არამედ ეს ჩემთვის ამერიკის რაღაც ეტაპის ისტორიაც არის, ამერიკის ერთ-ერთი ინტელექტუალის მიერ მოთხრობილი. ძალიან ბევრი საინტერესო პოლიტიკური, სოციალური მოვლენაა ამ წიგნში აღწერილი. ჩემთვის, პირადად, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და საინტერესო თავი აქ არის მუსიკაზე. „ყველაფერი მუსიკის შესახებ“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავია და მისი წიგნის ბიოგრაფიული ნაწილი, თუ როგორ ყალიბდებოდა, როგორ იზრდებოდა ზაპა, როგორც მუსიკოსი, როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე და ა.შ.“.

როგორც მოქალაქეზე საუბარს, ალბათ, ვერ მოვასწრებთ. სამაგიეროდ, მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, როგორ ყალიბდებოდა იგი მუსიკოსად. თავდაპირეველად, 12 წლისა, დასარტყამი ინსტრუმენტებით დაინტერესდა, უფრო სწორად, არა ინსტრუმენტით, არამედ ყველა იმ ნივთით, რომელზე დარტყმაც შეიძლებოდა და რომელიც საინტერესო ხმას გამოსცემდა. შემდეგ ედგარ ვარეზის ძალზე უცნაურ მუსიკაში გადავარდა ეს პატარა ბიჭი. მოგვიანებით გიტარ სლიმის მუსიკა მოისმინა, რომელიც, შეიძლება ითქვას, უბრაზდებოდა ინსტრუმენტს, ახრჩობდა მას და ასეთმა „მოუჭირე-მიახრჩე“ მიდგომამ ზაპას სტილზეც მოახდინა გავლენა. კიდევ ბევრი გავლენის შესახებ შეიძლება საუბარი, მაგრამ ჯობია აქ შევჩერდეთ და ზაპას წიგნის ერთ-ერთ უმთავრეს ჩანაფიქრზე ვთქვათ. ეს ჩანაფიქრი კი სტერეოტიპების მსხვრევაში მდგომარეობს, უაზრო მითებისა და ლეგენდების გაბათილებაში. აქ ზუსტი და სასაცილო პასუხებია მოცემული სულელურ კითხვებზე. წიგნი სწორედ ასეთ სიბრიყვეებზე პასუხებით და რამდენიმე პოპულარული ლეგენდის აგდებით იწყება: 1. ლეგენდა იმის შესახებ, რომ ზაპამ სცენაზე მოჯვა; 2. ლეგენდა იმის შესახებ, რომ სცენაზე ზაპამ მძღნერი შეჭამა; 3. მან და კაპიტანმა ბიფჰარტმა ერთად შეჭამეს მძღნერი სცენაზე, თან გულისრევის შეჯიბრი მოაწყვეს; 4. ზაპამ და ელის კუპერმა მოაწყვეს გულისრევის შეჯიბრი, რის შემდეგაც კუპერმა ახლად გამოჩეკილი წიწილები გასრისა, ფრენკ ზაპამ კი, აბა, თუ მიხვდებით,რა ქნა? რა თქმა უნდა, მძღნერი შეჭამა. ამ ყველაფერზე ზაპა მხიარულად პასუხობს: „საჯაროდ ვამბობ, ხალხნო: არასოდეს მომიჯვამს სცენაზე და თუკი ოდესმე მძღნერის ჭამასთან ახლოს ვიყავი, ეს იყო 1973 წელს ფაიეტვილში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ჰოლიდეი ინის ბუფეტში“.

მე ვერ დავდებ თავს, რომ ბას-გიტარისტი ვარ, თანაც კარგი. მოკლედ, ამ ინსტრუმენტთან მხოლოდ ვთამაშობ, მაგრამ ამაზე უფრო კარგად, ალბათ, ის ბას-გიტარისტები მოგიყვებოდნენ, რომლებიც ბოლომდე არიან ამ ინსტრუმენტთან და კარგად იცნობენ ჯაკოს...
საერთოდ, ეს ნამდვილი წიგნი ძალიან მხიარული წიგნია. როცა ზაპა ბრაზდება, მაშინაც კი შეიძლება გაგეცინოს კაცს. სიცილიელი, ბერძენი, არაბი და ფრანგი წინაპრების შთამომავალი ბევრს ხუმრობს სხვადასხვა თემაზე, ბევრს ღადაობს საკუთარ თავზე, თავის ჯგუფის წევრებზე, კოლეგებზე. არ შემიძლია ერთი შესანიშნავი ეპიზოდი არ გავიხსენო, რომელსაც „სიმფონიური ორკესტრის ანთროპოლოგია ჰქვია“. მაგალითად, ზაპას კვლევის მიხედვით, ორკესტრში სიმებიანებს ყველა დანარჩენზე მეტად აწუხებთ ჰონორარის საკითხი, ალტზე დამკვრელები არშემდგარი მევიოლინეები არიან, ფლეიტისტებს და არფისტებს ყველაფრისადმი აგდებული დამოკიდებულება აქვთ, ტრომბონისტები ორკესტრის კლოუნები არიან, ზოგიერთ ინსტრუმენტზე შემსრულებლებს ერთმანეთის გვერდით ჯდომა არ მოსწონთ, რადგან მეზობელი ინსტრუმენტის ხმა მათზე ცუდად მოქმედებს და ა.შ. ზაპას აქვს როკ-ენ-როლ ბენდის ანთროპოლოგიაც, რომელსაც, სხვათა შორის, ბასზე საუბრით იწყებს, რამდენიმე საინტერესო დაკვირვებას გვიზიარებს და, ბოლოს, ასკვნის, ბასისტების უმეტესობა არშემდგარი გიტარისტები არიანო.
მოდით, აქ შევწყვიტოთ ზაპას დაკვირვებები და მეორე წიგნზე გადავიდეთ, მით უმეტეს, რომ მეორე წიგნის მთავარი გმირი, ჯაკო პასტორიუსი, მსოფლიოს საუკეთესო ბასისტს უწოდებდა თავის თავს და მასზე ვერავინ იტყოდა, რომ იგი არშემდგარი გიტარისტი იყო:

„მე ვერ დავდებ თავს, რომ ბას-გიტარისტი ვარ, თანაც კარგი. მოკლედ, ამ ინსტრუმენტთან მხოლოდ ვთამაშობ, მაგრამ ამაზე უფრო კარგად, ალბათ, ის ბას–გიტარისტები მოგიყვებოდნენ, რომლებიც ბოლომდე არიან ამ ინსტრუმენტთან და კარგად იცნობენ ჯაკოს, მაგრამ რაღაცა მეც შემიძლია ვთქვა, მათთან შედარებით, უფრო ზედაპირულად. მთავარი ისაა, რომ ჯაკო არ იყო მხოლოდ ბას-გიტარისტი, ჯაკო კი ამბობდა, მე ვარ მსოფლიოში საუკეთესო ბას-გიტარისტიო, მაგრამ ჯაკო, პირველ რიგში, იყო მუსიკოსი. იგი ძალიან მაგრაd უკრავდა დრამზე, ძალიან მაგრად უკრავდა საქსოფონზე. თან ამას ითვისებდა (როგორც ამ წიგნში წერია და ბევრი მოწმე ამას ადასტურებს) ერთ დღეში. ეს ნიჭია. ჯაკო ძალიან ნიჭიერი ტიპი იყო და, ამ ნიჭიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ელემენტი გადაიტანა კონკრეტულად ბას-გიტარაში, რამაც გამოიწვია ის, რომ ჯაკოს ბას-პარტიები სხვანაირია, არა მხოლოდ ტექნიკურად, ჟღერადობითაც და ა.შ. მოკლედ, რომ უსმენ, ხვდები, რომ ჯაკოა ან ჯაკოს მოსწავლე“.

ეს წიგნიც, ჯაკოზე, გარკვეულწილად, ლეგენდებს ამსხვრევს და ნამდვილ ამბავს ჰყვება:

„ტრაგიკული წიგნია. ჯაკოც ტრაგიკული ტიპი იყო. ისევ დაამსხვრევს ეს წიგნი ბევრ მცდარ აზრს ჯაკოსთან დაკავშირებით. ეს არ იყო გიჟი, ნარკომანი, მან სულ სხვანაირად დაიწყო ცხოვრება, სხვანაირად გააგრძელა, ბევრი სხვადასხვა ეტაპი ჰქონდა ცხოვრებაში. ბოლოს, სამწუხაროდ, დაამთავრა ცხოვრება ისე, როგორც დაამთავრა, ტრაგიკულად, მაგრამ ესეც, ალბათ, მისი ბედისწერა იყო. ასეთი ტიპები ასე იწვებიან, ჩემი აზრით. ან იწვებიან, ან კლავენ... მოკლედ, მე ვერ წარმომიდგენია, სიტყვაზე, ჯონ ლენონი 80 წლის, მაკარტნი წარმომიდგენია და ლენონი რთული წარმოსადგენია, ამ ტიპის კაცი 80 წლის, სავარძელში, პლედგადაფარებული... ასევე ჯაკოც ვერ წარმომიდგენია. ზაპა უფრო წარმომიდგენია...“

მართალია, სტერეოტიპებს ამსხვრევს, მაგრამ ერთი-ორი სანტიმენტალური სადღეგრძელო ბილ მილკოვსკისაც ეპარება. თუმცა ეგ არაფერი, მთავარია, რომ ჯაკოს შესახებ ამ წიგნიდან გაცილებით მეტი გვეცოდინება, ვიდრე 80-90-იანი წლების თბილისის ქუჩებში ვიცოდით ამ საოცარ ჯაზპანკზე, მუსიკოსზე, ვინც ბას- გიტარა მარტივი ბურდღუნიდან ღრმა პოეტურ მეტყველებაზე გადაიყვანა.
XS
SM
MD
LG