Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაურა კუტუბიძე - მედიის ექსპერტი


19 აპრილი, კვირა

კვირა მაბნევს. იმდენ რამეს ვგეგმავ და უმეტესწილად ვერაფერს ვასრულებ. კვირაზე ვამყარებ წინა დღეებში გასაკეთებელი საქმეების იმედს. ვერ მოვიშორე ეს მავნე ჩვევა. თუმცა, ცხოვრების დაგეგმვა არასოდეს მიყვარდა.

აღდგომის თანმხლები რიტუალი − საფლავებზე გასვლა − ამ კვირისთვის გადმოიდო. ორშაბათს მხოლოდ ჯიქიას ქუჩის თავში მდებარე სასაფლაომდე მივაღწიეთ მე და ჩემმა მეუღლემ. საბურთალოს სასაფლაოსკენ მიმავალი მანქანების მწკრივი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან იწყებოდა, მუხათგვერდში მიმავალი − „გუდვილიდან“; მოვბრუნდით და საფლავზე გადასაგორებელი აღდგომის კვერცხი მაცივარში დავაბინავეთ. დღეს კი გადარბენით მოვიარეთ რვა საფლავი, ყველგან ჩამოვცრემლე და ქაშუეთში კოტე თოლორავას დაკრძალვაზე მისულს, ცრემლი აღარ შემრჩა. სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ განო, მისი მეუღლე, ჩვენი ოჯახის უახლოესი ადამიანების შვილია და ჩემი შვილების თანატოლი. ამ ლეგენდარული სიყვარულით შექმნილი ოჯახის, ნიჭიერი, ლამაზი და ქარიზმატული წყვილის თემა და კოტეს გარდაცვალება ლამის კვირის მთავარ თემად აქცია ქართულმა მედიამ...

ძალიან ვცდილობ, რომ დღიურის პირველი დღე არ დავამძიმო იმ განცდით, რამაც ამ დღეებში თითქოს ჰაერიც დაამძიმა ჩემ გარშემო და ყველაფერი უკანა პლანზე გადასწია. დაკრძალვიდან უახლოეს მეგობრებთან ერთად დავბრუნდით სახლში და წავიხემსეთ. ახლა ვერ ვიხსენებ, კოტეს შესანდობარი თუ ვთქვით. ასეთ დროს გგონია, რომ ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, მაგრამ ცხოვრება მუდმივად გვაფხიზლებს და სულ მახსენდება ბესიკ ხარანაულის სტრიქონი: „მადლობელი ვარ მე იმ ლურსმნის, ფეხსაცმელში რომ მქონდა ამოჩრილი და მოსვენებას არ მაძლევდა...“

ჩემი მეოთხე, ნაბოლარა ქალიშვილი მარიამ-მარო სამზარეულოში შემოდის მკლავზე სველტილოშემოხვეული; ცოტა ხანში თავის ოთახში გამიხმობს და, ვითომც არაფერი, ისე მეუბნება: „ახლა რომ ამას რენტგენი დასჭირდეს?“ ვფეთქდები: „რას მკლავ, ადამიანო, რად უნდა რენტგენი კედელზე უბრალოდ მირტყმულ ხელს?“ − ქოქოლას ვაყრი და რაღას არ ვეუბნები, გამწარებული! მერე სადაზღვევო კომპანიაში ვრეკავ და ჩემს მეუღლეს და ჩვენს მეგობარ რომეოს მორიგე პროვაიდერ კლინიკაში მიჰყავთ; უკან თაბაშირში ჩასმული მკლავით მოჰყავთ. თურმე მარო ჩვენს ოჯახში გაფეტიშებულ არსებას, კატა ჯენოვეტას ავარჯიშებდა; ძალიან ასაკოვანია, თუმცა ძველებურად ლამაზი. დაზანტდა, მძიმე ოპერაციაც გადაიტანა და ვეტექიმმა გვირჩია, აიძულეთ, ბევრი იმოძრაოსო. ჯენოვეტამ ალბათ არა, მაგრამ აი, მარომ კი ბევრი ირბინა, ფეხი აუცურდა და ახალნაოპერაციები ცხვირი რომ გადაერჩინა, იდაყვით დაეხეთქა იატაკს და ძვალი აიტკიჩა. მე როგორღაც მშვიდად შევხვდი ამ ამბავს, აი, ჩემმა მეგობარმა მარინამ კი ძალიან ინერვიულა და იტირა კიდეც.

თავისუფლების დღიურები - ლაურა კუტუბიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:20:24 0:00
გადმოწერა

თუმცა, ამ მძიმე კვირადღეს მაინც კეთილი ბოლო ჰქონდა: საღამოს ჩემმა რძალმა, ძმისშვილის ცოლმა, ლამაზმა და მშვიდმა, პატარა ტონი მოგვიყვანა სტუმრად − თან გონიერი, თან საოცრად მოუსვენარი არსება. მანამდე ჩემმა მეორე ქალიშვილმა ნინომ არაჩვეულებრივი ბრაუნი გამოგვიცხო; ჩემი უფროსი ქალიშვილი ლიზაც გვესტუმრა ქმართან ერთად. ვერ მოვითმენ, რომ არ ვთქვა: ოთხი ქალიშვილის შემდეგ სიძე ჩემი მეხუთე შვილია, თანაც, ღირსეული ადამიანი. რაც მთავარია, ამ საღამოს სახლში იყო მარგოც, რიგითი ნომრით მესამე ქალიშვილი, რომელსაც მეგობრებში ყოფნას არაფერი ურჩევნია, თან სულ საქმეებშია გართული და სულ თავს გვანატრებს.

კვირა დღის პოსტსკრიპტუმად, ალბათ, ის გამოდგება, რომ კვირისთვის მოტოვებული ერთი გეგმა მაინც განვახორციელე: შუაღამისას, უფრო სწორად, გათენებისას, როგორც იქნა, გადავაგზავნე თეზისები ამერიკანისტიკის მორიგი საერთაშორისო კონფერენციისთვის. მეტი რა გზა მქონდა? − ბოლო ვადა იწურებოდა...

20 აპრილი, ორშაბათი

დილით, სახლიდან გამოსული, კიბეებზე დავეშვები თუ არა, მექანიკურად ვიწყებ გონებაში ლოცვების კითხვას. თუ წყევლა გვაკრთობს და გვაშფოთებს ცუდი ენერგეტიკით, ლოცვის სიტყვები მომენტალურად მშველის დღის დაძაბულობასთან გასამკლავებელი ენერგიის მოსაკრებად. ტრანსპორტში კი სულ „თავისუფლების დღიურებს“ ვწერ. შესაძლოა, ეს თავდამცავი რეაქციაა, რომ გონების გამოთავისუფლებულ კუნჭულში მძიმე საფიქრალმა არ დაიბუდოს, მაგალითად, სირიის საშინელებებმა თუ ათასმა სხვა საკაცობრიო თუ პერსონალურმა დარდმა.

დღეს ამან არ მიშველა. მეტროს ვაგონში კუთხის სკამზე მოვკალათდი თუ არა, რატომღაც მამა დამიდგა თვალწინ; შესაძლოა იმიტომ, რომ „თავისუფლების დღიურს“ ვწერ და, თუ რამეა ჩემში თავისუფალი, მამისგან მომდგამს. იქნებ ვაჟა-ფშაველაც ამიტომ უყვარდა განსაკუთრებული სიყვარულით. სულ პატარას, გვერდით მომისვამდა და ვაჟას პუბლიცისტურ წერილებსაც კი მიკითხავდა. თითქმის არ მესიზმრებიან, მაგრამ დედ-მამის ხმა ისე ცოცხლად ჩამესმის, უფრო ხშირად, ერთმანეთს როგორ ეძახიან: „მარგალიტა! პოლიო!“ მოკლედ, დელისიდან ვაგზლამდე, მეტროს ოთხი სადგურის გავლაში, ლამის ნახევარ ჩემს ცხოვრებას გადავურბინე. არადა, როგორ არ მიყვარს უკან მიხედვა! და კორტასარის „მდევარიც“ თავისთავად ამომიტივტივდა...

ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრება იყოფა: უმაღლესებად, სემესტრებად, სალექციო დღეებად, სასწავლო კურსებად, ლექციებად, სემინარებად...

დღეს გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტისა და რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დღე მაქვს. თავართქილაძის უნივერსიტეტის მოწესრიგებულობას და კომფორტულ გარემოს ადამიანური ურთიერთობის კომფორტულობაც აძლიერებს.

თავართქილაძის ჟურნალისტიკის სპეციალობის მეოთხეკურსელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR-ის) კურსს ვუკითხავ. „პიარი“ ისე საყველპურო სიტყვად იქცა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გაიგონებ. თანაც, ჩვენს რეალობაში ისე გადაიხლართა ერთმანეთში ჟურნალისტიკისა და პიარის პროდუქტები, ასე ადვილად ვერ გამოხსნი. თუნდაც ათი წლის წინ სტუდენტებს პიარის ანა-ბანას მოკრძალებით ვასწავლიდი რიდერებითა და პიარ-კომპანიებში მუშაობისას დაგროვილი გამოცდილებით; ახლა ნათარგმნი ახალი ამერიკული სახელმძღვანელოებიც გვაქვს, ამ სფეროში ნაშრომები ქართულ ენაზეც მომრავლდა, გამოცდილებაც მეტი დაგვიგროვდა, მაგრამ მეჩვენება, რომ სტუდენტებში ამ საგნის მიმართ ინტერესი განელდა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების არსებით მიმართულებებს თითქმის არ ეტყობა საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიულად წარმართვის კვალი. არადა, დეფიციტიც ისევე ვნებს ამგვარ კომუნიკაციას, როგორც გადაჭარბება. თანამედროვე საკომუნიკაციო სივრცეს თავისი იმპულსები აქვს და გენიალურ ქმედებაზეც არ ექნება რეაგირება, თუ მის ენაზე არ „გადათარგმნე“. ასეთ დროს ძალიან მეშველება ჩემი უელბეკი: „რუკა უფრო საინტერესოა, ვიდრე ტერიტორია“, ანუ საინფორმაციო ორეული უფრო საინტერესო და აქტუალურია, ვიდრე თავისთავადი მოცემულობა/რეალობა.

21 აპრილი, სამშაბათი

დღეს მცირეოდენი ამოსუნთქვა მაქვს, ლექციები 11 საათზე მეწყება. სახლიდან გამოვალ თუ არა, 10-15 წუთში ჯავახიშვილში ვარ. ჯავახიშვილის ჟურნალისტებს ამ სემესტრში მხოლოდ ერთ კურსს ვუკითხავ. ორ ჯგუფად გაყოფილი სტუდენტები მთელი სემესტრის მანძილზე, კონკურენტულ რეჟიმში, ორ ინტეგრირებულ მარკეტინგულ პროექტზე მუშაობენ და დღეს შუალედურ გამოცდაზე პირველი ეტაპის შედეგები უნდა წარმოადგინონ. წარმოადგინეს! ისეთი შრომა, მოტივირებულობა, კრეატიულობა იყო ჩადებული ორივე პროექტში, რომ გული დამწყდა, 15 ქულაზე მეტის (ანუ მაქსიმუმის) დაწერა რომ არ შემეძლო.

ჯავახიშვილიდან თეატრალურში მივდივარ. აქ უკვე მეექვსე წელია, ვასწავლი ტელერადიოჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ წინა ორი წლის გამოშვების სტუდენტთა უმრავლესობა ისე გამოირჩეოდა ნიჭიერებით, ცოდნით და მომზადებით, რომ ლამის ვირწმუნე ჩვენი ჟურნალისტიკის ნათელი მომავალი. მგონი, არც ახლანდელები იქნებიან მათზე ნაკლები, ოღონდაც წინასწარი ქება ცუდად მაქვს დაცდილი...

დღის ბოლოს, როგორც ყოველდღე, მაღაზიიდან მაღაზიაში დავდივარ და ჩამოწერილი სიის მიხედვით, და სპონტანურადაც, სურსათ-სანოვაგის მარაგს ვავსებ. ეს ჩემი ფუნქციაა, ოჯახის დანარჩენ წევრებს კი განაწილებული აქვთ საჭმლის კეთების, სარეცხ ავტომატში სარეცხის ჩატვირთვა-ამოტვირთვისა თუ დალაგების ფუნქციები. თუ ცოცხალი ვარ, ხანგამოშვებით მეც გამოვდგები დამხმარე ძალად; მაგალითად, დღეს მჭადს ვაცხობ და კარტოფილსაც შევწვავ...

22 აპრილი, ოთხშაბათი

დღეს ამ სემესტრში ყველაზე რთული დღე მაქვს; დილის 10 საათიდან ლექციები თავართქილაძეში, მერე იქვე შეხვედრა იმ სტუდენტებთან, რომელთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი ვარ. მერე მივდივარ თეატრალურ უნივერსიტეტში, ტელერადიოჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებთან, საღამოს 5 საათიდან ისევ თავართქილაძეში ვბრუნდები, ამჯერად მაგისტრანტებთან.

დილიდან თავპირისმტვრევით ჩავრბივარ მეტროსადგურ „დელისში“, სადგურის მოედნის გრძელ გვირაბსაც ლამის სირბილით გავდივარ და ესკალატორსაც ვეჯიბრები სისწრაფეში; მარჯვედ ვუვლი გვერდს ჩამწკრივებულ მგზავრებს და თან საფეხურებს ვითვლი: 15-20-ის შემდეგ ერთი ამოსუნთქვა, მერე ისევ მაღლა და მაღლა... გადასასვლელ ხიდთან გადაჭედილ 37 ნომერ სამარშრუტო ტაქსის თუ მივუსწარი, ხომ კარგი, ზედ თავართქილაძეუნის კარიბჭესთან მიმიყვანს, თუ არადა, 222-ში მოხვედრა უფრო ნაღდია, ოღონდ კიდევ ერთი გაჩერების გარბენაც მომიწევს თავართქილაძემდე.

იმ დღეს მეუღლეს ვუთხარი, რომ მე და ის სხვადასხვა სოციუმს წარმოვადგენთ. მასაც დაძაბული გრაფიკი აქვს, მაგრამ მანქანით გადაადგილდება და მეტროში თუ ქუჩაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოწყალების მთხოვნელს და ნაგვის ურნაში თავწაყოფილ უპოვარს მაინც არ ეჩეხება ასეთი ინტენსიობით. რამდენს გინდა უშველო?! ვეხმარები, როგორც შემიძლია, მაგრამ ეს ერთგვარი უპირატესობის შეგრძნება და თეთრების, გინდ ლარის სანაცვლოდ მათი გულიდან ამოსული დალოცვა უფრო მანადგურებს.

ბევრი ჩემი ქალი კოლეგა მანქანით დადის და მეც რომ ვიცოდე მანქანის მართვა, ალბათ გაცილებით შემიმსუბუქდებოდა ეს ყოველდღიური მარათონი. მაგრამ, რასაც ცხოვრებაში ვერასოდეს ვისწავლიდი, მძღოლობა და ტორტის ცხობაა. ხუმრობით ბევრჯერ მითქვამს, რომ ტორტის გამოცხობას ბავშვის გაჩენა მირჩევნია. ხუმრობა იქით იყოს და, კიდევ კარგი, 34 წლისა გავთხოვდი და არა 20-ის, თორემ ახლა, ალბათ, ოთხი კი არა, 14 შვილი მეყოლებოდა.

დღის რიტმი რომ აღვწერო, სტუდენტებზე საუბრით ისე გავერთობი, როგორც დედა შვილების ამბების მოყოლით ერთობა. უამრავი სტუდენტი მყავს და ყოველ სემესტრში ახლები მემატება, მაგრამ თითოეული ისე შემოდის ჩემს ცხოვრებაში, რომ მერე აღარ გადის. რასაც გადავაწყდები ყოფაში თუ საინფორმაციო სივრცეში, თუნდაც რაღაცით საყურადღებოს, მაშინვე ვუკავშირებ რომელიმე სალექციო თემას და, სანამ სტუდენტებამდე მივაღწევდე, გონებაში უკვე მაქვს ის ლექცია ჩატარებული. ადამიანთა ერთ ნაწილს საქმე თავისთვის სჭირდება − არსებობისთვის, თვითდამკვიდრებისთვის. სხვები საქმისთვის არსებობენ და იხარჯებიან...

ეს დღე მეტროს განწყობით დავიწყე და ბარემ მეტროთივე დავამთავრებ. საბურთალოს ხაზის ბაქანზე საღამოობით ხან ფანდურიანი მომღერლის ხმა ეფინება გვირაბს, ხანაც − გიტარისტების. დღეს ორი გიტარისტი უკრავდა. მათ წინ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შეჩერდა: ქმარს პატარა ჰყავდა ატატებული, დედას კი ხელჩაკიდებული, ასე, სამი-ოთხი წლის ბიჭუნა. უცებ ბიჭუნამ ხელი გამოსტაცა დედას და მუსიკის რიტმზე ცეკვა დაიწყო. ისე თავგამოდებით ცეკვავდა, მატარებელი რომ ჩამოდგა, ვერაფრით წამოიყვანეს, ტირილი მორთო. ჩვენ ჩავსხედით, ისინი დარჩნენ და დაძრული მატარებლის ფანჯრიდან დავინახე, რომ ბიჭუნა ისევ აცეკვდა. მთელი დღის დაღლა ჩამომებერტყა. მაინც, რა კარგია ცხოვრება!

გვიან ღამით „ფეისბუკი“ დავლაშქრე; პირველ რიგში, ჩემს წილ კედელს ვამოწმებ; სპამი თუ დამხვდა, ისე უნდა ამოვძირკვო, როგორც პატარა უფლისწული ძირკვავდა ყოველდღე ბაობაბებს, რომ არ გაზრდილიყვნენ და მისი პატარა პლანეტა არ დაეფლითათ ფესვებით; მერე ინბოქსში გადავინაცვლებ, რომ ყველაზე გადაუდებელ მესიჯებს მაინც ვუპასუხო. ნიუსფიდსაც შევავლე თვალი და რას ვხედავ: ჩემს ენამოსწრებულ, გონებამახვილ და, საერთოდაც, არაჩვეულებრივ კოლეგას და ფრენდს, ნინო კვაჭანტირაძეს უდევს პოსტი: „დღეს ჩემი მიწაუღირსებელი ლენინიკოს დაბადების დღეა! აი, ესეც ერთი უცნობი ფოტოა - მსუქანი ლენინი და აკორდეონიანი ტროცკი, ფოტო გადაღებულია ერთი საუკუნის წინ − 1915 წელს!“ ფოტოა ისეთი, სიცილით მოკვდები. ნინომ მერე მიაკომენტარა კიდეც: „ტროცკიც მშვენიერი სტილნი ბიჭია, − თეთრი შარვალი და ტუფლები, ლენინი საირმის დამსვენებელს გავს“. ამ კომენტარმა ხომ უფრო გულიანად მაცინა და, დაკომენტება რომ არ დამზარებოდა, მეც მივაწერდი, მე კიდევ ოსტაპ ბენდერებს მაგონებენ-მეთქი. არა, ერთი კვაჭანტირაძისნაირი ფრენდი ყველას უნდა ჰყავდეს, რომ „ფეისბუკზე“ ცხოვრება ღირდეს! მაგრამ ამ პოსტს კიდევ ერთი ბედნიერება ახლავს: ეს რომ არა, 22 აპრილი ისე ჩაივლიდა, ლენინი გონების არც ერთი კუნჭულიდან არ ამომიტივტივდებოდა.

მართლაც ბედნიერებაა თავისუფლების თუნდაც ასეთი ხარისხი!

23 აპრილი, ხუთშაბათი

ისევ „მაკონდოში“ გავიღვიძე. როცა ასე გაბმულად წვიმს, ყოველთვის მახსენდება მარკესის „ისაბელი უცქერს წვიმას მაკონდოში“. როგორ იჟღინთება წვიმით ყველაფერი, როგორი გაუსაძლისი ხდება... რუსულ ენაზე გამოცემული მარკესი, რომელშიც ეს ნოველაც იყო, ბოლომდე არც მქონდა ჩაკითხული, ჩემი მეგობრის მამიდას, არაჩვეულებრივ ქალბატონს, ზაირა კიკვიძეს ვათხოვე. ზაირა 9 აპრილს შეეწირა... აპრილის დადგომისთანავე ვცდილობ, ისე მოვიშორო თავიდან 9 აპრილის სიმძიმე, როგორც კოშმარული სიზმარი ან საშინელებათა ფილმის შთაბეჭდილება.

აი, დღეს რომ თელავს მივემგზავრებოდე, ამგვარი ფიქრები ვეღარ ამეშლებოდა, ვერ მოვიცლიდი. ხუთშაბათი-პარასკევი თელავის დღეებია. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობ ასოცირებულ პროფესორად და, თანაც, ჟურნალისტიკის მიმართულებას ვხელმძღვანელობ. ეს კვირა შუალედური გამოცდებისაა, საგამოცდო ცენტრში ჯერჯერობით მხოლოდ პირველი-მესამე კურსების სტუდენტები აბარებენ. ხვალ მეოთხეკურსელებთან მაქვს ლექცია და მაინც მივდივარ, ოღონდ ერთი დღით. ეს დღე როგორღაც ამოვარდა ჩემი წელთაღრიცხვიდან; კვირა დღისა არ იყოს, უამრავი გეგმით დავტვირთე და მხოლოდ ორიოდე განვახორციელე, ისიც ასეთი კოკისპირული წვიმის პირობებში.

ახლა, როცა ამ ტექსტს ვაწყობ, გომბორის მიხვეულ-მოხვეულებში უნდა ვიყო და გონებით მაინც იქა ვარ. გომბორის ხსენებაზე: ორი წლის წინ „ფეისბუკზე“ ერთი პოსტი დავწერე ჩემი სტუდენტების ჯინაზე; წუწუნებდნენ, საავტორო სვეტისთვის თემა ვერ მოვიფიქრეთო. არადა, გაჩერებიდან გაჩერებამდეც შეიძლება წააწყდე საბაბს, რომელიც სვეტისთვის განგაწყობს. ახლა რომ დამეწერა პოსტი გომბორზე, განწყობა იგივე იქნებოდა, ოღონდაც შემოდგომის ჯადოქრობას გომბორზე ახალგაღვიძებული გაზაფხულის უბიწო სიმწვანის ხიბლი ჩაანაცვლებდა. მოკლედ, აი, ის პოსტიც:

„ნამდვილად ნატვრის ხის დამსახურებაა, მე რომ გომბორის გზას ვარ გამოკიდული. ეს ამბავი ასე იყო: 30 თუ 31 წლის წინ ალვანს მივემართებოდით, გომბორის გზით, ჩემი თუში რძლის საუცხოო ოჯახისკენ. დედაჩემმა ნატვრის ხეს ჰკიდა თვალი და რომ გაიგო, რა დანიშნულება ჰქონდა ფერად-ფერადი ნაჭრებით დახუნძლულ ამ საოცრებას, სასწრაფოდ გააჩერებინა მანქანა, ოთხად გახია საგანგებოდ გახამებულ-გაუთოებული საგარეო ცხვირსახოცი და ნატვრის ხეს შეაბა. არ გაამხილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორ ნაკუწს მაინც ჩაუთქვა ჩემი გათხოვება (30 წელს ვიყავი მიღწეული თუ გადაცილებული, ზუსტად არ მახსოვს)... გამოხდა ხანი, კახელების რძალიც გავხდი, ოთხი კახელი ქალიშვილისგან ტვინის გაწყალებაც აღარ ვიკმარე და თელავის უნივერსიტეტს მივაშურე მომავალი ჟურნალისტების გასანათლებლად. მოდი და ნატვრის ხის ძალას ნუ ირწმუნებ! გომბორის გზის რამდენიმეწლიანმა გაუქმებამ ვინ იცის, რამდენი ჩემისთანა პატარძალი დაუკარგა კახელებს. ახალ გზას, მგონი, ისევ იმ მოსახვევში, სადაც ძველი ნატვრის ხე იდგა, ისევ გაუჩნდა ახალი ნატვრის ხე: ცელოფანის ფერადპარკებშებმული, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ტოტებაჩეხილი შემომეფეთა. ვერ ვხსნი, ვისთვის რა უნდა დაეშავებინა, შესაძლოა, მავნე ტრადიციებთან მებრძოლ მავან ნეობოლშევიკს არ მოუვიდა თვალში...

გომბორზე ახლა ზღაპრული და ჯადოსნური შემოდგომაა (შეხსენება - როგორც მოდელირებულ სიტუაციას შეეფერება, ეს ორი წლის წინანდელი პოსტია). თეთრიწყლების ტყეში რომ შექროლდა ტაქსი, სუნთქვა შემეკრა და მზის წნული შემეკუმშა ემოციისგან, ისეთი ფერებით იყო განათებული. უცნაური დამთხვევით სწორედ მაშინ აუწია მძღოლმა მუსიკას და „რამდენი მალოდინე, რამდენი შემოდგომა“-მ გული შემიკუმშა და მიწაზე დავეშვი გასაფრენად გამზადებული...

ამ გზას ყველაფერი უხდება: ტაშფანდურები და დიმპიტაურები, ‘ბლატნოი’ ‘Какая осень в лагерях’ და წითელი ‘ბასანოჟკებიც’! ძალიან მაშაყირეს ერთ დაბადების დღეზე შეკრებილმა მეგობრებმა, ინტერნეტში ‘ბასანოჟკები’ რომ მოვძებნე, მაგრამ მერე ვაჟამ, ჩემმა მეუღლემ, ფოქსტროტი რომ მაცეკვა, მგონი ისიც ახსნეს, რა ძალა მადგას ამ ხნის ქალს, ყოველკვირა ხუთშაბათ-პარასკევს, აგერ უკვე მეხუთე წელია, თელავში სიარულს რომ არ ვეშვები. მიცოდებენ, მე კი ისინი მეცოდება, ამ საოცრებას რომ ვერ ხედავენ. როგორც კი ტაქსი გომბორის გზისკენ გადაუხვევს და თავაწყვეტილი გაქროლდება, ნელ-ნელა გამოდის ჩემი არსებიდან ჰომოფაბერული ჭუჭყი და მერე, აღმართებს რომ შევუყვებით, მიხვეულ-მოხვეულებში იფანტება. ვზივარ გარინდული და გუნებაში ‘თავისუფლების დღიურებს’ ვწერ (დაახლოებით ისე, ჩემს სტუდენტებს რომ ვავალებ); თუ არადა, გავშლი ჩემს დავთრებს და სტუდენტების ნაწერებს ვასწორებ ჩემი ბროლშემღვრეული თვალებით, შიგ რომ თავკომბალები დაცურავენ.

აი, ასე − არაფერი ყოფილა ეს ექვსი ათეული! გომბორგადავლილი, სკამზე არც კი ჩამოჯდები, ისე ჩაატარებ ოთხ-ხუთ ლექციას, თელავიდან ჩამოსული, დელისის მიდამოების მაღაზიებსაც დალაშქრავ ვაკე-საბურთალოს საზღვრამდე, ფოქსტროტსაც იცეკვებ, არც დრო-ჟამს ითვლი, არც ის გგონია, რომ შენმა მატარებელმა ჩაიარა, არც გლობალური დათბობა გაშინებს და არც გლობალური ეპოქის გამოწვევები; ის კი არადა, გგონია, პროტოგლობალურ მომავალსაც მოესწრები... და იქით მხარესაც ისე ბუნებრივად გადახვალ, როგორც გომბორის ერთ ლამაზ მოსახვევში!“

24 აპრილი, პარასკევი

პარასკევი დაიწყო დილით 7 საათზე წამოხტომით და 48 საათი ისე გავიდა, ანუ შაბათი ისე გათენდა, რომ ერთი საათიც არ მიძინია, თუ არ ჩავთვლით თელავი-თბილისის გზაზე სულ რაღაც 10-15-წუთიან ფხიზლად თვლემას. დროის ამ მონაკვეთმა იმდენი რამ დაიტია, მესიჯურად თუ ჩამოვთვლი:

თელავისთვის მსუბუქი საგზალი, ლეპტოპი და მობილური არ უნდა დამრჩეს; თუმცა იქ ჩასული აღმოვაჩენ, რომ დამრჩა ჟურნალისტების იმ პატარა ოთახის გასაღები, რომელიც ერთგვარი სახელოსნოს ფუნქციასაც ითავსებს და ნავსაყუდლისაც, სადაც არა მხოლოდ ლექტორები ვიბრუნებთ სულს ყავით, არამედ სტუდენტებიც.

თბილისიდან დემისეზონურად გამოწყობილი მივდივარ, გომბორის უღელტეხილზე კი ნამდვილი თოვლიან-ბურუსიანი, მომაჯადოებელი ზამთარი მხვდება. ვგიჟდები თოვლზე! ტაქსიში წინ ვზივარ და ხარბად ვისრუტავ ზამთრის ბოლო გაბრწყინებას.

თელავში ჟურნალისტიკის მაინორის სტუდენტები მახარებენ საპრეზენტაციო პროექტებით, მეოთხეკურსელები. ერთ მათგანს, ელენეს, იმდენი ვიზუალური თუ ტექსტური მასალა მოუგროვებია ამერიკაში ორი ქართველი ახალგაზრდის მიერ შექმნილი, ვირტუალური და ფიზიკური სამყაროს დამაკავშირებელი სოციალური ქსელის თაობაზე... და ეს მისი პრეზენტაციის მხოლოდ ერთი ასპექტი იყო.

დეკანატში შესვლამდე ფანჯრებისკენ გამირბის თვალი. ჩვენი მეხუთე სართულის დერეფნის ფანჯრებიდან კავკასიონის დიდებული ხედია. ახლა ბურუსში იყო ჩაძირული. ზაფხულის უთოვლო კავკასიონი იმდენად არ მიყვარს − სანამ თოვლიანია, მკაცრია და შეუვალი, და ასე მგონია, ისევე გვიცავს, როგორც კაატინგა − კანუდოსს...

განცხადებების დაფაზე ახალი, მიმზიდველი პოსტერია: „ტემპუსის“ პროგრამის ფარგლებში თელავის უნივერსიტეტში კარიერული ცენტრი შექმნილა. ძალიან გამიხარდა. ძალიან მიყვარს ეს უნივერსიტეტი, ყველაფერი მახარებს, რაც სასიკეთო ხდება. არ ვაიდეალებ, ბევრი რამეა შესაცვლელი, მაგრამ გული მწყდება, მავანთა პიროვნულ დაპირისპირებას ზოგჯერ უნივერსიტეტის იმიჯი რომ ეწირება.

საგამოცდო ცენტრიდან გასასწორებელი ნამუშევრები გამომაქვს და ტაქსის ვიძახებ. დღეს თბილისში დროზე უნდა დავბრუნდე.

დელისთან ისევ ვასწრებ რაღაც-რაღაცების ყიდვას, სახლში შერბენას, ყავის დალევას, „გადარეფლეშებას“ და მეუღლესთან ერთად ფილარმონიაში მივდივარ მსოფლიო კინომუსიკის შედევრების მოსასმენად. ხუთი წუთის გზას 40 წუთს ვანდომებთ, მე ფილარმონიასთან ჩამოვდივარ, ვაჟა კი მანქანის გასაჩერებელ ადგილს ეძებს. თურმე, ვარაზისხევამდე მოუწია წასვლა. დარბაზში შემოვიდა თუ არა, კონცერტიც დაიწყო − მართლაც არაჩვეულებრივი, აზარტული, სუნთქვისშემკვრელი! საოცარი მაესტრო გვყავს, ნიკოლოზ რაჭველი! მიქელაძის სახელობის იუბილარი ორკესტრიც ხომ საუცხოოა! „ამარკორდის“ მუსიკაზე ვაჟა თვალებს იწმენდდა, კონცერტის მერე მეგობარს ეუბნებოდა ტელეფონით, ამეტირაო... ერთსაც ვიტყვი: კინო ჩემი ცხოვრების ლაიტმოტივი და ბედია, რომელმაც არა მხოლოდ შემახვედრა ჩემს კინორეჟისორ მეუღლეს, არამედ მასთან ერთად ერთ არსებად მაქცია.

P.S.: დანარჩენი დრო ამ 48 საათიდან „თავისუფლების დღიურის“ „დაკომპაქტებას“ მოვანდომე...

25 აპრილი, შაბათი

დღეს ბრმა და ყრუ ვარ, ვეცდები ისეთი არაფერი შევამჩნიო, აღვიქვა და განვიცადო, რომ სულმა წამძლიოს დღიურში ჩასაწერად. ლიმიტს უკვე გადავაცილე და იმ ჩვენს ყბადაღებულ „გადმობრუნებულ პირამიდასავით“ წვერის წაკვეცა რომ არ დასჭირდეს, უმჯობესია, თვითონ დავასრულო. ბოლო ფრაზას ვწერ და მარინა ვაშაყმაძეს ვუგზავნი − მისი, ჩემი შვილების და, ბოლოს, მსმენელის წინაშე ძრწოლით და ცახცახით.

XS
SM
MD
LG