Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველანი - ჯარში!


საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლში შესატანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების შემთხვევები და განისაზღვრა პასუხისმგებლობა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარი მოტყუებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

22 წლის დემეტრე დათიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, სწავლობს პოლიტიკურ მეცნიერებებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურში ერთი წლით გაწვევა რადიკალურად ეწინააღმდეგება მის სამომავლო გეგმებს.

ყველანი - ჯარში!
please wait

No media source currently available

0:00 0:06:20 0:00
გადმოწერა

„ერთი წელი არის სრული ჩავარდნა! ვერაფერი ვერ უნდა გააკეთო, გაწვევის შემთხვევაში უნდა დაკარგო სამსახური და სამომავლო კარიერა თუ გეგმები შესწირო ჯარს. რაც შეეხება ჯარში წასვლას, წავიდოდი მოკლე დროით, რომ რაღაც ელემენტარული ვისწავლო“, უთხრა რადიო თავისუფლებას დემეტრე დათიაშვილმა, რომლის მსგავსად ფიქრობს ათასობით ახალგაზრდა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავი აარიდონ ერთწლიან სავალდებულო სამსახურს. კანონპროექტის ავტორმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა საკანომდებლო ინიციატივის განხილვისას განაცხადა, რომ

პრაქტიკაში გამოვლინდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებენ ავადმყოფობის სიმულაციით, თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით:

ჩემთვის და ჩემი სამომავლო გეგმებისთვის გამოსავალი არის ის, რომ უნდა ჩავაბარო კვლავ უნივერსიტეტში და ამ გზით დავეხსნა კიდევ ოთხი წელი და პარალელურად ამ პერიოდში მინდა მაგისტრატურაში ჩაბარება, კიდევ ორი წელი და, საბოლოოდ, 27 წლისაც შევსრულდები და აღარც მომიწევს ჯარში სამსახური...
დემეტრე დათიაშვილი

„სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როცა წვევამდელები სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით იყენებენ თვითდაზიანებას. წელიწადის განმავლობაში ასეთი 1500-2000 შემთხვევა ფიქსირდება. მისი დადგენა ცოტა რთული საკითხია და, ამ მხრივ, გამწვევ კომისიებს აქვთ მითითება, რომ მეტი ყურადღება გაამახვილონ. ამიტომ ჩემი ეს ინიციატივა არის გაფრთხილება წვევამდელებისთვის, რომ თვითდაზიანების ან ავადმყოფობის სიმულაციის შემთხვევებისთვის, ამ გზით სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის ისინი დაისჯებიან“.

ყოველწლიურად საყოველთაო სავალდებულო გაწვევას 12 ათასამდე ახალგაზრდა ექვემდებარება. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ სამხედრო სამსახური ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და არავის უნდა მიეცეს საშუალება თავი დააღწიოს მას. უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ უნდა შეიქმნას ეფექტიანი მექანიზმი ჯარიდან დახსნის მიზნით შექმნილი რელიგიური ორგანიზაციების გასანეიტრალებლად:

„ყალბი დოკუმენტის შედგენა შეიძლება გამოხატული იყოს რწმენისა და აღმსარებლობის მიზეზით. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მოვახდენთ გამიჯვნას. სამშობლოს დაცვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა და, ვფიქრობ, უნდა ვიპოვოთ ის გამყოფი ხაზი, რათა პატრიოტებს მიეცეთ სამშობლოს დაცვის უფლება, ხოლო მშიშრებს სამშობლოს დაცვისგან თავის არიდების უფლება არ ექნებათ“.

უმრავლესობის დეპუტატმა არ დაასახელა, თუმცა იგულისხმა პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება”, რომელშიც დაარსებიდან სამი თვის განმავლობაში 600-მდე ახალგაზრდა გაწევრიანდა. „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის, კომენტარი:

„ამ სამი თვის განმავლობაში ვინც გამოიყენა ჩვენ მიერ გაცემული დოკუმენტები სამხედრო სამსახურის გადავადებისათვის, ყველა იქნა დაკმაყოფილებული. არც ერთ მღვდელმსახურს არ შეჰქმნია არანაირი პრობლემა. ჩვენ მიერ წარმოებული კამპანია არის საჯარო. ამის შესახებ იცის ყველამ. ეს არის სრულიად ლეგიტიმური და კანონიერი მიზეზი იმისი, რომ ახალგაზრდას გადაუვადდეს სავალდებულო სამსახურში გაწვევა, ვიდრე ის არის ჩვენი რელიგიური ორგანიზაციის წევრი ან სანამ კანონი არ შეიცვლება და მსგავსი გამონაკლისი არ მოეხსნებათ სხვა კონფესიების მღვდელმსახურებს“, უთხრა ვახტანგ მეგრელიშვილმა რადიო თავისუფლებას.

სახალხო დამცველი კი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებას აკლია სათანადო დასაბუთება. ომბუდსმენის აპარატის თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროს თამარ გაბიანის თქმით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ იყო კონკრეტული შემთხვევები მითითებული, თუ რა აფერხებდა წვევამდელების გაწვევას სავალდებულო სამხედრო სამსახურში:

„არ იყო მითითებული, უშლიდა თუ არა ძველი რედაქცია და ქმნიდა თუ არა პრობლემებს გამოძიების პროცესში ან საქმის სასამართლოში განხილვის დროს - ეს ყველაფერი არ არის დაკონკრეტებული. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფორმით სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების პრობლემა არ აღმოიფხვრება და მიაჩნია, რომ რეპრესიული მიდგომის ნაცვლად სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ისეთი ხედვა, რაც მიმზიდველს გახდის სამხედრო სამსახურის გავლას“.

პასუხად საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის სფეროში დაწყებული რეფორმა სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ ჯარი მიმზიდველი გახდეს წვევამდელებისთვის, რისთვისაც მათ ხელფასები გაეზრდებათ და შაბათ-კვირას დასვენების საშუალება მიეცემათ. წვევამდელები ასევე გაივლიან ისეთივე სამხედრო მომზადებას, როგორსაც გადიან კონტრაქტით დაქირავებული სამხედროები, თუმცა, როგორც 22 წლის სტუდენტი დემეტრე დათიაშვილი ამბობს, ამგვარი ცვლილებები რეალურად არაფერს შეცვლის, რადგანაც კვლავ შენარჩუნდება იძულებაზე დამყარებული რეპრესიული სისტემა, ერთ-ერთი გამოსავალი კი კვლავ სწავლის გაგრძელებაა.

„ჩემთვის და ჩემი სამომავლო გეგმებისთვის გამოსავალი არის ის, რომ უნდა ჩავაბარო კვლავ უნივერსიტეტში და ამ გზით დავეხსნა კიდევ ოთხი წელი და პარალელურად ამ პერიოდში მინდა მაგისტრატურაში ჩაბარება, კიდევ ორი წელი და, საბოლოოდ, 27 წლისაც შევსრულდები და აღარც მომიწევს ჯარში სამსახური“, უთხრა დემეტრე დათიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მოქმედი კანონის შესაბამისად, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდება:

ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი; ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა; გ) პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი;

დ) პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს;

ე) ასპირანტი; ვ) პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას; ზ) ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გაათავისუფლოს სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG