აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ეხებოდა უკრაინაში შარშანდელი კრიზისის განმუხტვისთვის საერთაშორისო შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას, რუსეთმა გამოიყენა იმ აზრის გასამყარებლად, რომ ვაშინგტონი მონაწილეობდა „გადატრიალებაში“ უკრაინის მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.
ტელეკომპანია CNN-ის მიერ 1 თებერვალს ნაჩვენებ ინტერვიუში ობამამ თქვა, ჩემი აზრით, უკრაინაში რუსეთის ჩარევის ერთ-ერთი მიზეზი იყო ვლადიმირ პუტინისთვის მოულოდნელი ვითარება - ის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, „ქვეყანა დატოვა მას შემდეგ, რაც ჩვენ უკრაინაში ძალაუფლების გადაცემის შესახებ შეთანხმება შევიმუშავეთო.“
ამის პასუხად პეკინში ვიზიტით მყოფმა ლავროვმა 2 თებერვალს თქვა, ობამას განცხადებები ადასტურებს, რომ აშშ თავიდანვე იყო ჩართული “ანტისამთავრობო გადატრიალებაში”: “თუკი ვინმეს დასტური სჭირდებოდა, სწორედ ეს მოვისმინეთ - დასტური, რომ აშშ თავიდანვე პირდაპირ იყო ჩართული ანტისამთავრობო, ანტისახელმწიფოებრივ გადატრიალებაში, რომელსაც პრეზიდენტმა ობამამ ნეიტრალურად უწოდა ხელისუფლების გადაცემა“.
ლავროვის შეფასებებს ობამას ადმინისტრაცია გამოეხმაურა - მათი განცხადებით, რუსეთი ავითარებს უკრაინის კრიზისის რევიზიონისტულ ნარატივს, რომელიც „ძალიან შემაშფოთებელი, მაგრამ უკიდურესად არადამაჯერებელია“.
როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რადიო თავისუფლებას 2 თებერვალს უთხრა, ობამას განცხადებები ეხებოდა კრიზისის გადაწყვეტის მიზნით აშშ-ის მიერ გატარებულ მცდელობას 2014 წლის 21 თებერვლის წინ, როცა იანუკოვიჩმა და უკრაინის მაშინდელმა ოპოზიციამ შეთანხმება გააფორმეს.
შეთანხმება ითვალისწინებდა ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებას და დეკემბრისთვის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.
შეთანხმების ხელმოწერის დღეს თეთრმა სახლმა განაცხადა, ობამამ და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს და „გაცვალეს შეხედულებები იმის თაობაზე, რომ მიღწეული შეთანხმების განხორციელება სწრაფად უნდა დაიწყოსო“.
იანუკოვიჩმა, რომელმაც კიევში მასობრივი აქციები გამოიწვია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე უარით, ხელისუფლება დატოვა და რუსეთს მიაშურა ამ შეთანხმების გაფორმებიდან მოკლე დროში.
რუსეთი დიდი ხანია დასავლეთს ბრალს სდებს იანუკოვიჩის დამხობის პროცესის მხარდაჭერაში. ლავროვის მიერ 2 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას ანალოგიური შინაარსის შეფასებებით გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო მედია.
აშშ, ევროკავშირი, ნატო და უკრაინის ამჟამინდელი მთავრობა მოსკოვს სდებენ ბრალს პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერასა და მომარაგებაში. სეპარატისტები უკრაინის აღმოსავლეთში მთავრობის ძალებს ებრძვიან. ბრძოლას აპრილის შემდეგ 5,100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.