გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამბავი ოპოზიციური პარტიებისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გამოდგა, რომელიც სამუშაო კვირის მიწურულს, პარასკევს გაიმართა და შეთანხმების გარეშე დასრულდა. ოცამდე ოპოზიციურმა პარტიამ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე, რომელიც საარჩევნო სისტემას შეეხება, და კიდევ ერთხელ მოითხოვა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, პროპორციულად განაწილდეს ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატები“ პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე, ხოლო პრეზიდენტის არჩევა კვლავ პირდაპირი, საყოველთაო წესით მოხდეს. უნდა ითქვას, რომ ოპოზიციური პარტიების ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის პროექტს, თუმცა 18 აგვისტოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, მათ შორის არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზად არის აწარმოოს დიალოგი ოპოზიციასთან საბოლოო კონსენსუსის მისაღწევად:
„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენი მიდგომა არის შედეგზე ორიენტირებული დიალოგი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არ დავიწყებდით ამ მოლაპარაკებებს, რომ არ გვქონდეს მოლოდინი, რომ გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შესაძლებელია. მას შემდეგ, რაც ჩვენ საკითხებს განვიხილავთ მმართველ გუნდში, შევძლებთ ჩვენი პოზიცია გავაცნოთ პოლიტიკურ პარტიებს“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოცივე პოლიტიკური პარტია საერთო პოზიციაზე შეჯერდა - მათ შორის „პატრიოტთა ალიანსი“ და მისი ლიდერი, ირმა ინაშვილი:
ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ პროცესის დასრულებაზე აკისრია მმართველ პოლიტიკურ პარტიას. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კონსენსუსის მისაღწევად...არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
„პრიორიტეტულ საკითხად ვასახელებთ საარჩევნო სისტემის შეცვლას. ანუ მზად არის თუ არა ხელისუფლება გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ და არა 2024 წლიდან. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, განსხვავებული მსოფლმხედველობის, აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან, მტრულ რეჟიმში მყოფი პარტიებიც კი, მაგალითად, ჩვენ და „ნაცმოძრაობა“, ჩვენ და ბოკერიას პარტია - ყველა პარტია, რაც კი არსებობს საქართველოში, შეთანხმებულია, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა“.
ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა, რომელმაც შეხვედრის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა:
”მოვუწოდებთ მხარეებს, არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილება მიიღონ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ პროცესის დასრულებაზე აკისრია მმართველ პოლიტიკურ პარტიას. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კონსენსუსის მისაღწევად”.
18 აგვისტოს პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ საზოგადოება უმრავლესობის შეჯერებულ პოზიციას შეიტყობს მომავალ შეხვედრაზე, რომლის ზუსტი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
გასულ კვირაში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა რელიგიური თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას, თუმცა, ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან გამიჯვნის მიუხედავად, მართლმადიდებლური ეკლესია ქვეყანაში სარგებლობს პრივილეგიებით, რომლებიც სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის გათვალისწინებული არ არის. როგორც მარიამ ბეგაძემ, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, ანგარიში მწვავეა და ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს:
“ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბევრ ფაქტზე, რომელზეც წლების განმავლობაში საუბრობს: გამოძიება კვლავ არაეფექტურია, ისევ აღწერს დეტალურად ქობულეთის პანსიონატის მოვლენებს - კერძოდ, ღორის თავის პანსიონატის კარზე გაკვრის ინციდენტს, მოხის კომისიის არაეფექტურობას ეხება, რომელმაც, საბოლოო ჯამში, არ გადაწყვიტა სადავო საკულტო ნაგებობის წარმომავლობის საკითხი და საუბრობს, რომ სახალხო დამცველისთვის, საბოლოო ჯამში, დღემდე ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად რჩება რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების არაეფექტურობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების გამახვილება კვლავ ხდება რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობაზე“.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად,როცა საქმე საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული შენობების დაბრუნებას შეეხება, მთავრობა მართლმადიდებელ ეკლესიას ფავორიტულ მდგომარეობაში აყენებს.
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პრობლემათა ნაწილი წლიდან წლამდე ხვდება სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიის თავისუფლების ანგარიშში, რეკომენდაციების სახითაც გაიწერა არაერთხელ, მაგრამ სახელმწიფოს ყურადღებისა და რეაგირების გარეშე დარჩა. რუსუდან გოცირიძე ამ პრობლემებიდან საგანგებოდ გამოყოფს საჯარო სკოლებში შექმნილ ვითარებას, როდესაც რელიგიური ნეიტრალიტეტი მართლმადიდებლური ეკლესიის სასარგებლოდაა დარღვეული:
“2006 წელს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ სკოლა უნდა ყოფილიყო რელიგიისგან თავისუფალი სივრცე, რომ სკოლაში რელიგიური ნივთები და რელიგიური ატრიბუტები მხოლოდ აკადემიური დატვირთვით უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ეს სულისკვეთება, სამწუხაროდ, მხოლოდ ფურცლებზე დარჩა. იმან, რომ, ვთქვათ, რელიგიის სწავლება ამოღებულია კურიკულუმიდან და ეს რელიგიების შესახებ ცოდნა არის ინტეგრირებული სხვადასხვა საგნებში, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად შეღავათი მისცა სკოლას, რომ ასეთი ინდოქტრინაციის მძიმე შემთხვევები არ ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე ეს მდგომარეობა ისევ მისახედია“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხვდა, ასევე, რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი 19 დანაშაული, რომელთა გამოძიებაც, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის მონაცემებით, „არაეფექტურად“ მიმდინარეობს.
14 აგვისტოს 25 წელი შესრულდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. საომარი მოქმედებების შედეგად, რომელმაც წელიწადზე მეტხანს გასტანა, არაოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 16 ათასზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი. 300 ათასამდე დევნილად იქცა. თბილისში, გმირთა მემორიალთან, ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.
ისტორიკოსი რევაზ ოკუჯავა ფიქრობს, რომ ქართველებმა დღემდე ვერ გაიგეს ამ დღის მნიშვნელობა:
„ეს არის ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული დღე, რადგან 25 წელმა დაადასტურა, რომ ჩვენ ვერც ამ დღის ხსოვნას ვინარჩუნებთ და, საერთოდ, რა გვინდოდა, ჩემი აზრით, ეგეც კარგად არ გვაქვს გათვითცნობიერებული. საქმე ის არის, რომ საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც აფხაზეთი ჰქვია, დე ფაქტო აფხაზეთი სადაც არის, იქ ამ დღეს აღნიშნავენ როგორც გლოვის დღეს, 14 აგვისტოს. ჩვენ სახელიც ვერ დავარქვით, რა დღეა ეგ. მეც ვერ ვარქმევ სახელს, არ ვიცი, რა იყო, რისთვის იყო საჭირო, ან სად ვიყავით მართლები, სად ვიყავით მტყუანი“.
გასულ კვირაში, 16 აგვისტოს, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, დაკავება რეზონანსულ საქმედ იქცა როგორც თბილისში, ისე ცხინვალში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, არასამთავრობო სექტორმა, სახალხო დამცველმა, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ხუთშაბათს მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს და ხაზგასმით განაცხადეს, რომ ადგილი აქვს ადამიანის უფლებების შელახვას, და საერთაშორისო პარტნიორებიც ჩააყენეს საქმის კურსში. რადიო თავისუფლებასთან საუბარში თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, რომ ის კანონით დადგენილ ხუთდღიან ვადაში ადვოკატთან ერთად უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში.
სამოქალაქო აქტივისტის საქმეს გამოხმაურება ცხინვალშიც მოჰყვა. ადგილობრივი ხელისუფლება დუმილს ინარჩუნებს, მაგრამ სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ახალგორელი სამართალდამცავების ქმედებები მკაცრად გააკრიტიკეს.
თუ ხმაური შეაწუხებს, მოსახლემ აუცილებლად უნდა დარეკოს 112-ზე და გამოიძახოს პატრული, რომელიც ადგილზე მივა და ტექნიკური აღჭურვილობით გაზომავს ხმაურის სიძლიერეს და დაადგენს, ირღვევა თუ არა კანონი, ანუ ხმაური აჭარბებს თუ არა დაშვებულ ნორმას...ლევან გოგიჩაიშვილი
16 აგვისტოს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საკუთარ სახლთან დააკავეს და დაკითხვისას ცილისწამების ბრალდება წაუყენეს. გამოძიების ვერსიით, მეარაყიშვილმა დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის, „ედინაია ოსეტიას“ წევრის, სპარტაკ დრიაევის, პატივი და ღირსება შელახა.
15 აგვისტოდან ამოქმედდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც ადმინისტრაციული წესით დაისჯება როგორც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტება, ასევე ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება. ცვლილებების თანახმად, დილის 8 საათიდან ღამის 11 საათამდე ხმაური დასაშვები იქნება 35 დეციბელის ფარგლებში, ხოლო ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე - 30 დეციბელის ფარგლებში.
პარლამენტის წევრი და ცვლილებების ინიციატორი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მშენებლობებისა და რესტორნების მფლობელებს 15 აგვისტოდან მოუწევთ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” განსაზღვრულ საათებში ხმაურისგან თავის შეკავება:
„ეს არის პრობლემა, რომელიც აწუხებს ათიათასობით ოჯახს როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამის შედეგად ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და ამის გამო განიცდიან ტანჯვას. თუ ხმაური შეაწუხებს, მოსახლემ აუცილებლად უნდა დარეკოს 112-ზე და გამოიძახოს პატრული, რომელიც ადგილზე მივა და ტექნიკური აღჭურვილობით გაზომავს ხმაურის სიძლიერეს და დაადგენს, ირღვევა თუ არა კანონი, ანუ ხმაური აჭარბებს თუ არა დაშვებულ ნორმას“.
ხმაური აჭარბებს თუ არა დაშვებულ ნორმას, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი სპეციალური ხმაურმზომით დაადგენს.