გასულ კვირაში განსკუთრებული ყურადღება მიიპყრო საქართველოში მცხოვრები და შემდეგ დაკავებული უცხოეთის მოქალაქეების ბედმა. თუკი ამ თემას ქრონოლოგიურად მივყვებით, მაშინ პირველ რიგში უნდა ვახსენოთ საქართველოდან გაუჩინარებული და აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე. გასული კვირის დასაწყისში, ორშაბათს, მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა პატიმრობიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით.
“ვეცდებით დავარწმუნოთ ის, რომ არის გადაუდებელი აუცილებლობა მიღებული იქნეს დროებითი ღონისძიება მუხთარლის მიმართ. ასეთი გადაწყვეტილება ჯერ პრაქტიკულად არ მიუღია სტარსბურგის სასამართლოს, თუმცა იმის გამო, რომ სასამართლო სულ ახალ-ახალ პრეცედენტებს ამკვიდრებს, გვაქვს იმედი, რომ, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიღებული იქნება ეს დროებითი ღონისძიება“.
აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებას ყურადღებით აკვირდება საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, რომლის თქმითაც, მუხთარლის საქმეში ბევრი უპასუხო კითხვა დაგროვდა, მათ შორის ის, თუ რატომ იძიებს საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„საქმე უნდა გამოიძიოს არა შს სამინისტრომ, არამედ სხვა სტრუქტურამ, ამ შემთხვევაში - პროკურატურამ, იმიტომ რომ იყო განცხადებები სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ ჩართული ამ საქმეში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია უფრო მეტად დამოუკიდებელმა სტრუქტურამ ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები. უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ საქმეზე დადგეს რეალური ჭეშმარიტება და გაირკვეს ყველა დეტალი“, განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
საქართველოს პროკურატურა აზერბაიჯანელ კოლეგებს თბილისიდან გაუჩინარებული გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მიმართავს, მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე საქართველოს წარმომადგენლის დასწრებას ითხოვს. როგორც 27 ივნისს ქვეყნის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ამ ეტაპზე ქართული მხარე აზერბაიჯანის პასუხს ელის. 27 ივნისს ამავე საკითხზე აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, შეხვდა.
კიდევ ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის ბედი იქცა განხილვის თემად გასულ კვირაში - კერძოდ, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოში დაპატიმრებული დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, საქმე. 28 ივნისს დემირელის კერძო კოლეჯისა და მისი პარტნიორი ხუთი სკოლა-ლიცეუმის პედაგოგებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს უარი თქვას მის ექსტრადიციაზე. ამის პარალელურად საუბარი მიდის ემრე ჩაბუქისათვის ლტილვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე. ამ მოთხოვნით მან საქართველოს ხელისუფლებას მაისის ბოლოს, დაკავებიდან რამდენიმე დღეში, მიმართა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ექნება თუ არა ლტოლვილის სტატუსი მუსტაფა ემრე ჩაბუქს, რომელსაც სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა აქვს მისჯილი. მის საქმეს ამ დრომდე სწავლობს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრო, პროკურატურა, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი. დემირელის კერძო კოლეჯის მენეჯერს ბრალად ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა - ტერორისტული ორგანიზაციისათვის ხელის შეწყობა.
გამოგონილად და აბსურდულად მიაჩნია მუსტაფა ემრე ჩაბუქისადმი წაყენებული ბრალდება ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის პედაგოგს, ნოდარ ჭუმბურიძეს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება და ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებს და ამ გზით აარიდებს მას ექსტრადიციასაც და პატიმრობაში ყოფნასაც. სხვა შემთხვევაში, ამბობს ნოდარ ჭუმბურიძე, მას თურქეთში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელის:
„ამას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციაც აღნიშნავს, თუ რა მძიმე ვითარებაა დღეს თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის და კანონიერების თვალსაზრისით. იქ ბატონი მუსტაფა სამართალს ნამდვილად ვერ იპოვის, რადგან ადამიანებს იჭერენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და ვერც კი წარმოუდგენიათ, რა დააშავეს“.
ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მუსტაფა ემრე ჩაბუქს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები 29 ივნისს შეხვდნენ. მათი განმარტებით, განცხადება ჩაბუქისათვის ლტოლვილი სტატუსის მინიჭების თაობაზე მხოლოდ საქმის შესწავლის შემდეგ გაკეთდება. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსს მიანიჭებენ, მას არც ექსტრადიცია დაემუქრება და აღარც პატიმრობაში დარჩება, - განმარტავს ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.
გასულ კვირაში საქართველოს სტუმრობდა ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, რომელმაც ღია იმედგაცრუება გამოხატა საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების შემაჯამებელ პროექტში მმართველი პარტიის მიერ შეტანილი თვითნებური ცვლილებების გამო. ის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის მხოლოდ კონსენსუსის გზით გადაჭრის აუცილებლობაზე ლაპარაკობს. შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია მხარდაჭერას მაჟორიტარული სისტემის მხოლოდ 2024 წლიდან გაუქმების საკითხზე ითხოვს, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ეგრეთ წოდებული გარდამავალი პერიოდის გარეშე, მხოლოდ 2020 წლიდანაა მისაღები. საკონსტიტუციო პროცესში შექმნილი კრიზისის დაძლევის მთავარ გზად ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა პოლიტიკური დიალოგი დაასახელა:
“მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ყოველ საათში კიდევ უფრო მემატება ეს იმედგაცრუება. მე ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის ნაბიჯის წინ გადადგმას, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. პრობლემა ისაა და მე იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ პროცესი დაბლოკილია. ამ დროისათვის მე ვერ ვხედავ დიალოგს პარტიებს შორის, ჩემი მესიჯი კი დღეისთვისაც და მომავალი დღეებისთვისაც იქნება, რომ ილაპარაკოთ, აწარმოოთ დიალოგი და სცადოთ კომპრომისები“.
ჯანი ბუკიკიო ფიქრობს, რომ, შექმნილი ვითარების მიუხედავად, არსებობს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ტექსტის სამუშაო ვარიანტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად გასწორდეს. ორი მოსმენით უკვე მიღებული კონსტიტუციის მესამე მოსმენისას შეცვლის ალბათობას პრაქტიკულად არ უშვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მასთან ერთად კი საქართველოს პრემიერ-მინისტრიც.
კონსტიტუციური ცვლილებების მიმდინარე პროცესის შეჩერებას ითხოვს, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
გასულ კვირაში განხილვის საგნად იქცა საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული სისხლის სამართლის კოდექსის
356-ე მუხლში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შემთხვევები და განისაზღვრა პასუხისმგებლობა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
კანონპროექტის ავტორმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას განაცხადა, რომ პრაქტიკაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით:
„სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როცა წვევამდელები სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით იყენებენ თვითდაზიანებას. წელიწადის განმავლობაში ასეთი 1500-2000 შემთხვევა ფიქსირდება. მისი დადგენა ცოტა რთული საკითხია და, ამ მხრივ, გამწვევ კომისიებს აქვთ მითითება, რომ მეტი ყურადღება გაამახვილონ. ამიტომ ჩემი ეს ინიციატივა არის გაფრთხილება წვევამდელებისთვის, რომ თვითდაზიანების ან ავადმყოფობის სიმულაციის შემთხვევებისთვის, ამ გზით სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის ისინი დაისჯებიან“.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებას აკლია სათანადო დასაბუთება.
გასულ კვირაში თბილისის მერობის კანდიდატები დაასახელეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. კვირის დასაწყისში, 26 ივნისს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და “კურიერის” ყოფილი წამყვანი ზაალ უდუმაშვილი წარადგინა:
„დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქალაქი ასე უყურადღებოდ მიტოვებული, როგორც დღეს; იმიტომ რომ არასდროს ასე უგულებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი თბილისელების ნება, როგორც დღეს; იმიტომ რომ არასდროს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა და გამოწვევა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოდ, როგორც დღეს... დღეს მეც, როგორც თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ვარ გაბრაზებული და ამიტომაც, ჩემი წარმდგენი, პირველ რიგში, თქვენ, გაბრაზებული თბილისელები, ხართ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი, იმიტომ რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი“.
კვირის ბოლოს კი, პირველ ივლისს, მერობის კანდიდატი დაასახელა მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ”. ის ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იქნება.
“ევროპული საქართველოს” კანდიდატია პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია. რაც შეეხება სავარაუდო დამოუკიდებელ კანდიდატებს, ჯერჯერობით საბოლოო თანხმობა არ განუცხადებია, მაგრამ შესაძლებელია, რომ მერობის კანდიდატებს შორის ვიხილოთ საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილიც.