Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის უნდა თბილისის მერობა?


თბილისი
თბილისი

26 ივნისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა. თუკი წინასწარი სურათით ვიმსჯელებთ, „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილესა და „კურიერის“ ყოფილ ტელეწამყვანს კონკურენტების მრავალფეროვან სპექტრთან მოუწევს შერკინება. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში, დედაქალაქის მერობის ოპოზიციონერ კანდიდატებს შორის არის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია და ასევე მოსალოდნელია, რომ მერობისთვის იბრძოლებს „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი, საკრებულოს წევრი ალექსანდრე ელისაშვილი. ჯერ ისევ არაოფიციალურად, მაგრამ სახელისუფლებო კანდიდატად დასახელებულია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. პარალელურად, თბილისის მერობის მსურველი უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა შორისაც გამოჩნდა. რაზე მიგვანიშნებს ასეთი კონკურენცია და რა შედეგებს შეიძლება მოელოდეს ამომრჩეველი?

ვის უნდა თბილისის მერობა?
please wait

No media source currently available

0:00 0:06:19 0:00
გადმოწერა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში გავლილი კონსულტაციების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებულმა მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 26 ივნისს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის საარჩევნო მარათონში აქტიურ ჩართვას აპირებს. „რუსთავი 2“-ის ყოფილი ტელეწამყვანი, რომელიც მაყურებელს უკვე დაემშვიდობა, პრობლემებით შეწუხებული, გაბრაზებული თბილისელების მერობას აპირებს:

სოციალური პრობლემების გადაჭრა არის ჩვენთვის პრიორიტეტი და აქ არის მთავარი ამოსავალი წერტილი: ნაკლები უნდა დაიხარჯოს ბიუროკრატიაზე. ჩვენ არ გვჭირდება ამდენი მანქანა, არ გვჭირდება ამდენი ფუფუნების საგანი და მეტი უნდა დაიხარჯოს იმ ადამიანებზე, ვისაც უჭირს...
ელენე ხოშტარია

„დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქალაქი ასე უყურადღებოდ მიტოვებული, როგორც დღეს; იმიტომ, რომ არასდროს ასე უგულებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი თბილისელების ნება, როგორც დღეს; იმიტომ რომ არასდროს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა და გამოწვევა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოდ, როგორც დღეს... დღეს მეც, როგორც თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ვარ გაბრაზებული და ამიტომაც, ჩემი წარმდგენი, პირველ რიგში, თქვენ, გაბრაზებული თბილისელები, ხართ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი, იმიტომ რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი“.

მერობის კანდიდატი უკვე დასახელებული ჰყავს იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასაც, რომელიც, უთანხმოების გამო, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეთიშა. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატია პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც პირადად ეცნობა თბილისის მოსახლეობას. სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელიც ასახავს მის შეხვედრას, მაგალითად, გლდანელ ამომრჩევლებთან:

„მთავარი, რაც ჩვენ გვაქვს დასამარცხებელი, არა ჩვენი ოპონენტები, არამედ ის უიმედობის განცდაა, რომელიც არის ქალაქში... სოციალური პრობლემების გადაჭრა არის ჩვენთვის პრიორიტეტი და აქ არის მთავარი ამოსავალი წერტილი: ნაკლები უნდა დაიხარჯოს ბიუროკრატიაზე. ჩვენ არ გვჭირდება ამდენი მანქანა, არ გვჭირდება ამდენი ფუფუნების საგანი და მეტი უნდა დაიხარჯოს იმ ადამიანებზე, ვისაც უჭირს“.

ჯერჯერობით პოლიტსაბჭოს საბოლოო დასტურს ელოდება, მაგრამ პარტიის წარმომადგენელ მერობის კანდიდატთა შორის, დიდი ალბათობით, ვიხილავთ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის ის მერობის ერთადერთი, უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია.

რაც შეეხება სავარაუდო დამოუკიდებელ კანდიდატებს, ჯერჯერობით საბოლოო თანხმობა არ განუცხადებია, მაგრამ შესაძლებელია, რომ მერობის კანდიდატებს შორის ვიხილოთ საკრებულოს წევრი, ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული და სამოქალაქო აქტივიზმში აქტიურად ჩართული ალექსანდრე ელისაშვილი. მართალია, მას თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები გაერთიანებული ძალებით უჭერენ მხარს, მაგრამ ელისაშვილი მუდმივად იმეორებს, რომ რადგან პოლიტიკურმა მერებმა ცუდი გამოცდილება მოგვიტანეს, საარჩევნო მარათონში ჩართვის შემთხვევაში, ის აუცილებლად დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

დამოუკიდებელ კანდიდატობას აპირებს კანადის მოქალაქე, ქალაქ კალგარის პოლიციის შერიფი მერაბ ტაბიძე. როგორც მან ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა რადიო თავისუფლებას და, კერძოდ, კობა ლიკლიკაძეს, პროცესი დაწყებული აქვს და თუკი მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები დროულად მოგვარდება, მზად არის თავი „საყვარელი ქალაქის მომავალსა და განვითარებას“ მიუძღვნას:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა თბილისელს უნდა ჰქონდეს თანაბარი შანსი ნორმალური და წარმატებული ცხოვრებისა. ჩვენთვის მთავარი იქნება განათლება, შრომისუნარიანობა და კეთილსინდისიერება - ეს იქნება სამსახურში მიღება თუ დაწინაურება... ზუსტად ეს არის, რომ ქალაქს გააერთიანებს და შეკრავს ერთ მუშტად. მოკლედ, ჩვენი სლოგანია - დავუბრუნოთ თბილისი თბილისელებს“.

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფარგლებში, დედაქალაქის მერობის ყველაზე დიდი შანსი ექნება დამოუკიდებელ კანდიდატს, თუკი ის სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით იქნება აღჭურვილი. კონკრეტული გვარების დასახელებისგან ის თავს იკავებს, თუმცა იცის, რა მოხდება მაშინ, თუკი ასეთი კანდიდატი არ გამოჩნდება:

„თუ ახალი კანდიდატი არ ჩაერთო, ალბათ, ოპოზიციურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ, იგივე კალაძის შემთხვევაში, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჯერჯერობით საზოგადოებაში გარდატეხა ძალიან რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხარეს არ გადახრილა, ალბათ, ერთ-ერთ ფავორიტად ამ ეტაპზე, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ისევ მმართველი პარტიის წარმომადგენელი ჩავთვალოთ“.

ამჟამად არსებული სურათის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატის რეალურ კონკურენტს ვერც პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ხედავს. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმებს ერთმანეთს წაართმევენ, ხოლო ის, ვინც „ქართულმა ოცნებამ“ გააწბილა, სავარაუდოდ, სულ სხვაგვარად მოიქცევა:

„...ის არ მივა არჩევნებზე... „ოცნებიდან“ წასული ამომრჩეველი ხმას არ მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“... იმდენად ცოტაა ისეთი, ვინც შეიძლება თქვას, აი, ისევ „ნაციონალები“ მოვიდნენო, რომ სურათს ეს ვერ შეცვლის...

რადიო თავისუფლება: დამოუკიდებელ კანდიდატს თუ მისცემს ხმას ასეთი ამომრჩეველი?

"კი, შეიძლება მისცეს, მაგრამ ინდიკატორი იქნება ის, თუ რამდენად დამოუკიდებელი იქნება ეს კანდიდატი... “

ვახტანგ ძაბირაძეს ეჭვი ეპარება, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში - ჰორიზონტზე გამოჩნდეს ამომრჩეველთა გადამწყვეტი უმრავლესობისთვის მოსაწონი დამოუკიდებელი კანდიდატი. შესაბამისად, ის მოელის, რომ, მხარდაჭერის რესურსიდან გამომდინარე, ამჟამად არსებული სურათის მიხედვით, ყველაზე დიდი შანსი მაინც სახელისუფლებო კანდიდატს ექნება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG