Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი წიგნი შუა საუკუნეების ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაზე


დღევანდელი ჩვენი საუბარი 17 თებერვალს შემდგარი საუბრის ერთგვარი გაგრძელებაა. მაშინ ჩვენ ქეთევან ბეზარაშვილის ვრცელ ნაშრომზე ვლაპარაკობდით, რომელიც ეფრემ მცირის კომენტარებს ეძღვნებოდა და ძირითადად რიტორიკის თეორიისა და ლექსთწყობის საკითხებს ეხებოდა. ამჯერად კიდევ ორ მნიშვნელოვან კვლევას მიმოვიხილავთ, რომელიც გასულ წელს გამოვიდა - თამარ ოთხმეზურის „კომენტარული ჟანრი შუა საუკუნეების ქართულ მთარგმნელობით ტრადიციაში“, რომელიც გრიგოლ ღვთისმეტყველის ეფრემ მცირისეულ კომენტარებს ეძღვნება, და ნინო დობორჯგინიძის „ლინგვისტურ–ჰერმენევტიკული მეტატექსტები“, სადაც X-XIII საუკუნეების ქართულ ჰერმენევტიკულ ტრადიციაზეა საუბარი.

ორივე ეს ნაშრომი ვრცელი პროექტის ნაწილია. ნინო დობორჯგინიძის და მისი კოლეგების კვლევა ილიას უნივერსიტეტში 2008–2011 წლებში განხორციელდა და იგი რუსთაველის ფონდმა დააფინანსა, პროექტის საერთო სახელწოდება იყო: „შუა საუკუნეების ქართული საგანმანათლებლო საქმიანობის რეკონსტრუქცია ანტიოქური კოლოფონების მიხედვით“, თამარ ოთხმეზურის წიგნი კი ნაწილია დიდი პროექტისა, რომლის განხორციელებაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან დაიწყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ეს გახლდათ საერთაშორისო პროექტი, ბელგიელ ორიენტალისტებთან ერთად, რომელიც გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ქართული თარგმანების სრული კორპუსის მომზადებას გულისხმობდა გამოსაცემად. ამ პროექტს აკადემიკოსი ელენე მეტრეველი ხელმძღვანელობდა და იგი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი მეცნიერებისთვის. თამარ ოთხმეზურის აზრით, გარდა იმისა, რომ ბელგიაში ამ კვლევებს მოჰყვა ძალიან ბევრი პუბლიკაცია, საქართველოშიც განსაკუთრებული კვალი დატოვა ამ პროექტმა:

“ამ ტექსტების გამოცემას მოჰყვა ამ ავტორის ქართულ ტრადიციაში ადაპტირების ძალიან ვრცელი შესწავლა და მოჰყვა ასობით სტატია იმ ქართველი მეცნიერებისა, რომლებიც ამ ვრცელ პროექტში იყვნენ ჩართულები, ათამდე მონოგრაფია და მთელი რიგი საკანდიდატო და სადოქტორო ნაშრომებისა. და აი, ეს წიგნები, ქეთევან ბეზარაშვილის და ჩემი წიგნი, იმ პუბლიკაციებთან ერთად, რომელიც უცხოეთში განხორციელდა, არის სწორედ ამ ვრცელი პროექტის შედეგი”.

თამარ ოთხმეზური კვლევის ზოგიერთ საინტერესო შედეგზეც გვიამბობს:

„ჟანრი რამდენად ახდენს გავლენას თარგმანის ხასიათზე... უფრო რომ დავკონკრეტდეთ, კომენტარული ჟანრის თხზულების კვლევას ეფუძნება, რომელიც შესრულებულია ეფრემ მცირის მიერ და ეფრემ მცირე ცნობილია თავისი ბერძნულთან დაახლოებული თარგმანებით. აღმოჩნდა, რომ კომენტარული ჟანრის თარგმნის დროს მისი თარგმანი არ არის ბერძნულთან ახლოს, არამედ, პირიქით, ის თავისუფალ თარგმანს იძლევა და ეს განპირობებულია იმ ჟანრის სპეციფიკით, კომენტარული ჟანრის სპეციფიკით, რომლის ფარგლებშიც ის თარგმნის ამ თხზულებას“.

კომენტარული ჟანრის თარგმნა, თავისთავად, როგორ აღვიძებს თვითონ მთარგმნელში კრიტიკულ აზროვნებას და უბიძგებს თავად შექმნას თავისი ორიგინალური, მართალია, მცირე ზომის, არა იმ მასშტაბის, რასაც, ვთქვათ, ბიზანტიელი ავტორები წერენ, მაგრამ თვითონ იქცევა ამ კომენტარული ჟანრის, მცირე ტექსტების ავტორად...
ძალიან საინტერესო საკითხია ასევე ის, თუ რა გავლენას ახდენს კომენტარული ჟანრის ნაწარმოების თარგმნა ხელნაწერი წიგნის განვითარებაზე. კომენტარული ჟანრის დამკვიდრებასთან ერთად იცვლება წიგნის გადაწერის ტექნიკაც, შემოდის სიახლეები, კერძოდ, ხდება ხელნაწერი წიგნის მარგინალური ნაწილის, აშიების შევსება, რაც სრულიად ახალი საფეხურია ქართული ხელნაწერი წიგნის განვითარებაში. სხვათა შორის, ეფრემ მცირე ხელნაწერი წიგნის აგებულებისა და სხვა ტექნიკურ საკითხებზეც საუბრობს და მასთან მთელი რიგი ტერმინებია, პალეოგრაფიული და კოდიკოლოგიური, რაც ცალკე შესწავლას მოითხოვს:

„და კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, თემა, რომელიც შეიძლება ამ კუთხით შემოვიდეს. ეს გახლავთ, კომენტარული ჟანრის თარგმნა, თავისთავად, როგორ აღვიძებს თვითონ მთარგმნელში კრიტიკულ აზროვნებას და უბიძგებს თავად შექმნას თავისი ორიგინალური, მართალია, მცირე ზომის, არა იმ მასშტაბის, რასაც, ვთქვათ, ბიზანტიელი ავტორები წერენ, მაგრამ თვითონ იქცევა ამ კომენტარული ჟანრის, მცირე ტექსტების ავტორად“.

ნინო დობორჯგინიძის წიგნიც იმავე ეპოქას ეხება, თუმცა მისი კვლევა უფრო ფართოდ მიმოიხილავს საკითხს. მაგალითად, ავტორი წიგნის შესავალშივე საუბრობს შუა საუკუნეების ქართველი სწავლულების ენობრივ, რელიგიურ და კულტურულ იდენტობაზე, ამ იდენტობის ფორმირებასა და კონცეპტუალური საფუძვლების შექმნაზე და განსაკუთრებით უსვამს ხაზს ამ საკითხის კვლევაში გერმანელი მეცნიერის, ვინფრიდ ბოედერის დამსახურებას. მისი სიტყვით, ყველა, ვინც ქართული ენის ისტორიული სოციოლინგვისტიკის საკითხებს შეეხო, დავალებულია მისი ნაშრომებისგან, ისევე როგორც თავად ნინო დობორჯგინიძის ეს ნაშრომი. ამ წიგნში ძალიან საინტერესო მასალას მიმოიხილავს ავტორი და შესავალ თავებშივე აკეთებს დასკვნებს, რომელიც ახლებურად დაგვანახვებს ქართული ფილოლოგიისა და კულტურის ისტორიისთვის ძალზე მნიშვნელოვან საკითხებს.

მაგალითისთვის ავიღოთ შუა საუკუნეების ქართველ განმანათლებელთა მცდელობები ენობრივი დამოუკიდებლობის ლეგიტიმაციისთვის – ჩვენი ენის „განსრულება“ ყველანაირი „ნაკლულევანებისა“ და „სიტყვადუხჭირობისგან“. ბერძნული კონცეპტების ქართულ ენაზე „გადმოტვიფრა“ ის ძირითადი მიმართულება იყო, რომელიც, ათონელებიდან მოყოლებული, გელათის სკოლის ჩათვლით, განსაზღვრავდა მაშინდელ საგანმანათლებლო მოღვაწეობას. ავტორის კვლევა ამ მიმართულებით ძალზე საინტერესო შედეგებამდე მიდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ქართული ენის სიღარიბის ტოპოსზე საუბრობს, ფართოდ გავრცელებულ წარმოდგენაზე, რომლის თანახმადაც ჩვენი ენა ღარიბია და ვერ გამოხატავს ბერძნულ ცნებებს. იგი მიმოიხილავს აღმოსავლურ და დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში არსებულ ტრადიციას, სადაც ამ ტოპოსმა განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი და იმ განსხვავებასაც უსვამს ხაზს, რომელიც ბერძნული და ქართული ენების ოპოზიციის შემთხვევაში იჩენდა თავს. მისი სიტყვით, „ბერძენთა გამუდმებული საყვედური ქართული ენის გამომხატველობითი საშუალებების სიღარიბესთან დაკავშირებით, რასაც არც ქართველები უარყოფდნენ, არათუ აბრკოლებდა, პირიქით, სხვა მიზეზებთან ერთად, განსაკუთრებით უწყობდა ხელს თარგმანთა მრავალგზის გადამუშავებას, რედაქტირებას, ტექსტების ხელახლა თარგმნას, შესაბამისად, სამეცნიერო ენის, ტერმინოლოგიის დაზუსტებას და დახვეწას“. ნინო დობორჯგინიძის აზრით, სწორედ ეს იყო ქართული ენის თვისებრივი ლეგიტიმაციის, ბერძნულთან მისი რეალური გატოლების პროცესი და ამაში მთავარი როლი ანტიოქიაში მოღვაწე ქართველ მთარგმნელებს ეკუთვნოდათ, ვისი საქმიანობის შედეგადაც ახლებურად განისაზღვრა ქართული ენის პოზიციები.

ზემოთ ჩამოთვლილი თემების გარდა, ორივე წიგნში მიმოხილულია კიდევ მრავალი თეორიული თუ კერძო საკითხი, - ტექსტისა და თარგმანის თეორიის საკითხებით დაწყებული, ეტიმოლოგიური ძიებებით დასრულებული, - რომელიც, პროფესიონალების გარდა, ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველსაც გამოადგება,.
XS
SM
MD
LG