Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განცხადება განცხადებისათვის


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის შესახებ და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმების მიღწევა. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა აფხაზეთის ტელერადიოკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარების ხუთი წლისთავთან დაკავშირებით ჩაიწერა. ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთქმულ განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეუთავსებელი პოზიციებიდან გამომდინარე, პროგრესის მიღწევა შუძლებელი გახდა ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზეც, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართა. ამით უკმაყოფილება რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მაშინვე გამოხატეს. ინტერვიუში კი, რომელიც აფხაზეთის ტელერადიოკომპანიამ სერგეი ლავროვთან ჩაწერა, მინისტრი აღნიშნავს, რომ არსებობს კონკრეტული წინადადებები, რომელთაც პატიოსნად განხილვა და არსებული რეალობის გათვალისწინება სჭირდება:

“უნდა მოილაპარაკონ, პირველ რიგში, აფხაზეთმა და საქართველომ და სამხრეთ ოსეთმა და საქართველომ. და დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში კეთილმეზობლური ურთერთობების დამყარება ყველას, პირველ რიგში კი, აფხაზების, ოსებისა და ქართველების ინტერესებში შედის. რუსეთი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების განცხადებას ასეთი ურთიერთობების დამყარების შესახებ. და თუ უბრალო ადამიანების ინტერესებიდან გამოვალთ და მათ დავეხმარებით ყოველდღიური საჭიროებებისათვის აუცილებელი ურთიერთობების მოგვარებაში, გეოპოლიტიკური ცრურწმენები გვერდზე დარჩება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადების პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება უკვე აღებული აქვს და ჯერი ახლა რუსეთზეა.

იქ არის ლაპარაკი ნდობის აღდგენაზე ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენც უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და უნდა ვეცადოთ ვიპოვოთ ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები...
მაია ფანჯიკიძე
საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო. რუსეთი თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს და ანალოგიური ნაბიჯის გადადგმაზე უარს აცხადებს. შესაბამისად, ის თბილისს სოხუმსა და ცხინვალთან იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულების ხელმოწერისაკენ მოუწოდებს. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კმაყოფილებას იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობები აღადგინოს, მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ სერგეი ლავროვმა განცხადების კონტექსტი არასწორად გაიგო:

“იქ არის ლაპარაკი ნდობის აღდგენაზე ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენც უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და უნდა ვეცადოთ ვიპოვოთ ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები. მხოლოდ ამის შემდეგ - და ეკონომიკური წარმატებისა და ქვეყნის განვითარების პარალელურად - გვექნება იმის საშუალება, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს დავუდასტუროთ ის, რომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად ცხოვრება და დავსახოთ ერთიან ქვეყანაში ცხოვრების მომავალი“.

მაია ფანჯიკიძე აქ გულისხმობს, რომ სერგეი ლავროვს მხედველობაში ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ 8 აგვისტოს გაკეთებული შემდეგი განცხადება:

“ ჩვენ მზად ვართ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობებისათვის. საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შემოაბრუნებს აფხაზებსა და ოსებს ჩვენკენ და საბოლოოდ დაარწმუნებს მათ, რომ საქართველოა მათი სამშობლო“.

ამ აღიარებით რუსეთმა თვითონ მოჭრა გზა საქართველოსთან მისასვლელად, დიპლომატიური ურთერთობების აღსადგენად და ვერც თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო დიდი შეღავათი იმით, რომ ისინი რუსეთის მიერ აღიარებულები არიან, ასე ვთქვათ, ტერიტორიულ წარმონაქმნებად...
ზურაბ ბენდიანიშვილი
ამავე განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან აგვისტოს ომის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე - 760 სამხედრო მოსამსახურის მიერ ფიცის დადების ცერემონიალზე - სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარი დათქმა იქნა ხაზგასმული. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის თანახმად, მიუხედავად რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებისა, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების მიმართულებით სერიოზული წინსვლის შემთხვევაში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში.

თავის მხრივ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად წარმოჩენის უსუსურ მცდელობად მიიჩნევს სერგეი ლავროვის განცხადებას ექსპერტი ზურაბ ბენდიანიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთმა თვითონ უფრო მეტად დაიზიანა თავი:

“ამ აღიარებით რუსეთმა თვითონ მოჭრა გზა საქართველოსთან მისასვლელად, დიპლომატიური ურთერთობების აღსადგენად და ვერც თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო დიდი შეღავათი იმით, რომ ისინი რუსეთის მიერ აღიარებულები არიან, ასე ვთქვათ, ტერიტორიულ წარმონაქმნებად. ამდენად, პერსპექტივა ამ მხრივ ძალიან მძიმეა და რაც უფრო შორს წავა, მით უფრო დაინახავენ აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც, რომ წმინდა პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი მსხვერპლად ეწირება რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს კავკასიაში“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის აფხაზეთის ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუს მესიჯებს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიც გამოეხმაურა. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იგი წერს, რომ რუსეთი ჯერაც არ ცვლის პოზიციას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ, რაც გამაღიზიანებელია დასავლეთისათვის, რუსეთის მეზობლების მღელვარებას იწვევს და საფრთხეს უქმნის ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლს მთელ ევროპაში. ჯეიმს აპატურაი მხარეებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისი კომპრომისისაკენ მოუწოდებს.

თბილისში კი 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების წინააღმდეგ და ამ აღიარების გაუქმების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო ნოტა გაიგზავნა რუსეთშიც - კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორიგ პროვოკაციად შეაფასა 25 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში და ბიჭვინთაში მისი შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან.
XS
SM
MD
LG