გასული კვირა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. რუსეთმა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა, რასაც ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. გამწვავებული დიალოგის ფონზე კი პრაღაში გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
რუსთის ფედერაციამ და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ხელშეკრულებისთვის მზადება დაიწყეს. მოსკოვიდან მიღებული ამ დოკუმენტის პროექტი ე.წ. პარლამენტს განსახილველად აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ წარუდგინა.
ეს დოკუმენტი შემაშფოთებელი აღმოჩნდა როგორც საქართველოსთვის, ასევე დე ფაქტო აფხაზეთის მხარისთვისაც. ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ვალერი ბგანბამ თქვა, რომ ხელშეკრულების პროექტი უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხებს:
”ბევრ ადგილას სუვერენიტეტის დაკარგვაზეა ლაპარაკი. ამიტომ დეპუტატებს დადებითი რეაქცია ვერ ექნებოდათ. ამასთან, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, დეპუტატები მასობრივად, რბილად რომ ვთქვათ, არ ეთანხმებიან ხელშეკრულების ამ რედაქციას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ რუსეთთან ინტეგრაცია აუცილებელია; გვესმის, რომ ის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა; მაგრამ, ამავე დროს, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ჩვენი სუვერენიტეტი უნდა დავკარგოთ”.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების სამზადისი დაგმო. მან საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოს პალრამენტს სწრაფი რეაგირებისაკენ მოუწოდა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს საქართელოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია:
”მივმართავ ჩვენს პარლამენტს, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშაოს პოზიცია. ამ პოზიციაზე დაფუძნებით ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით”.
საქართველოს პარლამენტს კი გაუჭირდა შეთანხმება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხოს რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შესაძლო ანექსიად შეფასებულ გეგმას. საპარლამენტო უმცირესობამ რუსეთის ქმედება შეაფასა, როგორც ყირიმის ანექსიის, უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიის გაგრძელება და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ასევე მოითხოვა, რომ მთავრობას „გადაეხედა რუსეთთან მიმართებაში დღემდე წარმოებული კონტრპროდუქციული პოლიტიკისათვის და გაეუქმებინა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი“.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამ თემაზე აზრი გაიყო, თუმცა მმართველი კოალიცია, საბოლოო ჯამში, მაინც ერთ პოზიციაზე დარჩა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა თქვა, რომ ეს „არა რუსეთის კრიტიკა, არამედ „ქართული ოცნების“ ლანძღვა-გინების რეზოლუციაა“ და ამიტომაც, თანაგუნდელებთან ერთად არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია გაიზიაროს:
”მათ უნდათ პოლიტიკური დივიდენდების მიღება. რასაც ამბობენ და აფიქსირებენ, არც ერთ პუნქტში არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეს არის ისევ იმ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ისინი აწარმოებენ... ამიტომ ისინი მრჩევლებად არ გამოგვადგებიან ამ მიმართულებით”.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი თქვა, რომ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება მისთვის შემაშფოთებელია და მას აფხაზების, „როგორც ამაყი ერის, ბედი“ აღელვებს.
„თუ ეს ხელშეკრულება ამ ფორმით გაფორმდება, ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დამაზიანებელი და საფრთხის მომტანი იქნება აფხაზებისთვის, როგორც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ერისთვის. არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ. დამოუკიდებლობის მიღწევისთვის“.
ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ის წერდა, რომ “თვითგამორკვევა” ძალიან კონკრეტული შინაარსის საერთაშორისო სამართლებრივი ტერმინია, რომელიც მთლიანად ათავისუფლებს რა რუსეთს ოკუპაციისა და სხვა ჩადენილი დანაშაულების პასუხისმგებლობისაგან, გზას ხსნის აფხაზეთის “დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის” საერთაშორისო აღიარებისკენ. ამ ტერმინის გამოყენებით საქართველოს მთავრობა უმძიმეს დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილ ნახევარ მილიონ ჩვენს თანამემამულესა და თითოეულ ქართველს“.
ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილს ასე უპასუხა:
„ჩემ მიერ გამოყენებული ე.წ. თვითგამორკვევის ტერმინი, რაც ვერ გაიგო სააკაშვილმა, რომლისგანაც მომდინარეობს მთელი ის საშინელება, რაც ხდებოდა საქართველოში, რა თქმა უნდა, არის ხელოვნურად გაშუქებული და სპეკულაციის საგანი მიეცა. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ მე და მთელი ჩემი გუნდი არ მივიღებთ არც ერთ სიტყვას, რომელიც იყო ფუძემდებელი ადამიანის წამების, გატაცების, გაუპატიურების, მკვლელობების და მთელი იმ დანაშაულებრივი სისტემის, რომლის მთავარი შემოქმედი იყო სააკაშვილი“.
საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტმა მართლაც არ მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული ტექსტი. დიდი მსჯელობისა და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ პარლამენტმა, საბოლოოდ, - 80 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, - დაამტკიცა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შედგენილი განცხადება „რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობის“ შესახებ. „ქართული ოცნების“ წევრმა თინა ხიდაშელმა „ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციას „შანტაჟის ტექსტი“ უწოდა.
„არ შეიძლება, საკუთარ ქვეყანას შანტაჟის ენით ელაპარაკებოდე. თქვენი რეზოლუცია იყო ქვეყნის წინაშე წაყენებული შანტაჟი, რომელსაც ზუსტად იცოდით, რომ ჩვენ ხმას არ მივცემდით, იმიტომ რომ ეს არის მთავარი სხვაობა ჩვენ შორის. ჩვენ ვმოქმედებთ პრინციპულად, მაგრამ ტაქტიკა არის აბსოლუტურად განსხვავებული“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ საქართველოში გამართული მსჯელობისა და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, 16 ოქტომბერს პრაღაში მორიგი შეხვედრა გაიმართა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის.
შეხვედრის შემდეგ კარასინმა განაცხადა, რომ ხელშეკრულების პროექტი აფხაზეთის ე.წ. სუვერენიტეტს საფრთხეს არ უქმნის და მოსკოვი თავის განზრახვას აუცილებლად აასრულებს.
ზურაბ აბაშიძემ კი განაცხადა, რომ აქამდე გამართულ რვა შეხვედრას შორის ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა:
„მართალია, ასეთი ტიპის საკითხები ჩვენი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ მე თავიდანვე ვუთხარი ჩემს რუს კოლეგას, რომ ეს თემაა დღეს პირველხარისხოვანი. ითქვა, იმის შესახებ, რომ თუ მოსკოვსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის ეს შეთანხმება გაფორმდება, ეს უარყოფითად იმოქმედებს იმ დიალოგზე, რომელიც ჩვენ ორი წლის წინ წამოვიწყეთ. ჟენევის კონსულტაციებზე იმოქმედებს უარყოფითად. ავუხსენი, რომ თუ ეს ხელშეკრულება გაფორმდება, ის შეფასდება როგორც აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით".
რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში საქართველოს სამოქმედო გეგმასა და 17 ოქტომბერს პარლამენტის მიერ საპასუხო განცხადების მიღების შემდეგ განსახორციელებელ ნაბიჯებზე სასაუბროდ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ორი სხვადასხვა სხდომა მოიწვიეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა 18 ოქტომბერს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გამართა. საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ყველა სამინისტროს დაევალა უახლოეს მომავალში კონკრეტული გეგმა შეიმუშაოს.
გიორგი მარგველაშვილის მოწვევით უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს გაიმართება.
გასული კვირა საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა იმ კუთხითაც, რომ ორი დღის განმავლობაში რამდენიმე მკვლელობა მოხდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორ მაკა წივწივაძეს ყოფილმა ქმარმა რამდენიმეჯერ ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა. მაკა წივწივაძე საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა, რასაც სწრაფადვე მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქცია. უფლებადამცველები აპროტესტებდნენ ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობას. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებენ, რადგან, როგორც გაირკვა, მაკა წივწივაძემ სამართალდამცავებს დახმარებისთვის ორჯერ მიმართა, მაგრამ ისინი მხოლოდ გაფრთხილებითა და ხელწერილით შემოიფარგლნენ. გააპროტესტეს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებაც:
„ყველა მკვლელობას, განსაკუთრებით ასეთ ოჯახურ ტრაგედიებს აქვს მიზეზობრივი კავშირი. ეს არის დასადგენი, ამიტომ ამ საკითხებს სჭირდება უფრო სიღრმისეული კვლევა. ძალიან დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი, შეიძლებოდა თუ არა პრევენცია, რა ფორმით, ვინ იყო პასუხისმგებელი და ა.შ. ბევრი გარემოება იქნება შესასწავლი.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, პირად „კონტროლზე აიყვანოს პოლიციელთა მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის რისკების შეფასების, დაცვისა და დახმარების ღონისძიებების დროული და ეფექტიანი გატარების საკითხი“.
ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის გასაპროტესტებლად 17 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროსთან აქციაც გაიმართა, სადაც ოცამდე ადამიანი შეიკრიბა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, იუსტიციის სამინისტროსთან შეკრების მიზეზი იყო მინისტრ თეა წულუკიანის განცხადება, რომ „ქმრები ცოლებს კლავენ, მაგრამ ამით კრიმინალი არ იზრდება“.