Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრამ ლაგოდეხის რაიონი დააზარალა


სეისმური მონიტორინგის რუკა
სეისმური მონიტორინგის რუკა
14 ოქტომბრის მიწისძვრამ, რომელიც, სპეციალისტების განცხადებით, 5,4 მეათედ მაგნიტუდას შეადგენდა, ლაგოდეხის რაიონში შენობების ნაწილი დააზიანა. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 5 კილომეტრის მოშორებით, ბელაქანში, თუმცა მიწისძვრა საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მკვეთრად ლაგოდეხის რაიონში იგრძნობოდა.

წინასწარი მონაცემებით, სოფელ ჭიაურში 15-მდე საცხოვრებელი სახლის, საჯარო სკოლის, ადმინისტრაციული შენობისა და ბაგა-ბაღის კედლები დაიბზარა. სოფელი ლაგოდეხიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.

ჭიაურის საჯარო სკოლაში, სადაც 300-მდე მოსწავლე ირიცხება, სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სკოლის დირექტორმა ციური მაისურაძემ გვითხრა, რომ უფრო მეტად შენობის მეორე სართულია დაბზარული. დირექტორის თქმით, სპეციალისტების დასკვნას ელოდებიან და გადაწყვეტილებასაც, თუ როდის განახლდეს სასწავლო პროცესი, ამის შემდეგ მიიღებენ

14 ოქტომბრის ღამე ღია ცის ქვეშ გაათენა სოფელ ჭიაურის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ სახლები საცხოვრებლად ვარგისია, მაგრამ, განმეორებითი ბიძგების მოლოდინში, ოთახებში ვერ შევიდნენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე ამბობს, რომ სკოლის შენობის მომავალზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იზრუნებს. გამგებელი ჭიაურის მოსახლეობას ჰპირდება, რომ ზარალი თითოეული დაზიანებული სახლის შესწავლის შემდეგ ანაზღაურდება. გამგებლის თქმით, შენობები ლაგოდეხის სხვა სოფლებშიც დაიბზარა.

თუ რამდენი ლარით დააზარალა 14 ოქტომბრის სტიქიამ ლაგოდეხის რაიონი, ამ ეტაპზე უცნობია. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც დავალებული აქვს ყველა დაზარალებული შენობა დაათვალიეროს და ზარალი დაითვალოს.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG