საფრანგეთის სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რამუშ ჰარადინაის, ექსტრადიციაზე, რასაც ესწრაფვის სერბია. ექსტრადიციის ნაცვლად, სასამართლომ 27 აპრილს კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც სერბიის პროსახელისუფლო მედიამ „სამარცხვინო გადაწყვეტილება“ უწოდა.
„ამ წუთიდან მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ვიმედოვნებ, რომ შევძლებ კოსოვოში დაბრუნებას“, - განაცხადა რამუშ ჰარადინაიმ საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რასაც კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მრავალი თვის განმავლობაში ელოდა.
„ოთხი თვე დავკარგე ამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გამო. შეიძლებოდა, რომ იგი უფრო სწრაფი და იოლი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უფლებას მაძლევს განვახორციელო ჩემი მოვალეობები, თუმცა ჩემთვის ოთხი თვე მაინც დაკარგულია“, - განაცხადა ჰარადინაიმ, რომელიც სააპელაციო სასამართლოს 27 აპრილის გადაწყვეტილებამდე თავდებით იყო გათავისუფლებული, თუმცა აკრძალული ჰქონდა საფრანგეთის დატოვება.
ჰარადინაის ექსტრადიციას ესწრაფვის სერბია, რომელიც ბრალს სდებს კოსოვოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ომის დანაშაულებათა ჩადენაში. როგორც ცნობილია, ვიდრე პოლიტიკურ კარიერას დაიწყებდა, რამუშ ჰარადინაი პარტიზანთა მეთაური იყო 1998-1999 წლებში კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე ომში.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოსოვოს განთავისუფლების არმიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. რამუშ ჰარადინაის არაფერში არ მიუძღვის დანაშაული და ეს კოსოვოს სამართლიანი ბრძოლის დადასტურებაა...ჰაშიმ ტაჩი
კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ, საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „კარგი ამბავი“, რაც არა მხოლოდ ჰარადინაის, არამედ მთლიანად კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის უდანაშაულობას ამტკიცებს.
„ეს კარგი ამბავია კოსოვოსათვის. სამართალმა იზეიმა, სერბია აქ მხოლოდ სპეკულირებას ეწეოდა. ეს სერბიის მარცხია. სერბიამ კოსოვოში სამხედრო დანაშაულებები ჩაიდინა და ასევე ეთნიკური წმენდა განახორციელა. მათ ჩაიდინეს გენოციდი კოსოვოს მოქალაქეების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოსოვოს განთავისუფლების არმიას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. რამუშ ჰარადინაის არაფერში არ მიუძღვის დანაშაული და ეს კოსოვოს სამართლიანი ბრძოლის დადასტურებაა“, - განაცხადა ჰაშიმ ტაჩიმ, კოსოვოს პრეზიდენტმა.
კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გათავისუფლების გადაწყვეტილებას აღშფოთება მოჰყვა სერბიაში, რომელიც არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ქვეყნის პროსამთავრობო მედიამ საფრანგეთის სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა. რამუშ ჰარადინაის გათავისუფლების შემდეგ, სერბიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა, საგანგებო სხდომაც კი მოიწვია იმ ნაბიჯების განსახილველად, რომლებიც მთავრობამ სამომავლოდ უნდა გადადგას. კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რამუშ ჰარადინაი, იანვრის დასაწყისში დააკავეს საფრანგეთში, რასაც დიდი აღშფოთება მოჰყვა კოსოვოში, სადაც სერბიასთან ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების შეწყვეტაც კი მოითხოვეს.
48 წლის ჰარადინაი წარსულში ორჯერ წარდგა ყოფილი იუგოსლავიის საქმეების შემსწავლელი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე, თუმცა სასამართლომ იგი ორჯერვე გაამართლა.