შინაგან საქმეთა მინისტრად პრემიერ-მინისტრმა გიორგი მღებრიშვილი დანიშნა. ის მანამდე სასჯელაღსრულების მინისტრი იყო. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრად კი კახა კახიშვილი დაინიშნა. მას ამ უწყების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მთავრობაში საკადრო ცვლილებები განაპირობა ახალი უწყების - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - ხელმძღვანელად ყოფილი შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის დანიშვნამ.
ძალიან წარმატებულ მინისტრად დაახასიათა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გადანაცვლებული გიორგი მღებრიშვილი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალური ცვლილებები განხორციელდა, სტრატეგიულად და შინაარსობრივად მთლიანად შეიცვალა ის და ეს ცვლილებები დაკავშირებულია გიორგი მღებრიშვილთან, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, როგორც კარგი მენეჯერი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობასაც ღირსეულად შეასრულებს:
„სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მთლიანად აღმოიფხვრა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, წამება, სისასტიკე, ასევე ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა სააკაშვილის დროს და ჩვენ სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ სისტემის რეფორმა და ეს სწორედ ბატონი გოგას და მისი გუნდის დამსახურებაა. იგი არის ძლიერი მენეჯერი, კარგად იცნობს სისტემას და კარგად იცის, რა სჭირდება დღევანდელ ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენს პოლიციელებს“.
მან თავი დაიმკვიდრა როგორც ერთ-ერთმა გამორჩეულმა და ობიექტურმა ექსპერტმა. მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება...ირაკლი ღარიბაშვილი
თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა პრემიერ-მინისტრს და სასჯელაღსრულების სამინისტროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა:
„ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირებასთან. რომ მერქვას შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე“.
24-საათიანი მუშაობისთვის მზაობა აღუთქვა სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშნულმა კახა კახიშვილმა პრემიერს და საზოგადოებას:
„მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის ავანსად გაცემული ძალიან დიდი ნდობა ჩემ მიმართ, მაგრამ, ამავდროულად, საზოგადოების წინაშე ვაცხადებ, რომ 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებთ მხოლოდ იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ აუცილებლად უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლების რეალიზება პენიტენციარულ დაწესებულებებში“.
მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა კახა კახიშვილის წარდგენისას აღნიშნა, რომ მას როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო სექტორში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს და, შესაბამისად, მისი მინისტრად დანიშვნა მკაფიო დასტურია იმისა, რომ მინისტრი სამოქალაქო სექტორთან მჭიდროდ ითანამშრომლებს:
„მან თავი დაიმკვიდრა როგორც ერთ-ერთმა გამორჩეულმა და ობიექტურმა ექსპერტმა. მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი ყველასთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება“.
სწორედ სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება იურისტმა ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მისი თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრად გიორგი მღებრიშვილის მუშაობის ერთწლიან პერიოდს დაემთხვა პატიმრობის კოდექსში შესული ცვლილებები, მაგრამ ბევრი ცვლილება ჯერ კიდევ არ აღსრულებულა და დაინტერესებული საზოგადოება ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია. თუმცა, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მთავარი, რაც არ გაკეთებულა, არის საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედება:
„სუიციდის პრევენციის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება. სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხი ასევე მნიშვნელოვანია და როგორ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება, ამას ყველაფერს სჭირდება მონიტორინგი, მაგრამ საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმი ჯერ კიდევ არ არსებობს და ამ თემაზე მინისტრთან უშუალოდ რაიმე ტიპის კონსულტაციები არ ყოფილა. თუმცა პატიმრობის კოდექსში შესული ცვლილება ითვალისწინებს საკონსულტაციო საბჭოს შექმნას და ისინი ამბობდნენ, რომ ამ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში შეიძლება იყოს საუბარი გარკვეული მონიტორინგის მექანიზმზეც“.
ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კახა კახიშვილთან, როცა ის სამოქალაქო სექტორს წარმოადგენდა, თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვს და იმედოვნებს, რომ ის სასჯელაღსრულების სისტემას უფრო ღიას გახდის.
მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს უმნიშვნელოდ მიიჩნევს საპარლამენტო ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიგა ბოკერიას თქმით, ცვლილება არა საზოგადოებრივ, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს შეესაბამება:
„მღებრიშვილის წარდგენა კიდევ ერთხელ გვახსენებს საქართველოს მთავარ პრობლემას. ეს არის სისტემა, სადაც უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ინიშნებიან ივანიშვილის პირადი მარიონეტები, ინიშნებიან სწორედ იმ ნიშნით, რომ ემსახურონ ბიძინა ივანიშვილს და არა ხალხს და კანონს“.
მმართველ კოალიციაში კი ფიქრობენ, რომ მინისტრები მათი კვალიფიკაციის საფუძველზე შეირჩნენ და წარმატებულად გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას.
მინისტრები მოვალეობის შესრულებას ორშაბათიდან შეუდგებიან.