Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

პრობაციონერთათვის მთავარი პრობლემა დასაქმებაა


ქუთაისი
ქუთაისი
ამნისტირებულ პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობა, თბილისის შემდეგ, რეგიონებიდან ყველაზე მეტი იმერეთშია. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 4 თვის განმავლობაში პირობითი მსჯავრი მოეხსნა, გაუნახევრდა ან შეუმცირდა იმერეთში მცხოვრებ სრულწლოვან და არასრულწლოვან 3 360 ქალსა და მამაკაცს.

ამნისტიის პროექტის ინიცირებისას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარლამენტს მიმართა წინადადებით, სახელმწიფოს შეემუშავებინა პოლიტიკა, რომლითაც ამნისტირებულ პირთა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია მოხდებოდა. ასოციაციის ქუთაისის ოფისის იურისტის გიორგი ჭიქაბერიძის თქმით, ამ დრომდე მას არა აქვს ინფორმაცია, არიან თუ არა სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულნი ან თუ დასაქმდნენ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებსაც პირობითი მსჯავრი შეეფარდათ. გიორგი ჭიქაბერიძე კრიმინოგენური ვითარების გაუარესების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად მიიჩნევს ამნისტირებულ პირთა სხვადასხვა პროგრამებში ჩაბმას.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმის თანახმად, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, მიმდინარე წლის მეორე-მესამე კვარტალში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებითა და ხელშეწყობით, პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და შემდგომი დასაქმებისთვის მათი პროფესიული გადამზადებაა განზრახული. პრობაციონერთა მიმართ სამინისტროს ოფიციალური პოზიცია ცნობილია და მისაღებია უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს “ ქუთაისის რეგიონალური კოორდინატორის თამარ ჭარბაძის თქმით, ამ დრომდე პირობით მსჯავრდებულთა პრობაციის სამსახურთან ურთიერთობა იქ მისვლით და ხელის მოწერით შემოიფარგლება. ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი პრობაციონერებისთვის კი დასაქმება მთავარი პრობლემაა.

თამარ ჭარბაძის აზრით, პრობაციონერთა თითოეული შემთხვევა უფლებადამცველ ორგანიზაციას პრობლემის იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს და ამ პრობლემების მიხედვით შესაძლებელია, საკანონმდებლო ან პრაქტიკულ დონეზე, რეკომენდაციები და წინადადებები მომზადდეს, რაც ამ ადამიანებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ქცევას გაუადვილებს.
XS
SM
MD
LG