Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დაბზარული სკოლის შენობა და შეჩერებული სასწავლო პროცესი


ერთ კვირაზე მეტია ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მიზეზი 14 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრა გახდა. სტიქიამ, რომლის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარეობდა და რომლის სიმძლავრემ 5,4 მაგნიტუდა შეადგინა, სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის შენობა დააზიანა. დაიბზარა სოფლის ადმინისტრაციული და საბავშვო ბაღის შენობებიც, თუმცა ამ შემთხვევაში შეფერხება არ ყოფილა.

იმის დასადგენად, ვარგისია თუ არა სკოლის შენობა სასწავლო პროცესისთვის, სოფელში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მოიწვიეს. სპეციალისტებმა შენობა დაათვალიერეს და რამდენიმედღიანი მუშაობის შემდეგ დასკვნა წარმოადგინეს. ექსპერტი თემურ მაჩაიძე ამბობს, რომ დაზიანება პირველ ხარისხს განეკუთვნება და სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება უსაფრთხოა:

"სწავლის გაგრძელება შეიძლება. წარმოქმნილი ბზარები არის უმნიშვნელო და დაზიანებები მიეკუთვნება პირველ ხარისხს. ამ ეტაპზე სკოლის შენობა საჭიროებს მხოლოდ სარემონტო და არა გამაგრებით სამუშაოებს."

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, სკოლის დირექტორმა ციური მაისურაძემ გადაწყვიტა 22 ოქტომბრიდან სწავლა განახლებულიყო, თუმცა სკოლაში რიცხული 200-ზე მეტი მოსწავლიდან ადგილზე მხოლოდ 28 მათგანი გამოცხადდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოსწავლეთა მშობლებმა ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობა გამოუცხადეს. მათი თქმით, შენობის საფუძვლიან რეაბილიტაციამდე შვილებს სასწავლებელში არ გაუშვებენ:
შევთანხმდით ასეთ რამეზე: მოსწავლეებს დროებით გადავიყვანთ სოფელ თამარიანის სკოლაში და მათ ტრანსპორტირებაზე ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს ...
გიორგი წვერავა

"მშობლებმა პროტესტი გამოვთქვით ჭიაურის სკოლის დაზიანების გამო. ძალიან გვეშინია, რომ მოსწავლეები ამ შენობაში შევუშვათ".

"თავად ბავშვებსაც ეშინიათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შენობა სერიოზულ სამუშაოებს საჭიროებს".

"მე ასე მგონია, რომ თუ არ გაამაგრეს შენობა, არავინ გაუშვებს სკოლაში ბავშვს. მით უმეტეს, გაკვეთილები მეორე სართულზე ტარდება".

სკოლის და შვილების განათლების ბედით დაინტერესებული მშობლები საქმის გასარკვევად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს გიორგი წვერავას შეხვდნენ. დაპირება მიიღეს, რომ სასწავლო პროცესი მომავალ კვირას ნამდვილად განახლდება, ოღონდ ჭიაურის ახლოს მდებარე სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში და მეორე ცვლაში.

გამგებლის მოადგილე გიორგი წვერავა ამბობს:

"შევთანხმდით ასეთ რამეზე: მოსწავლეებს დროებით გადავიყვანთ სოფელ თამარიანის სკოლაში და მათ ტრანსპორტირებაზე ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს. სხვა გამოსავალი არ არის, რადგან მშობლების პროტესტი მაღალია. ჩვენი მიზანია, რომ სწავლა უსაფრთხო გარემოში განახლდეს. ჭიაურელი მოსწავლეები მეორე ცვლაში ისწავლიან. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი რეჟიმი, ვერ გეტყვით. პარალელურად, ჭიაურის სკოლის მომავალზე განათლების და მეცნიერების სამინისტრო იზრუნებს".
ზარალის დამდგენმა კომისიამ მუშაობა მაშინვე დაიწყო. დახმარებების სახეობა და ოდენობა მას შემდეგ დადგინდება, რაც ობიექტების შემოწმება დასრულდება ...
დავით ბაკაშვილი

14 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემში მცხოვრები მოსახლეობაც დაზარალდა. ბოლო მონაცემებით, გამგეობაში მიწისძვრით დაზარალებულთა 400-ზე მეტი განცხადებაა შესული.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაკაშვილმა განაცხადა, რომ გამგეობასთან არსებული მუდმივმოქმედი კომისია თითოეულ ობიექტს შეისწავლის და დახმარება დაზიანების მიხედვით გაიცემა:

"ზარალის დამდგენმა კომისიამ მუშაობა მაშინვე დაიწყო. დახმარებების სახეობა და ოდენობა მას შემდეგ დადგინდება, რაც ობიექტების შემოწმება დასრულდება. ამ ეტაპზე მე არ შემიძლია გითხრათ, რა ფორმით მოხდება მათი დახმარება".

რა სახის ზარალი მიიღო 14 ოქტომბრის მიწისძვრის შედეგად ლაგოდეხის რაიონმა და როდის იქნება ჭიაურის დაზიანებული სკოლა მზად სასწავლო პროცესისთვის, ეს მიმდინარე კვირაში გაირკვევა.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG