Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქართულ-აზერბაიჯანული საახალწლო ტრადიციები


საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უმეტესობა ახალ წელს მაინც 21 მარტს ზეიმობს
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უმეტესობა ახალ წელს მაინც 21 მარტს ზეიმობს
ნინიკო გოგაშვილი ჯერ 5 თვისაა და მისთვის დამდეგი ახალი წელი პირველია. ახალი წელი არა, მაგრამ თავად პატარა ნინიკო პირველი შვილია გოგაშვილების ოჯახში. ნინიკო წელს პირველ საახალწლო საჩუქარს მიიღებს.

თამარ ჭაბაშვილი, ბავშვის დედა: “აუცილებლად მოუტანს თოვლის პაპა თოჯინას, თავისნაირ ლამაზ თოჯინას. როგორ იცინის... თითქოს ესმის”.

2013 წლისთვის განსაკუთრებულად ემზადება 5 თვის ნინიკოს ბებია, ნინა გოგაშვილი. ამბობს, რომ ამის მიზეზი ოჯახში ახალი წევრის შემომატებაა:

„პირიდან ლუკმას ვიძრობთ ამ დღისთვის, რომ შევინახოთ და დავესწროთ ახალ წელს. საცივი, გოზინაყი, ჩახრაკული, ყაურმა, ბაჟე - ამ დღისთვის ყველაფერი მაქვს ხოლმე“.

გოგაშვილების მსგავსად, ახალი წლისთვის ემზადებიან ჩითინაშვილების მრავალშვილიან ოჯახშიც. ისინი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაში ცხოვრობენ და სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ვაჟა და ბელა ჩითინაშვილებს ოთხი შვილი ჰყავთ: დიმიტრი, რუსუდანი, ნინო და ეკატერინე. ოჯახში საახალწლო პროდუქტი რომ შეიძინონ, ჯერ ინდაურები უნდა გაყიდონ, რომლებსაც გაზაფხულიდან ზრდიან.
ყოველთვის, ყოველ წელიწადს ვაკეთებ საცივს. ბავშვები წინასწარ, მთელი წლის მანძილზე, კაკალს აგროვებენ ...
ბელა ჩითინაშვილი

ბელა ჩითინაშვილი: „ვწვალობთ, ვზრდით ინდაურებს, რომ გავყიდოთ საახალწლოდ. ფული ხომ გვინდა? ფაქტიურად, ინდაურების იმედზე ვართ. დახმარებაც გვაქვს 150 ლარი, თუმცა 4 ბავშვს ასეთი მცირე ოდენობის თანხა არ ჰყოფნის“.

ბელა ჩითინაშვილი ამბობს, რომ, გაჭირვების მიუხედავად, ცდილობს საახალწლო სუფრა მაქსიმალურად შეავსოს. იმისათვის რომ გოზინაყი და საცივი მოამზადონ, ოჯახის პატარა წევრები მთელი წლის განმავლობაში კაკალს სხვადასხვა ბაღებში აგროვებენ:

„ყოველთვის, ყოველ წელიწადს ვაკეთებ საცივს. ბავშვები წინასწარ, მთელი წლის მანძილზე, კაკალს აგროვებენ. ამ საქმეში ჩემი რუსო და დიმა ყოჩაღები არიან. კაკალი და თხილი ამათზეა“.

საქართველოში თუ ახალ წელს 1 იანვარს ზეიმობენ, დღესასწაულს ორჯერ აღნიშნავენ ლაგოდეხში, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ კაბალაში: 21 მარტს - ნოვრუზ ბაირამს, იმავე ახალ წელს, და 1 იანვარს. ორივე დღესასწაულზე ერთნაირი კერძები მზადდება, ტრადიციები კი განსხვავებულია. მათ არ იციან მეკვლეობა და ბედობა, თუმცა სადღესასწაულო განწყობა ყველა ოჯახში იგრძნობა. მათ ქართველებისგან განსხვავებული ტრადიციებიც აქვთ - მაგალითად, გოგრის რიტუალი: ახალი წლის დადგომის შემდეგ გოგრა ოთახში რამდენჯემრე უნდა გააგორონ.კაბალაში მცხოვრები მუსა გულალიევი ამბობს:
სხვადასხვა კერძებთან ერთად, ინდაურს და ბატს აუცილებლად ვკლავთ. ხაჭაპურსაც ვაცხობთ და ტოლმას ვაკეთებთ, რომელიც ქართველებისგან გადმოვიღეთ ...

„გოგრას დავტოვებთ კარების უკან ახალი წლის ღამეს, მერე გავაგორებთ და გავჩეხავთ. ეს ჩვენი ტრადიციაა. თუ ამ რიტუალს არ შევასრულებთ, გვგონია, რომ ყველაფერი კარგად არ იქნება. ახალი წლის ღამეს კარის უკან ასევე უნდა იყოს ახალი ცოცხი“.

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უმეტესობა ახალ წელს მაინც 21 მარტს ზეიმობს, რადგან, მათი აზრით, ახალი წელი მაშინ დგება, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უთანაბრდება. კაბალაში მცხოვრები აზერბაიჯანული ოჯახების საახალწლო სუფრა მრავალფეროვანია: არის ტრადიციული კერძები, თუმცა, ქართველებთან მრავალწლიანი თანაცხოვრების გამო, ქართულ კერძებსაც ამზადებენ.

„სხვადასხვა კერძებთან ერთად, ინდაურს და ბატს აუცილებლად ვკლავთ. ხაჭაპურსაც ვაცხობთ და ტოლმას ვაკეთებთ, რომელიც ქართველებისგან გადმოვიღეთ. ვიცით, რომ ეს ახალი წელი ქრისტიანულია, მაგრამ დიდი სიხარულით ვხვდებით. ჩვენთვის მაინც ნოვრუზი უფრო მნიშვნელოვანია“, ამბობს რუ ბაბა.

როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ოჯახებში ლხინის სუფრას თამადა უძღვება. ქართულ ოჯახებში ამ პოზიციას მეკვლე იკავებს, თითოეულს დღეგრძელობას უსურვებს და, ბოლოს, კახური მრავალჟამიერით ემშვიდობება.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG