Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომლები სასამართლომ სამსახურში აღადგინა


ქუთაისის მერია
ქუთაისის მერია
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომელთა სარჩელების ნაწილი მთლიანად დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივ თვითმმართველობას 5 თანამშრომლის გათავისუფლების ბრძანების გაუქმება, სამსახურში მათი დაუყოვნებლივ აღდგენა და გაცდენილის ანაზღაურება დაევალა. რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულთაგან 3-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ადგილობრივ თვითმმართველობას გადასახედად დაუბრუნდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერიის ყოფილი 2 თანამშრომლის სარჩელი.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ყოფილი სპეციალისტი თეონა ჭეიშვილი ერთ-ერთია, რომლის სარჩელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. თეონა ჭეიშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს და სააპელაციო სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებს.

თეონა ჭეიშვილის ადვოკატის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტის თეო ზაქარაშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დავას სააპელაციო სასამართლოში გააგრძელებენ.

სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებას 2 კვირის ვადაში ელოდება იმედა ხარატიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზაციისა და ზედამხედველობის განყოფილების ყოფილი უფროსი, რომლის სარჩელზეც სასამართლომ სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

მერიამ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე ყოფილი თანამშრომელი სამსახურში უნდა აღადგინოს. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდება, გაასაჩივრებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში.

ქუთაისის მერიიდან ივნისის თვეში რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად 90-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა, მათ შორის, ორი ვიცე-მერი, რომელთა გათავისუფლებას სამსახურებრივი გულგრილობა დაედო საფუძვლად. ყოფილი ვიცე-მერების სარჩელების განსახილველად სასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2 სექტემბერსაა ჩანიშნული.
XS
SM
MD
LG