25 სექტემბერი, კვირა
დღიურების წერას თვითმფრინავში ვიწყებ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მცირე ჯგუფის შემადგენლობაში ბერლინში მივდივარ ადვოკატირების ვიზიტით − ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. „სამართლიანი არჩევნები“ წელს პირველად შევუერთდით ამ პროექტს, რომელსაც არაერთი წელია, ვანო ჩხიკვაძის თაოსნობით ახორციელებს ფონდი „ღია საზოგადოება − საქართველო“. მონიტორინგში რამდენიმე ორგანიზაციაა ჩართული, მაგრამ ამჯერად გერმანიაში ოთხი ორგანიზაციის წარმომადგენლები მივდივართ: ანა ნაცვლიშვილი (საია), ერეკლე ურუშაძე („საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“), მურმან მარგველაშვილი (მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის) და მე. ასევე მოდიან ვანო და ანი „ღია საზოგადოება − საქართველოდან“.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში გვექნება შეხვედრები ბუნდესტაგის, კანცლერის ოფისის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე კავკასიისა და საქართველოს საკითხებით დაინტერესებულ ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან. ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საქართველოს მნიშვნელობის, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე თუ გასატარებელი რეფორმების წამოწევა და პირდაპირი კონტაქტების დამყარება. ეს პირველი ასეთი ვიზიტია, მაგრამ იმედი გვაქვს, თანდათან, გერმანიის შესაბამის წრეებში საქართველოსადმი ინტერესი და ხილვადობა გაიზრდება. გზად ჩამოვწერე შეხვედრებისთვის მთავარი მესიჯები. მე, რა თქმა უნდა, ძირითადად, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების გარემოსა და „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო დაკვირვების შედეგებზე ვისაუბრებ.
დღეს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დაბადების დღეა − 21 წელი შეგვისრულდა. სწორედ 1995 წლის 25 სექტემბერს გადაწყდა, დაარსებულიყო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია იმ წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე სამოქალაქო მეთვალყურეობის გასაწევად. მას შემდეგ ქვეყანაში არც ერთ არჩევნებსა თუ რეფერენდუმს არ ჩაუვლია „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის გარეშე. ჯამში ჩვენ 40 ათასზე მეტი მოხალისე დამკვირვებელი მოვამზადეთ და მივავლინეთ სხვადასხვა არჩევნების სამეთვალყურეოდ. დღეს, როდესაც ჩვენს ოფისში შემონახულ 1995 წლის არჩევნების საბოლოო ანგარიშს ვკითხულობთ, ცხადად გვიდგება თვალწინ, თუ რა რთული გზა განვლო ბოლო ოცწლეულში საქართველომ. ამ რთულ გზაზე თავისი წვლილი „სამართლიან არჩევნებსაც“ აქვს შეტანილი ქვეყანაში საარჩევნო კანონმდებლობის, სამოქალაქო კულტურისა და დემოკრატიული პროცესების დახვეწის საქმეში. 21 წლის შემდეგ „სამართლიანი არჩევნები“, ანუ ISFED-ი, როგორც ინგლისურად გვიწოდებენ, ქვეყნის შიგნით და გარეთ ცნობილი სახელია, როგორც სანდო და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ეს არაერთი თაობის ISFED-ელის თავდაუზოგავი მუშაობის შედეგია. ამ ყველაფერზე ფიქრისას, კიდევ ერთხელ ვიაზრებ, რამდენად დიდი როლი და პასუხისმგებლობა გვაკისრია, მათ შორის, 2016 წლის არჩევნებზეც.
26 სექტემბერი, ორშაბათი
ბერლინში თბილი და მზიანი ამინდი დაგვხვდა. უცნაურია, მაგრამ დღეს აქ უფრო თბილა, ვიდრე თბილისში. დილიდან, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი გვმასპინძლობს. დღეს ყველაზე დატვირთული დღეა. თავიდან ვხვდებით საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის სამხრეთ კავკასიის განყოფილების წარმომადგენელს, რომელიც დღის მეორე ნახევარში თვითონ მიფრინავს თბილისში. შეხვედრის დიდი ნაწილი სავიზო ლიბერალიზაციის თემას ეთმობა. ძირითადი გზავნილი ზომიერად პოზიტიურია: გვეუბნებიან, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია; რომ სკეპტიკური განწყობა გერმანიის გარდა, ევროპის სხვა ქვეყნებშიც არის, თუმცა ამ ქვეყნებისთვის უფრო კომფორტულია, გერმანიას ამოეფარონ; რომ, მიუხედავად გარკვეული დაბრკოლებებისა, გერმანიის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის ვიზების გაუქმებას.
შემდეგი შეხვედრა ბუნდესტაგში, ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან გვაქვს. საშუალება მოგვეცა, ძალიან საფუძვლიანად და საგნობრივად ვისაუბროთ საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მიღწეულ პროგრესსა და ჯერაც გადაუჭრელ პრობლემებზე. დეპუტატები იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში დემოკრატიის გამყარებას შეუწყობს ხელს. არჩევნების, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის და ენერგეტიკის თემების გარდა, დეპუტატი პეტრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ასევე დაინტერესდა ლგბტ თემის და უმცირესობათა უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობით.
დღის ბოლო შეხვედრა უკვე ფედერალურ კანცელარიაში გვაქვს საგარეო, უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის განყოფილების გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ბატონ ბერტელესთან. აქ ქართული „გამარჯობით“ შემოგვეგებნენ − აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის მიმართულებაზე მომუშავე ქალბატონი დორმუთი თურმე საქართველოში სწავლობდა და სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდა. ამ შეხვედრაზე იგრძნობა საქართველოს სიტუაციით გულწრფელი დაინტერესება. სავიზო ლიბერალიზაციაზე საუბრისას, ბატონი ბერტელე ხაზს უსვამს კანცლერ მერკელის პოზიციას, რომ ევროპულმა მხარემ უნდა შეასრულოს თავისი დანაპირები.
შეხვედრიდან გამოსულებმა, სამახსოვროდ, ბერლინის ჩამავალი მზის სხივებით განათებული კანცელარიის შენობის წინ ფოტო გადავიღეთ და ჩვენი ვიზიტის პირველი დღეც დასრულდა.
27 სექტემბერი, სამშაბათი
დილიდან ვრცელდება ინფორმაცია აუდიოჩანაწერის შესახებ. ცნობის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრები, თითქოსდა სახელმწიფო გადატრიალების გეგმას სახავენ. ფარული ჩანაწერები, პრაქტიკულად, ჩვენი საარჩევნო პროცესის ყოველდღიურობად იქცა. ბუნებრივია, ეს ვიდეო- და აუდიოჩანაწერები საზოგადოების განხილვის საგანი ხდება ხოლმე და მედიაც ჩვენგან, სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან, მყისიერ რეაგირებას ელოდება.
ჩვენთვის, ბუნებრივია, მიუღებელია ყოველგვარი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად მიღებული ინფორმაცია და გამოქვეყნებული მასალის განხილვა, თუ ის კანონიერი, სასამართლოს მიერ სანქცირებული მოქმედებების შედეგად არ არის მოპოვებული. მაგრამ, ხშირად ასევე ვდგავართ მნიშვნელოვანი დილემის წინაშე −რამდენად ადეკვატურია, ისაუბრო მხოლოდ ფარული მიყურადების პრობლემაზე მაშინ, როცა ჩანაწერის შინაარსი, შესაძლოა, შეიცავდეს ინფორმაციას სერიოზული დანაშაულის შესახებ. ანამ და მე გადავწყვიტეთ, ექსკურსიის ნაცვლად, ბიოლის ფონდის ოფისში დავრჩეთ და „ეს შენ გეხება“-ს განცხადებაზე პოზიციები შევაჯეროთ.
ფარული ჩანაწერებისა და წინასაარჩევნოდ მათი გამოყენების თემაზე დილას ექსპერტებთან ერთად ვიმსჯელეთ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზეც. სამსაათიანი შეხვედრა დაეთმო საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული სიტუაციის დეტალურ ანალიზს, ბევრი ვისაუბრეთ დღეს არსებულ გამოწვევებზე, წინა და ამჟამინდელი ხელისუფლებების მიერ დაშვებულ შეცდომებზე, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე, საქართველოს როლზე რეგიონში...
ამავე საკითხების განხილვა საღამოს ისევ ბიოლის ფონდში გაგრძელდა, ამჯერად − საჯარო დისკუსიის ფორმატში, რომელსაც, საქართველოთი დაინტერესებული საზოგადოების გარდა, ბერლინში მცხოვრები ქართველებიც ესწრებოდნენ.
დისკუსიის შემდეგ ცოტა ხნით ჩემს მეგობარ ეკას ვესტუმრე შინ. ძალიან მწყდება გული, რომ აქაც ვერ ვნახულობ ნორმალურად. დღეს დავფიქრდი, რომ ყოველ ჯერზე ბერლინში საქმიანი ვიზიტით მიწევს ყოფნა, არადა, ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. გონებაში მოვინიშნე, რომ აუცილებლად უნდა ჩამოვიდე უფრო დიდი ხნით და საქმიანი შეხვედრების გარეშე. იქნებ შემდეგ ჯერზე ბერგჰაინსაც ვეწვიო.
28 სექტემბერი, ოთხშაბათი
დღეს დილიდან ბერლინში მოღრუბლული და ქარიანი ამინდია. ამინდის განწყობის შესაბამისი აღმოჩნდა ჩვენი ვიზიტის ბოლო შეხვედრაც. ბუნდესტაგის შინაგან საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებმა დაუფარავად განგვიცხადეს, რომ, მართალია, აფასებენ საქართველოში მიღწეულ პროგრესს, მაგრამ ეწინააღმდეგებიან საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციას ევროპაში მიგრაციის კრიზისისა და გერმანიის კრიმინალურ სტატისტიკაში ეთნიკურ ქართველთა მაღალი პროცენტული მაჩვენებლის გამო. ცხადია, ეს პოზიცია ჩვენთვის ახალი და მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა იმდენად ხისტად იყო გამოხატული, რომ ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია. ვეცადეთ განგვემარტა, რომ სავიზო რეჟიმი პოტენციურ კრიმინალებს არ აჩერებს და მათ შეუძლიათ, ამ მექანიზმს არალეგალური გზებით აარიდონ თავი. ამის მაგალითი მათ მიერვე მოყვანილი სტატისტიკაა: ვიზები რომ ეფექტიანი შემაკავებელი ყოფილიყო, მაშინ პოტენციური კრიმინალების უმეტეს ნაწილს ვერ უნდა მოეხერხებინა შესვლა გერმანიაში. ის, რომ სავიზო ლიბერალიზაცია პირველ რიგში სარგებლობას მოუტანს ტურისტებს, სტუდენტებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს და, რომ ის ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტებსა და საქართველოს ღირებულებით დაახლოებას ევროკავშირთან, ბუნდესტაგის ამ წევრებისთვის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არგუმენტები არ აღმოჩნდა. მათ უფრო მეტად, ბუნებრივია, ის აინტერესებთ, რას იტყვის მათი ამომრჩეველი, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ კონსერვატიულად განწყობილ რეგიონში. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს ევროპის ქვეყნებში, რომ სხვადასხვა წრეებში, მათ შორის პოლიტიკოსებში, ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა გაიზარდოს.
ამ მძიმე შეხვედრის შემდეგ დღის უმეტესი მონაკვეთი სასტუმროში გავატარე. წინასაარჩევნო დაკვირვების საშუალედო ანგარიშს ვასწორებდი, რომ დროულად გადამეგზავნა ნინო რიჟამაძისთვის. ნინო ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლებისა და რეგიონული კოორდინატორების მიერ მოწოდებულ ანგარიშებს ამუშავებს, აერთიანებს და ამზადებს გამოსაცემად. ყველაზე მეტად, მგონი, ის დაისტრესა ამ არჩევნების წინ სამუშაოს რაოდენობით.
საღამოს მოვფრინავთ თბილისში. აეროპორტში ჩვენი პროგრამების მენეჯერ ანასგან მივიღე პროექტის განაცხადი, რომელიც პარასკევისთვის უნდა დავასრულოთ. მინდა, მალევე წავიკითხო, მაგრამ ლეპტოპიც და ტელეფონიც დამიჯდა. როგორც ჩანს, თვითმფრინავში ვერ ვიმუშავებ.
29 სექტემბერი, ხუთშაბათი
გამთენიისას ჩამოსული, ოფისში დაგვიანებით მივედი. უჩვეულო სიმშვიდეა. ნინო ხითარიშვილი და თათია ქუთაისში არიან, ელენე და ნინო რიჟამაძე თბილისის რეგიონულ ოფისში ატარებენ ტრენინგებს მობილური ჯგუფებისა და საოლქო კომისიებში ჩვენი დამკვირვებლებისთვის. ბართო მშვიდადაა,ესე იგი ყველაფერი რიგზეა. თამუნა ბართაია ჩვენი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ხმების პარალელური დათვლის ღერძია. უკვე იმდენი რესურსი აქვს ჩადებული ჩვენი არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიის, მისი სტრუქტურის, დამკვირვებელთა ტრენინგების, სახელმძღვანელოების, ფორმების, ინსტრუქციების, რეპორტინგის სრულყოფაში, რომ სისტემა, პრაქტიკულად, აწყობილია და ზედმეტი სტრესის გარეშე მივყვებით გეგმას, სადაც ყოველდღე კონკრეტული საქმიანობაა გაწერილი. მაგალითად, დღეს დიტო და დათო კომპიუტერებს ამზადებენ PVT და ინციდენტების ცენტრისათვის.
ნინო ლომჯარია და მარიამი საკონფერენციოში არიან შეყუჟულები. არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ევროპული ქსელის, ENEMO-ს გასაუბრებებს ატარებენ მოლდავეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისთვის წევრების შესარჩევად. „სამართლიან არჩევნებს“, როგორც ENEMO-ს გენერალურ სამდივნოს, ევალება ამ ქსელის საერთაშორისო მისიების მართვა. წელს განსაკუთრებული გამოწვევაა, რომ საქართველოში არჩევნების პარალელურად, მოლდავეთშიც მოგვიწევს სადამკვირვებლო მისიის ორგანიზება. როგორც ჩანს, ჩვენს რეგიონში, ოქტომბერი საარჩევნო ციებ-ცხელების პერიოდია. შარშანაც სწორედ ოქტომბერში გაიმართა უკრაინის ადგილობრივი არჩევნები, რომელზეც ENEMO-ს 330-კაციან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ვუწევდით ადმინისტრირებას.
30 სექტემბერი, პარასკევი
დღეს განსაკუთრებით სტრესული დღეა. სამი „დედლაინია“−სხვადასხვა დონორებს საპროექტო განაცხადები უნდა გავუგზავნოთ. საქმე დანაწილებული გვაქვს. ჩვენი საფინანსო მენეჯერი სალომე ბიუჯეტზე მუშაობს, მე განაცხადს ვკითხულობ, ანა გასაგზავნად ამზადებს დოკუმენტებს. თუთა, რომელსაც დაბადების დღე აქვს, ახერხებს, რომ ცოტა ხნით გამომიჭიროს და არჩევნების დღისთვის ინფოგრაფიკების სამუშაო ვერსიები მაჩვენოს.
ერთ განაცხადზე მუშაობის დასრულების შემდეგ, გამოვნახე დრო და ცოტა ხნით ფეისბუკზე თვალი შევავლე რომის პაპისა და ილია მეორის შეხვედრის კადრებს. მაოცებს ზოგიერთის კომენტარები −როგორ აპოკალიფსურ მოვლენად აღიქვამენ პაპის ვიზიტს!
1 ოქტომბერი, შაბათი
წუხელ 4 საათამდე ოფისში ვიყავი − მარიამი და მე დონორთან გასაგზავნ დოკუმენტებზე ვმუშაობდით. დილას უკვე მეორე მარიამმა დამირეკა: უცხოეთში გახსნილ უბნებზე ჩვენი დამკვირვებლებისთვის მოწმობების გაგზავნის საკითხს აგვარებს. არჩევნებამდე შვიდი დღე რჩება და ეს ჩვენს სამუშაო გრაფიკზეც აისახება.
ხვალ ჩამოდის ჩვენი ამერიკელი ექსპერტი და უნდა განვიხილოთ არჩევნების დღეს მისიის სამოქმედო გეგმა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ხმების პარალელური დათვლისთვის ყველაფერი მზად არის. ზეგ, შუადღისას, არჩევნების SMS-სიმულაცია გვაქვს. ათასამდე ჩვენი დამკვირვებელი წინასწარი სცენარის მიხედვით გამოაგზავნის ინფორმაციას SMS-გზავნილის მეშვეობით. სიმულაცია გვეხმარება, რომ შევამოწმოთ ჩვენი სისტემის სანდოობა და ეფექტიანობა, თუ რამდენად სრულყოფილად, ზუსტად და დროულად მოდის ინფორმაცია. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს სავარჯიშო გვეხმარება, აღმოვაჩინოთ შესაძლო ხარვეზები და დროულად აღმოვფხვრათ ისინი, რათა თავად არჩევნების დღეს არ შეგვექმნას გაუთვალისწინებელი პრობლემები. სიმულაციაზე ველოდებით დონორი ორგანიზაციების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პარტნიორების, მათ შორის საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს.
მანამდე, ორშაბათს, წარმოვადგენთ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ბოლო საშუალედო ანგარიშს და წინასაარჩევნოდ შევაჯამებთ საყურადღებო ტენდენციებსა და დარღვევებს.
„სამართლიანი არჩევნების“ გუნდი თბილისსა და რეგიონებში, ჩვენი გრძელვადიანი მონიტორები და არჩევნების დღის ათასამდე დამკვირვებელი მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენს, რომ საზოგადოებას მიუკერძოებელი და სანდო ინფორმაცია მიაწოდოს არჩევნების დღის პროცესისა და შედეგების შესახებ PVT-ის მეთოდოლოგიით. შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე მივლენილი ჩვენი დამკვირვებლებისგან მიღებული მონაცემებით ჩვენ შეგვეძლება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არჩევნების მიმდინარეობის ყველაზე ზუსტი სურათის შეფასება. იმედი მაქვს, რომ ეს არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე და სამომავლოდ ხელს შეუწყობს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტული პოლიტიკური გარემოს შექმნას.