ექს-ექს-პრემიერ ბ. ივანიშვილის სახით ერთგვარ მისტიკურ ფენომენთან გვაქვს საქმე: ის უჩინარია, მაგრამ ფუნქციონირებს.
ის ვერ ზემოქმედებს სახელმწიფო ინსტიტუციებზე, მაგრამ ზემოქმედებს ადამიანებზე, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუციებს წარმოადგენენ. მაშასადამე, ის ადამიანებზე ზემოქმედების გზით ზემოქმედებს სახელმწიფოზე და რაკი, ასეა, ადამიანებზე ზემოქმედების გზით ზემოქმედებს კონსტიტუციაზეც.
მაგრამ, თუკი ის ვერ მოახერხებს სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენელ ადამიანებზე ზემოქმედებას, შეძლებს კი რაიმეზე ან ვინმეზე ზემოქმედებას კონსტიტუციის მიხედვით?
ცხადია, ვერ შეძლებს, რადგან კონსტიტუციით მას ერთმნიშვნელოვნად არა აქვს ვინმეზე ან რაიმეზე ზემოქმედების უფლება.
პრობლემა (თუკი ეს პრობლემაა) ადამიანია, რომელიც რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუციას წარმოადგენს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და რომელზედაც ის ზემოქმედებს.
საინტერესოა, რაზე ძევს მისი უჩინარი, მაგრამ ფუნქციონალური ძალაუფლება? ანუ რის უფლებას ანიჭებს მას კონსტიტუცია?
შეუძლია თუ არა, მაგალითად, რომ პოლიციას უბრძანოს ვინმეს დაჭერა?
კონსტიტუციის მიხედვით - არა, ცალსახად არ შეუძლია.
შეუძლია თუ არა, რომ სასამართლოს უბრძანოს მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება?
კონსტიტუციის მიხედვით - არა.
შეუძლია თუ არა, საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრძანოს მისთვის სასურველი საგარეო პოლიტიკის წარმართვა?
კონსტიტუციის მიხედვით - არა.
შეუძლია თუ არა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უბრძანოს მისთვის სასურველი სტრატეგიის განხორციელება?
კონსტიტუციის მიხედვით - არა.
შეუძლია თუ არა, რომ ქალაქის მერიას (ან ქალაქის თავებს) უბრძანოს უშუალოდ მისთვის სასურველი პროექტების ხორცშესხმა?
კონსტიტუციის მიხედვით - არა.
შეუძლია თუ არა, რომ ისეთ პრეზიდენტად ყოფნა უბრძანოს პრეზიდენტს, როგორიც მისთვის იქნება მისაღები?
კონსტიტუციის მიხედვით - არა.
შეუძლია თუ არა, რომ ხალხს უბრძანოს, რომ აღარ აირჩიოს თავისი პრეზიდენტი?
კონსტიტუციის მიხედვით - არა.
შეუძლია თუ არა, რომ პარლამენტს უბრძანოს ისეთი კანონების მიღება, რომლებიც მისთვის იქნება ხელსაყრელი?
კონსტიტუციის მიხედვით - არა.
შეუძლია თუ არა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უბრძანოს მისთვის სასურველი მინისტრების დანიშვნა თანამდებობებზე და ან კი მათივე მოხსნა თანამდებობებიდან?
კონსტიტუციის მიხედვით - არა.
შეუძლია თუ არა, რომ ისეთ კონსტიტუციად ქცევა უბრძანოს თავად კონსტიტუციას, როგორი კონსტიტუციის არსებობაც თავად მიაჩნია სასურველად?
კონსტიტუციისვე მიხედვით - არა.
ჰოდა, თუკი ასეა, რაღას ემყარება მისი ძალაუფლება?
სავარაუდოდ, რაღაც ისეთს, რაც, ალბათ, კონსტიტუციის მიღმა არსებობს, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზემოქმედებისთვის, ეს კი, საბოლოოდ, არც ფულია (როგორც შეიძლება ვინმეს ეგონოს) და არც რაიმე სხვა, რაც მატერიალურად იქნებოდა ხელშესახები, რადგან მისი ძალაუფლება ოდენ ფსიქოლოგიური ხასიათისაა.
უჩინრად ფუნქციონალური მმართველი ძალაუფლების ფსიქოლოგიური ფაქტორია და არა კონსტიტუციური, ანუ რეალური.
შესაბამისად, რაკი შეუძლებელია, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდნენ სახელმწიფო ინსტიტუციები (ინსტიტუციებს ფსიქიკა არა აქვთ), სწორედ ის ადამიანები უნდა ჩაითვალონ სახელმწიფოსთვის პრობლემური ფსიქიკის მქონედ, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუციებს წარმოადგენენ და რომლებზედაც ანტიკონსტიტუციური მეთოდებით ცდილობენ ზემოქმედებას. ხოლო ის, რაც ანტიკონსტიტუციურია, იმავდროულად ანტისახელმწიფოებრივიც გახლავთ, ეს კი არა მხოლოდ ფსიქიკისათვის, არამედ, ზოგადად, ქვეყნისთვის არის სახიფათო.
ამიტომ, მეგობრებო, ან მტკიცედ უნდა დაიცვათ თქვენი ინსტიტუციები, ან მიღებაზე ჩაეწეროთ ფსიქოლოგებთან, რადგან ის, რაც თქვენზე ზემოქმედებს, სინამდვილეში, არაფერზე დგას, ილუზიაა...
ყოველ შემთხვევაში, კონსტიტუციის მიხედვით.