1.
ცნობილია, რომ ბატონი - გინდა ყოფილი, გინდა მოქმედი - შესანიშნავად იცნობს ყმის - გინდა ყოფილის, გინდა მოქმედის - ფსიქოლოგიას. იცის, როგორ შეაშინოს და დაამუნათოს; იცის, როგორ მოეფეროს და მცირე ხნით ბედნიერად აგრძნობინოს თავი; იცის, რა კმაყოფილიც იქნება, თუკი ოდნავ ზედმეტს მისცემს, და ისიც იცის, თავისნაირის ან თავისიანის წინააღმდეგ როგორ წააქეზოს…
მოქმედი ყმაც კარგად იცნობს მოქმედი ბატონის ფსიქიკას, მაგრამ ყმას არაფერში არგია თავისი ცოდნა, რადგან ყმობის გამო - რაც, ცხადია, სტრესია - ტვინი აქვს დაჩლუნგებული.
ბატონი - გინდა ყოფილი, გინდა მოქმედი - დიდი და დაუღლელი ფსიქოლოგია. იცის, სად, როდის და როგორ გამოიყენოს თავისი გაბოროტებული და პაწია ამბიციების მქონე მონა, რომელსაც მარადიულად შეუქმნის იმის ილუზიას, რომ, ყმობის მიუხედავად, მაინც წარმოადგენს რაღაცას…
ვთქვათ, ნიჭიერი და საუკეთესო მომლხენი რომ არის…
ან საუკეთესო ანეკდოტების მთქმელი - საუკეთესო გამრთობი…
ყმა, რომელიც მანამდე იცეკვებს ბატონის სუფრასთან, სანამ ბატონი არ მოიბეზრებს.
ყმა, რომელიც კისრის ძარღვების დასკდომამდე იმღერებს როგორც საკუთარ, ასევე ბატონის ენაზე (მაგრამ სხვას ვერც ვერაფერს გაბედავს, რადგან ბატონი ჩათვლის, რომ ცეკვა-სიმღერის გარდა მას არც არაფერი უნდა შეეძლოს).
ყმა, რომელიც არასდროს იოცნებებს გამოცალკევება-გათავისუფლებაზე, პირიქით, ის ბატონისავე წაქეზება-შეწევნით იბრძოლებს, რომ ვინც გათავისუფლდა, ისევ ძველ ბატონს მიჰგვაროს…
ყმა ხომ იმის ყმაა, რომ როცა ბატონი ჩეჩმის ორმოსთვის ამოსათხრელ მიწასაც წაართმევს, კიდევ უფრო მხიარულად უცეკვ-უმღეროს, მაგრამ სხვებს, - ვისზეც იცის, რომ ბატონისგან განსხვავებით, არაფერს დაუშავებენ - ისევ და ისევ ბატონის გულის მოსაგებად და მისი წაქეზებით სდიოს თუნდაც მოსაკლავად…
ყმას ბატონი ასწავლის სიძულვილის მარშით სიარულს…
ბატონი ამბობს: მონა იყავი და მონადვე მოკვდები, ოღონდ მანამდე შენნაირებისა და შენთვისვე საზიანოდ მედგები მსახურად, შენს შვილებსა და შვილიშვილებსაც მონებად დამიზრდი, და ამის გამო ზოგჯერ ჯილდოდ მიიღებ ქათმის ბარკლის ნარჩენს ჩემი სუფრიდან…
2.
ჭკვიანმა და ყოვლისმცოდნე ბატონმა, საკვირველია, მაგრამ თავისუფლების ილუზია შეუქმნა მონას.
მონა ყოველთვის მონა იყო, მაგრამ თავი სრულფასოვანი და თვითკმარი არამონა ეგონა.
მას ბალტიის ზღვამდე შეეძლო მისვლა, მაგრამ მონა რომ იყო, ეს აღარც ახსოვდა.
მას თითქმის გონიოს ციხემდე შეეძლო მისვლა (რადგან იქით აღარც უშვებდნენ, რათა ბატონის მიერ მონიშნული საზღვრები არ გადაელახა), მაგრამ, ცხადია, მაინც მონა იყო.
ის თითქმის ბედნიერად გრძნობდა თავს, მაგრამ მაინც მონად ითვლებოდა.
ის კმაყოფილიც კი იყო თავისი ყოფით, მაგრამ უნდოდა თუ არა, მაინც მონად რჩებოდა.
კარგად მღეროდა, მაგრამ მონა იყო.
კარგად წერდა, მაგრამ მაინც მონა იყო.
კარგად სწავლობდა, მაგრამ მონა იყო.
კარგად ჭიდაობდა, მაგრამ მაინც მონა იყო.
კარგად თამაშობდა ფეხბურთსა და ჭადრაკს, მაგრამ ისევ და ისევ - როგორც მონა…
კარგ მსახიობად მიიჩნეოდა, მაგრამ მონაც იყო იმავდროულად.
კარგ ფილმებს იღებდა, მაგრამ მაინც როგორც მონა.
კარგად უკრავდა, ვთქვათ, სალამურზე ან ფორტეპიანოზე, და შემოქმედებით მივლინებაშიც კი მიდიოდა ბალტიის ზღვამდე, მაგრამ ისევ და ისევ როგორც მონა…
კარგად ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც როგორც მონა.
ხმაურიან და ამაღელვებელ სადღეგრძელოებს ამბობდა, მაგრამ მაინც მონად რჩებოდა.
წარმატებული იყო, მაგრამ როგორც მონა.
შეყვარებული იყო და თითქოს თავადაც უყვარდათ, მაგრამ მაინც მონა იყო და არ აღიარებდა.
რესპუბლიკას ხელმძღვანელობდა, მაგრამ მონა იყო და არა ხელმძღვანელი.
საქართველო რესპუბლიკად იწოდებოდა, მაგრამ, სინამდვილეში, საყმოღა იყო.
ითვლებოდა, რომ ეს საქართველოა, მაგრამ რუკაზე არ არსებობდა. სადმე თუ ამბობდი: ქართველი ვარ, გეუბნებოდნენ: ვიცით, ჰო, რუსები, ანუ ვიცით, რომ რუსების მონები ხართ.
ისტორიას ვსწავლობდით და ისტორიიდან ვიყავით გამოძევებული, რადგან ყმის ისტორია ბატონის ისტორიაა.
მონები ვიყავით და ჩვენს მონობას არ (ან ვერ) ვაღიარებდით.
დღეს კი თავისუფლები ვართ და თითქოს არ ვაღიარებთ - არ ვიაზრებთ - რომ თავისუფლები ვართ.
ჰოდა აი, ბატონიც რა კარგად იცნობს თავის ყმებს:
თუკი უწინ თავისუფლების ილუზიას უქმნიდა, ამჯერად არსებულ თავისუფლებას უკნინებს და თანმიმდევრულად უნერგავს, რომ რაც მოიპოვა, ეს სინამდვილეში არცაა თავისუფლება, რომ ამჯერად ახალ ბატონებშია და ისევ ის უჯობს, ძველ ბატონს დაუბრუნდეს - იმას, ვისაც გამოცდილ სიმღერებს უმღერებს და ვისი მონობაც (ვთქვათ, გონიომდე არმისულს) არარსებულ თავისუფლებად მოეჩვენება…
ამიტომ ყმებს მხოლოდ ასე თუღა გაამხნევებ ახლა (რადგან სხვას ვერც ვერაფერს შეაგნებინებ): აბა, თქვენ იცით, ცნობიერი მონობისკენ - მარშით!