Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავრენტი ბერიას „დინამო“


დავით ჯიშკარიანი "შაქრო ბაბუაში"
დავით ჯიშკარიანი "შაქრო ბაბუაში"

რამდენიმე წელი იკვლევდა დავით ჯიშკარიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, თბილისის „დინამოსა“ და ლავრენტი ბერიას ურთიერთობებს. რა იყო მართალი, რა - ლეგენდა, რას წერდა იმდროინდელი პრესა და რაზე მიუთითებდა საარქივო დოკუმენტაცია - ამ ლაბირინთში გზის გაკვალვა, მისი თქმით, არ აღმოჩნდა ადვილი. შემოდგომისთვის დავით ჯიშკარიანი წიგნის გამოცემას აპირებს.

ლავრენტი ბერიას „დინამო“
please wait

No media source currently available

0:00 0:13:36 0:00
გადმოწერა

„ლავრენტი ბერია არ ვარგოდა როგორც ჩეკისტი, იმიტომ რომ მან ფეხბურთელები შემოყარა ჩეკაშიო“, - საარქივო მასალებში ამოკითხული ეს ფრაზა გახდა საბაბი იმისა, რომ დავით ჯიშკარიანს, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარს, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომპარტიის პირველი მდივნისა და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლავრენტი ბერიასა, და თბილისის „დინამოს“ კავშირები ეკვლია. ის სულ სხვა თემაზე - 37 წლის რეპრესიებზე - მუშაობდა, თუმცა მისმა გამოკვლევამ კიდევ უფრო ვიწრო კალაპოტი მოიძია. დავით ჯიშკარიანმა სამი წელი მოანდომა თბილისის „დინამოსა“ და ლავრენტი ბერიას ურთიერთობის კვლევას:

„მაშინ დავფიქრდი პირველად, რა შუაში არიან ფეხბურთელები და ჩეკა. თავიდან ძალიან არასერიოზულად დავიწყე. მაინტერესებდა ბიოგრაფიები. მერე ვიფიქრე, მოდი, „დინამოს“ შესახებ მასალებსაც წავიკითხავ და ასე თამაშ-თამაშში აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია დავაგროვე“.

თუმცა დავით ჯიშკარიანი გამოკვლევის დაწყებისას მალევე წააწყდა ერთ დიდ პრობლემას. რა იყო მართალი, რა - ლეგენდა, რა - გაზვიადებული ინფორმაცია, რას ჰყვებოდა ხალხი, ფეხბურთის გულშემატკივარი, რას წერდა იმდოინდელი პრესა და რაზე მიუთითებდა საარქივო დოკუმენტაცია - ამ ლაბირინთში გზის გაკვალვა არ აღმოჩნდა ადვილი:

ლავრენტი ბერიამ თბილისის „დინამოს“ ხელახლა აუშენა სტადიონი. ამისთვის მან მოახდინა არანორმალურად დიდი რაოდენობის რესურსის მობილიზება, რადგან ქვეყანას იმ პერიოდში იმაზე გაცილებით დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე სტადიონის აშენება...
დავით ჯიშკარიანი

„ამ ყველაფრის ფონზე, ჩემი კვლევისას, ლავრენტი ბერია გამოიკვეთა ადამიანი, რომელიც არის ქართული ნაციონალური პროექტის ერთ-ერთი შემქმნელი, რომელიც არის საბჭოთა ნაციონალიზმის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და, რასაკვირველია, ლავრენტი ბერია, როგორც პოლიტიკურ ინტრიგებში დახელოვნებული ადამიანი, ძალიან კარგად ხვდება, რომ მას მასისგან ესაჭიროება მხარდაჭერა. მასა კი 30-იან წლებში საქართველოში აბსოლუტურად არის გადართული ფეხბურთზე. ფეხბურთის ინსტიტუციონალიზაციაში ძალიან აქტიურად მონაწილეობს ახალგაზრდა ჩეკისტი - ლავრენტი ბერია“.

და მართლაც, დავით ჯიშკარიანის სიტყვებით, „დინამოს“ პირველ ნაკრებში, რომელიც 1926 წელს შედგა, ფეხბურთელების უმეტესობა არის ჩეკისტი, საკმაოდ მაღალი რანგის ოფიცრები. სწორედ 1926 წელს ხდება ლავრენტი ბერია ამიერკავკასიის „ჩეკას“ (კონტრრევოლუციასა და საბოტაჟის წინააღმდეგ ბრძოლის საგანგებო კომისია) თავმჯდომარე. ჩეკისტები - ფეხბურთით აჟიტირებული ბავშვები, - ასე ახასიათებს დავით ჯიშკარიანი იმდროინდელი ჩინოსნების გატაცებას ფეხბურთით:

„ლავრენტი ბერია, როგორც კარგი საფეხბურთო და სპორტული მენეჯერი, ჩართულია ამ საქმიანობაში. მას ირგვლივ ჰყავს ფეხბურთზე გაგიჟებული ჩეკისტები, იგივე სერგო გოგლიძე, მილშტეინი, გამსახურდია და სხვა. მაშინ, როდესაც იყო დიდი რეპრესიები 36 წელს, როგორც ჩანს, ჩეკისტებს არ ეცალათ ცალკე შენობაში შესახვედრად და თბილისის დინამოს სხდომები ტარდებოდა მაშინდელი შს სახალხო კომისრის, ავქსენტი რაფავას, კაბინეტში. ეს წერია ოქმებში, რომ შეხვედრა ჩატარდა რაფავას კაბინეტში. 37-38 წლებს ემსხვერპლა 25 ათასი ადამიანი. ამ ადამიანების დაპატიმრება, გადასახლება, დახვრეტა, გაფორმება, ყველაფერს ჩეკისტები აკეთებენ და, ამავდროულად, ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში რაფავა და ეს მაღალი რანგის ჩეკისტები იცლიან იმისთვის, რომ ილაპარაკონ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებზე“.

მკვლევრის სიტყვებით, უკვე 30-იანი წლებიდან იწყება ფეხბურთის კომერციალიზაცია - მაშინ, როდესაც ფეხბურთის სფეროში საკმაოდ გავლენიანმა ადამიანებმა, მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელებმა ძმებმა სტაროსტინებმა, წამოაყენეს იდეა, შექმნილიყო კლუბები, რომლებიც იარსებებდნენ სხვადასხვა მსხვილ ორგანიზაციასთან და რომლებიც შეძლებდნენ მოთამაშეების ფინანსურ უზრუნველყოფას. 1936 წლიდან ლავრენტი ბერია ხვდება, რომ მისი, როგორც კარგი მენეჯერის, რეპუტაცია დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარადგენს და როგორ დაეხმარება მას ფეხბურთი საკავშირო მასშტაბზე გასვლაში:

„აქედან გამომდინარე, 1935 წლის ბოლოს ლავრენტი ბერია და მისი ცნობილი მოადგილე, მილშტეინი, აწყობენ თბილისის „დინამოს“ საზოგადოების ყრილობას, სადაც მიდის ბჭობა, რომელი ფეხბურთელი საიდან გამოიწვიონ. ამავე პერიოდში თბილისის „დინამოში“ მოიწვევენ ძალიან ცნობილ მწვრთნელს და აქედან იწყება უკვე ის თბილისის „დინამო“, რომელზეც ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, რადგან ამ დრომდე თბილისის „დინამო“ მაინც იყო ნამდვილად ჩეკისტების და მილიციონერების გუნდი, რადგან წევრების უმეტესობა არა მარტო ფორმალურად იყო გაფორმებული ამ ორგანიზაციაში, არამედ აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა საგამოძიებო საქმიანობებს. თბილისის „დინამო“ ბევრს არ უყვარდა. ის მაინც ასოცირდებოდა მილიციონერების და ჩეკისტების გუნდთან 36 წლამდე“.

თუმცა, მაინც, 1936 წლიდან თბილისის დინამოში ჩნდება პირველი დიდი დაპირისპირება, რადგან დინამოელთა ერთი თაობა უკვე გაზრდილია და ლავრენტი ბერია ძველი მოთამაშეების ახლებით ჩანაცვლებას გეგმავს. როგორც დავით ჯიშკარიანი თავის გამოკვლევაში წერს, სწორედ ამ პერიოდში მოითხოვა თბილისის „დინამომ“ ლავრენტი ბერიასგან 200-მანეთიანი ფინანსური დახმარება, ე.წ. პრემია, წარმატებული მატჩებისთვის. თუმცა ეს პრემია 1937 წელს თბილისის „დინამოს“ ძვირი დაუჯდა. „დინამოელები“, ერთი მხრივ, თავად იქცნენ რეჟიმის სისასტიკის მონაწილეებად და, მეორე მხრივ, ასევე თავადვე გახდნენ რეჟიმის მსხვერპლნი. ფეხბურთელებს და, ამავე დროს, ჩეკისტებს შორის არიან გრიგოლ (ჭიჭიკო) ფაჩულია, მიშა ასლამაზოვი და ლევან აბაშიძე:

ბორის პაიჭაძე გადმოვიდა „დინამოში“, ის გახდა საყვარელი ფეხბურთელი და რამდენიმე თვეში დაიჭირეს სოლომონ პაიჭაძე. ბორის პაიჭაძე მხოლოდ 40-იან წლებში სთხოვს ლავრენტი ბერიას, რომ გაათავისუფლოს მამამისი, მაგრამ მისგან იღებს პასუხს, რომ ის უკვე დაღუპულია. ფეხბურთელებისთვის ლავრენტი არ იყო ისეთი „ბუა“, როგორიც საზოგადოების სხვა დანარჩენი ნაწილისათვის...
დავით ჯიშკარიანი

„ეს ფეხბურთელები, გარდა იმისა, რომ დღისით თამაშობდნენ ფეხბურთს, საღამოს ჩვეულებრივად მონაწილეობდნენ დაპატიმრებებში, სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში და ა.შ. არ იფიქროთ, რომ ისინი ცუდი ადამიანები იყვნენ. უბრალოდ, ისინი იყვნენ შინსახკომის თანამშრომლები, მათ ჰქონდათ შესაბამისი ჩინი და მათ სამსახური ამას ავალებდა. დაიწყო ძალიან დიდი დაპირისპირება და ძალიან დიდი შავი ლაქა თბილისის „დინამოსთვის“. ლევან აბაშიძეს აპატიმრებენ მის ბინაში. ამავე პერიოდში აპატიმრებენ მეორე ფეხბურთელს, მიშა ასლამაზოვს. და თუკი ეს ადამიანები ერთ შემთხვევაში არიან ძალადობრივი აქტის მონაწილეები, როგორც დამპატიმრებლები და ძიების გამტარებლები, ზუსტად რამდენიმე თვეა საჭირო იმისათვის, რომ დააპატიმრონ ორივე. ორივე მათგანის წინააღმდეგ გამოძიებას ატარებენ „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელები, კრიმიანი და სავიცკი, ოღონდ არა ისეთი გავლენიანები, როგორც ლევან აბაშიძე და მიხეილ ასლამაზოვი. და ორივე მათგანს უსჯიან სასჯელის უმაღლეს ზომას“.

სწორედ ასეთ „დინამოში“ ჩნდება 1936 წელს ახალგაზრდა, უნიჭიერესი ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე, ე.წ. ხალხის მტრის შვილი. ფეხბურთელის მამა, სოლომონ პაიჭაძე, ფოთში მენშევიკური ორგანიზაციის აქტიური წევრი იყო. დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბორის პაიჭაძე ფოთის ქალაქის საფეხბურთო ნაკრებიდან თბილისის „დინამოში“ იმ პირობით გადავიდა, რომ ლავრენტი ბერია მამის გათავისუფლებას დაჰპირდა:

„ბორის პაიჭაძე გადმოვიდა „დინამოში“, ის გახდა საყვარელი ფეხბურთელი და რამდენიმე თვეში დაიჭირეს სოლომონ პაიჭაძე. ბორის პაიჭაძე მხოლოდ 40-იან წლებში სთხოვს ლავრენტი ბერიას, რომ გაათავისუფლოს მამამისი, მაგრამ მისგან იღებს პასუხს, რომ ის უკვე დაღუპულია. ფეხბურთელებისთვის ლავრენტი არ იყო ისეთი „ბუა“, როგორიც საზოგადოების სხვა დანარჩენი ნაწილისათვის“.

ლავრენტი ბერიას სახელს უკავშირდება „დინამოს“ სტადიონის აშენება 1936 წელს. დავით ჯიშკარიანი ჰყვება:

„ლავრენტი ბერიამ თბილისის „დინამოს“ ხელახლა აუშენა სტადიონი. ამისთვის მან მოახდინა არანორმალურად დიდი რაოდენობის რესურსის მობილიზება, რადგან ქვეყანას იმ პერიოდში იმაზე გაცილებით დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე სტადიონის აშენება. მან ეს რესურსი დააკლო ქალაქგეგმარებას და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თბილისის „დინამოს“ ძალიან კარგი სტადიონი ჰქონოდა“.

1936 წლიდან, ანუ ფეხბურთში საკავშირო ჩემპიონატის დაწყებიდან, თბილისის „დინამო“ ქართული ნაციონალური იდენტობის მატარებელი ხდება. დავით ჯიშკარიანის სიტყვებით, სწორედ ამ პერიოდში იწყება ე.წ. „ნადირობა“ ნიჭიერ ფეხბურთელებზე, 40-იანი წლებიდან კი ტრანსფერები გამალებულ ხასიათს იძენს. თბილისის „დინამოს“ უჭირს მატჩების მოგება და გუნდი ძლიერი მოთამაშეების ძიებას იწყებს. მკვლევარი მემუარულ ლიტერატურაზე დაყრდნობით ჰყვება, რომ ლავრენტი ბერიამ სწორედ ასე შეიტყო დინამოს სტადიონის დირექტორისა და გუნდის ხელმძღვანელის, შოთა შავგულიძისგან ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი ფეხბურთელის, 21 წლის მიხეილ ჯოჯუას, შესახებ, რომელიც იმ პერიოდში მოსკოვის „კრილია სოვეტოვში“ თამაშობდა. ამ ამბავს 2013 წელს თავად იხსენებს 88 წლის მიხეილ ჯოჯუა „დინამო TV“-ისთან საუბარში, თუ როგორ „გაიტაცეს“ ჩეკისტებმა ტაშკენტის აეროპორტიდან ლავრენტი ბერიას დავალებით:

„ბერიამ დაიბარა შავგულიძე და ეუბნება, რატომ აგებთ, რაშია საქმეო. ის პასუხობს, რომ აი, გაიოზ ჯეჯელავამ დაანება თავი ფეხბურთს და გვიჭირსო. ერთი ფეხბურთელი არის, რომელიც გამოადგება თბილისის დინამოს, ოღონდ მოსკოვში თამაშობსო. რა უნდა მოსკოვშიო, უთქვამს ბერიას, რა გვარიაო. შავგულიძემ უპასუხა, ჯოჯუაო. მეგრელიაო? უკითხავს ბერიას და დაუმატებია, სად გაქვთ თამაშიო? რიგაში მივფრინავთო. ბერიას კი უთქვამს, გეყოლებათ ჯოჯუა რიგაშიო. ჩვენი გუნდი ტაშკენტში გაფრინდა სათამაშოდ. როგორც კი თვითმფრინავი დაფრინდა აეროპორტში, ორი ჩეკისტი შემოვარდა, გამომათრიეს, ჩამსვეს მანქანაში. ჯერ ჩამოვფრინდით მოსკოვში, ბერიას პირადი მდივანი შემხვდა და იმან გამაცილა რიგაში. რიგაში რომ ჩავედი, მასხრად მიგდებდნენ, „სპასიტელ კამანდი“ ჩამოვიდაო. და ასე დავრჩი ‘დინამოში’“.

ლავრენტი ბერია (ცენტრში)
ლავრენტი ბერია (ცენტრში)

ლავრენტი ბერიას სახელსა და თბილისის „დინამოს“ არაერთი რეალური თუ გამოგონილი ამბავი უკავშირდება. მაგალითად, ერთ-ერთი ამბის მიხედვით, ლავრენტი ბერიამ სტალინი მიიყვანა თბილისის „დინამოს“ მატჩზე. ეს ამბავი, დავით ჯიშკარიანის თქმით, ვეტერანი ფეხბურთელების მემუარებში ამოიკითხა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ, ამ მემუარების მიხედვით, სტალინი სტადიონზე არც ერთ ფეხბურთელს არ უნახავს და მათ, უბრალოდ, უთხრეს, რომ ის მათ თამაშს დაესწრო.

მწერალი დათო ტურაშვილი წიგნში „მე რომ ფეხბურთელი ვიყო“ რამდენიმე მონაკვეთს უთმობს ლავრენტი ბერიასა და თბილისის „დინამოს“ ურთიერთობას. ის ამბობს, რომ ამ ამბებს ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში ვერის პარკში შეკრებილი ფეხბურთის ფანებისგან ისმენდა. ზოგიერთი მათგანი იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ბავშვიც კი ვხვდებოდი, რომ გამოგონილი იყოო, თუმცა წიგნის ერთ-ერთ თავში, სახელწოდებით „ლეგენდა, რომელიც სიმართლეზე მეტია“, დათო ტურაშვილი წერს იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოიყვანა ლავრენტი ბერიამ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ თბილისის „დინამოს“ გასაწვრთნელად ფრანგი ჟიულ ლიმბეკი:

„იმ პერიოდში ეს იყო დაუჯერებელი ამბავი, მაგრამ ბერიამ მოინდომა და „დინამოს“ ჩამოუყვანა ფრანგი მწვრთნელი. მაგრამ ვერ გაამართლა იმ ფრანგმა, რადგან თურმე მას ჰქონდა სისტემა, რომ ყოველი ვარჯიშის მერე ფეხბურთელებს ასმევდა თითო ჭიქა წითელ ღვინოს. მაგრამ ფეხბურთელები გასახდელში დალეულ ერთ ჭიქაზე ვერ ჩერდებოდნენ და მერე ქეიფს აგრძელებდნენ და სანამ ბოცას არ დაცლიდნენ, არ მთავრდებოდა. ვერ აგებინებდა ვერც მწვრთნელი ამათ, რომ მხოლოდ ერთი ჭიქა დაელიათ, და ვერც ესენი აგებინებდნენ, რომ ერთი ჭიქის დალევა ქართველისთვის შეუძლებელი იყო და ვერ შედგა ეს ტანდემი“.

დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ ლავრენტი ბერიას სიკვდილთან ერთად ქართულ ფეხბურთს დაუდგა იდეოლოგიური კრიზისი. მისი სიტყვებით, „დინამომ“ დაკარგა პატრონი, მფარველი და სწორედ ამიტომ 1953-დან 1964 წლამდე „დინამოს“ დაუდგა რეგრესი, თუმცა:

„გავა წლები და „დინამოს“ ეყოლება მეორე მფარველი, ედუარდ შევარდნაძე, მაგრამ უკვე სხვა ტიპის ურთიერთობებითა და ჩრდილოვანი ეკონომიკით“.

XS
SM
MD
LG