პოლიტოლოგებისა და ექსპერტების განხილვის საგნად იქცა გასული კვირის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 ივლისს ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის საზღვაო დოქტრინის განახლებულ დოკუმენტს. ამ ცვლილებათა მიზეზებად კი ვიცე-პრემიერმა დმიტრი როგოზინმა ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის ფედერაციასთან მიერთება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რუსეთის საზღვრებთან გააქტიურება დაასახელა. რადიო თავისუფლება ესაუბრა პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს, რომლის აზრითაც, რუსეთის ფედერაციის ახალი საზღვაო დოქტრინის დამტკიცება „კუნთების თამაშს“ ჰგავს საგარეო მოხმარებისთვის. რაც შეეხება საშინაო ბაზარს, ის ამ გზით ცდილობს კიდევ ერთხელ დაარწმუნოს საზოგადოება ქვეყნის ძლევამოსილებაში. ამასთან, თორნიკე შარაშენიძის თქმით, მაშინ როცა რუსეთის ჯარები თბილისიდან 40 კილომეტრში დგას, სასაცილო იქნება იმაზე საუბარი, იცვლება თუ არა საქართველოსთვის რაიმე რუსეთის საზღვაო დოქტრინის შეცვლით:
„ერთადერთი, რაც შეიძლება მან გააკეთოს, არის ის, რომ უფრო აგრესიული გახდეს კასპიის ზღვაზე, რომ არ დაუშვას მილსადენების მშენებლობა, როგორიც არის თურქმენულ-აზერბაიჯანული მილსადენი. რაც შეეხება შავ ზღვაზე გააქტიურებას, აქ მას ფლოტი ძლიერი არ ჰყავს და ვერ დააბალანსებს ვერანაირად ნატოს ჯარების ფლოტებს - თურქეთის, ბულგარეთისა და, გარკვეულწილად, რუმინეთისას. და მესამე, ეს ქვეყნები რომ დააბალანსოს, მან განაცხადა, რომ ყირიმში უნდა განათავსოს თვითმფრინავების ბაზა, ანუ ფლოტით კი ვერ აბალანსებს, საჰაერო ძალებით ცდილობს დაბალანსებას. რაც შეეხება კიდევ ერთ მიმართულებას, ატლანტიკაში ფლოტის გაფართოებას, ეს აბსოლუტური სისულელეა, იმიტომ რომ ამის ძალები მას არ გააჩნია. არქტიკაში კიდევ რუსეთი დიდი ხანია ათამაშებს კუნთებს, იმიტომ რომ არქტიკაში, როგორც ამბობენ, ნავთობი და გაზია და ამ ნავთობის და გაზის ნაწილის ხელში ჩაგდებას ეცდება, მაგრამ როგორ უნდა ამოიღოს, როგორ დაამუშაოს, რომ მას ამის ტექნოლოგიები არ გააჩნია, ეს ცალკე პრობლემაა კიდევ“.
საქართველო, ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალებისა და გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის, ასევე, მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი შრომის თვალსაზრისით, ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროა - ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანაა...ანგარიში
რუსეთის საზღვაო დოქტრინის განახლებული დოკუმენტის საპასუხოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე გაცილებით საინტერესოა ის, თუ რა დოკუმენტს მიიღებს დეკემბრის მინისტერიალზე ნატო. ყველა დოკუმენტი, რომელსაც კრემლი გამოსცემს, მსგავსი შინაარსის იქნება, მაგრამ ეს არ არის საქართველოსთვის გამოწვევა. მისი თქმით, საქართველოსთვის გამოწვევაა დოკუმენტები, რომლებსაც ნატო მიიღებს.
გასულ კვირაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრეფიკინგის შესახებ 2015 წლის ანგარიში, სადაც საქართველო შეფასებულია როგორც ქვეყანა, რომელიც, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში საუბარია პროგრესზე, რომელსაც ქვეყანამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიაღწია, დოკუმენტში ხაზგასმულია ის პრობლემებიც, რომლებიც ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა. ანგარიშის მიხედვით,საქართველო კვლავაც ისეთი ქვეყნების გვერდით მოიაზრება, რომლებიც, „მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ აკმაყოფილებენ ტრეფიკინგის აღმოფხვრისათვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს“. აი, რას ვკითხულობთ ანგარიშში: „საქართველო, ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალებისა და გოგონების სექსუალური ექსპლუატაციის, ასევე, მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი შრომის თვალსაზრისით, ადამიანთა ტრეფიკინგის წყაროა - ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანაა“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ტრეფიკინგის რამდენიმე სახეა გამოკვეთილი - მათ შორის: სექსუალური ტრეფიკინგი, შრომითი ექსპლუატაცია და ქუჩაში ბავშვების იძულებითი შრომა-მათხოვრობა. რადიო თავისუფლებამ ამ საკითხზე კომენტარი სთხოვა Worldvision - საქართველოს წარმომადგენლობის ბავშვთა დაცვის, მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერ მაია მგელიაშვილს, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში ნამდვილად დგას ბავშვთა იძულებითი შრომის კუთხით საკანონმდებლო პრობლემა, თუმცა ცვლილებები უკვე დაიწყო:
„არსებობს 2010 წლის ბრძანება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესახებ. ამ ბრძანების ცვლილებაზე მუშაობა დაწყებულია. ეს რეფერირების ბრძანება განსაზღვრავს ბავშვთა მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობას და აწესებს მიმართვიანობის პროცედურებს“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავდა და პარლამენტის მიერ დამტკიცდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, იძულებითი შრომის, შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენისა და რეაგირების მიზნით ამოქმედდება შრომის ინსპექტირების მექანიზმი.
კიდევ ერთი ახალმიღებული კანონმდებლობა იქცა გასულ კვირაში განხილვის თემად. ეს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობაა - კანონმდებლობა, რომლის განხილვაც და შემდეგ დამტკიცებაც, შეიძლება ითქვას, დიდი კამათისა და ვნებათაღელვის ფონზე მიდიოდა. 29 ივლისს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიციამ „თანასწორობისათვის“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2014 წლის მაისიდან 2015 წლის 1 აპრილამდე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების შედეგებს მოიცავს. უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ საქართველოში კვლავაც მწვავედ დგას დისკრიმინაციის პრობლემა და ერთი წლის წინ მიღებულმა კანონმა მას ჯერჯერობით ვერაფერი უშველა.
თუ დისკრიმინაციის ჩამდენი კერძო დაწესებულებაა და ეს განცხადებაშიცაა მითითებული, ხოლო ომბუდსმენი ცდილობს მისგანაც მოიპოვოს ინფორმაცია, კერძო დამსაქმებელი, უბრალოდ, აიგნორებს სახალხო დამცველს და ამაში მას კანონიც ხელს უწყობს, რადგან არ ავალდებულებს ომბუდსმენთან თანამშრომლობას...გიორგი გოცირიძე
აი, მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით,„როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი მიმართვა არსებობს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მიზეზით. განმცხადებლები კი ძირითადად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები არიან, ხოლო დისკრიმინაციისათვის ყველაზე მოწყვლადი ადგილი სამუშაო ადგილია. მისივე თქმით, დისკრიმინაციის შემთხვევების გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის დიდ სურვილს არც კერძო ორგანიზაციები გამოხატავენ. მათ ამ თანამშრომლობას არც კანონი ავალდებულებს. როგორც გიორგი გოცირიძე გვეუბნება, ამ ერთმა წელმაც დაადასტურა, რომ ომბუდსმენის ყველა რეკომენდაცია მათი მხრიდან იგნორირებულია:
„თუ დისკრიმინაციის ჩამდენი კერძო დაწესებულებაა და ეს განცხადებაშიცაა მითითებული, ხოლო ომბუდსმენი ცდილობს მისგანაც მოიპოვოს ინფორმაცია, კერძო დამსაქმებელი, უბრალოდ, აიგნორებს სახალხო დამცველს და ამაში მას კანონიც ხელს უწყობს, რადგან არ ავალდებულებს ომბუდსმენთან თანამშრომლობას“.
დისკრიმინაციის ფაქტზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 95 განცხადებაა შესული. უდიდესი ნაწილი განხილვის პროცესშია. იმისათვის, რომ დისკრიმინაციის გამოვლენის მექანიზმი გახდეს უფრო ეფექტური, დამატებით ბერკეტებს ითხოვს საქართველოს სახალხო დამცველიც, რომელიც ამბობს, რომ განმცხადებელი, დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის შემთხვევაში, არ უნდა დგებოდეს არჩევანის წინაშე, მიმართოს სასამართლოს თუ სახალხო დამცველს - მას უნდა შეეძლოს ორივე მექანიზმის გამოყენება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით 57-ე შეხვედრა გაიმართა 30 ივლისს ერგნეთში. როგორც ჩვენი კოლეგა გორიდან იუწყებოდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა ენუქიძემ „სენსაციური განცხადება“ გააკეთა და თქვა, რომ ერთი წლის წინ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურე რომან შიტიკოვი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის მიღებული აქვს მედალი „მხედრული მამაცობისთვის“, ნაპოვნია, ის თავს კარგად გრძნობს და იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, სადაც დევნილის სტატუსი მიიღო. 30 ივლისის შეხვედრაზე ერგნეთში ქართულმა მხარემ ხურვალეთის, წითელუბნისა და ორჭოსანის მიმართულებით "სასაზღვრო" ბანერების აღმართვისა და მავთულხლართების მონტაჟის პროცესი გააპროტესტა. ქართულმა დელეგაციამ საქართველოს დროშის გადაცემაც მოითხოვა, თუმცა, ოსური მხარის ინფორმაციით, ეს დროშა სისხლის სამართლის საქმეში ნივთმტკიცებად დევს. ცხინვალის პროკურატურამ საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და სახელმწიფო სიმბოლიკის დაზიანების მუხლით აღძრა.
კიდევ ერთი - ამჯერად მესამე - ვეტო გამოიყენა გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. ვეტო კი მან 31 ივლისს დაადო საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ორგანული კანონის პროექტს, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს.
როგორც პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე თქვა, მისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა არგუმენტები იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა შეიცვალოს სწორედ ახლა ისეთი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, როგორიც ეროვნული ბანკია და რატომ უნდა ჩამოერთვას მას საზედამხედველო ფუნქცია:
„მე გადავწყვიტე ამ კანონპროექტს დავადო ვეტო. ამასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციით, ევროკავშირთან კონსულტაციის პროცესში, ჩვენ, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული, შევიმუშავეთ მოტივირებული შენიშვნები და შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენი ვერსიის შედეგად, ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მისი საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების მექანიზმიც“.
თავის მხრივ, ვეტოს დადების არგუმენტირებული მიზეზი ვერ დაინახა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, თამაზ მეჭიაურმა, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტისგან ვერ მოისმინა ვეტოს დადების სასარგებლოდ ვერც ერთი მყარი არგუმენტი და ისიც დაამატა, რომ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთას ასრულებს.
საპარლამენტო უმცირესობაში კი მიიჩნევენ, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, თუ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას გადაწყვეტს, მაშინ მათ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.
გასული კვირის ბოლოს გახდა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა. მისმა დანიშვნამ კი, თავის მხრივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრის წარდგენის აუცილებლობაც გამოიწვია, რადგან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრად სწორედ სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დაასახელა. მის ადგილს კახა კახიშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, დაიკავებს. ახალი მინისტრების დახასიათებისას, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გიორგი მღებრიშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ყოფნისას არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. ის არის ძლიერი მენეჯერი და ზუსტად იცის, რა სჭირდება დღევანდელ ქვეყანას, საზოგადოებას და პოლიციას. რაც შეეხება კახა კახიშვილს, პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება: „გიორგი და კახა არიან ჯგუფელები და კარგი მეგობრები: ისინი არიან თანაავტორები რეფორმებისა. ასე რომ, ორივეს ვუსურვებ წარმატებას და მჯერა, რომ უწყებები, რომლებიც მათ ჩაიბარეს იქნება სამაგალითო“.